ახალქალაქის სერვის ცენტრმა 117 ლითონის სანაგვე ურნა მიიღო და სოფლებში გადანაწილებით არის დაკავებული. ნაგვის ურნების დარიგების შემდეგ სერვის ცენტრი დაიწყებს ნაგვის საფასურის შეგროვებას იმ სოფლებში, რომლებიც სრულად იქნება აღჭურვილი სანაგვე ურნებით.
ნაგვის ურნები ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეიძინეს. ამისთვის 198 666 ლარი გამოიყო. ურნების დიდი ნაწილი უკვე დაურიგდა სოფლებს. ურნები ემატება სოფლებში, სადაც უკმარისობა შეინიშნებოდა, ასევე მონტაჟდება სოფლებში, სადაც საერთოდ არ იყო.
წარმოგიდგენთ სოფლების სიას, სადაც ნაგვის ურნები დამონტაჟდა და დაემატა:
ბეჟანო-12 ურნა, კოთელია-3, ტურცხი-6, იხტილა-8, მერენია-6, ხანდო-3, კუმურდო-3, აბული-7, ბარალეთი-5, ლომატურცხი-3, კორხი-1, თოთხამი-1, ბალხო -3, ბუღაშენი-4, ალათუმანი-3, ორჯა-6, ოკამი-3, დილისკა-8, ჩუნჩხა-4, პტენა-4, სულდა-1, აფნია-2, ღადოლარი-7.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, ზოგიერთ სოფელში ნაგვის ურნების დამონტაჟების შემდეგ ისინი ნაგვის გატანის საფასურის აკრეფას დაიწყებენ. ამჟამად ნაგვის გადასახადი 18 სოფლიდან და ქალაქიდან გროვდება.
ნაგვის გადასახადის შეგროვება დაიწყება სოფელ ბეჟანოდან, იხტილადან, მერენიადან, ლომატურცხიდან, ღადოლარიდან, კუმურდოდან, ორჯადან, ბუღაშენიდან და სხვებიდან.
„სოფელ ზაქში დავამატებთ ნაგვის ურნებს და სააბონენტო გადასახადის შეგროვებას დავიწყებთ. დაახლოებით 15 სოფელი დაემატება იმ სოფლების სიას, რომელთა მოსახლეობაც ნაგვის გადასახადს იხდის. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ყველაფერი ყველა ურნის საბოლოო დამონტაჟების შემდეგ გახდება ცნობილო“, – თქვა მხითარ რსტაკიანმა.
სერვის ცენტრი ამ ეტაპზე ნაგვის შეგროვების გადასახადს 18 სოფელსა და ახალქალაქში აგროვებს. ფიზიკურ პირებზე ტარიფი ერთი ადამიანისთვის 50 თეთრია, თუ ოჯახში ოთხზე მეტი ადამიანია, გადასახადი 2 ლარია, იურიდიული პირები კი 1 კუბ/მ ნაგავზე 25 ლარს იხდიან. სააბონენტო გადასახადს ფიზიკური პირებისგან აგროვებს 18 კონტროლიორი, რომლებიც ხელფასს თანხის 30%-ს ღებულობენ.
რსტაკიანის თქმით, სოფლებიდან ნაგვის გატანა ხდება გრაფიკის მიხედვით – ორ დღეში ერთხელ.