ქალაქ ნინოწმინდისა და მუნიციპალური სოფლების დიდი ხანჩალის, კათნატუსა და ოროჯალარის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების სისტემა შენდება. სამუშაობი მიმდინარეობს. ნინოწმინდის მერიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ წლის ბოლომდე სასმელი წყალი ქალაქის ყველა ქუჩაზე 24 საათის განმავლობაში იქნება.

ქალაქ ნინოწმინდაში სასმელი წყლის პრობლემას დიდი ისტორია აქვს. 90-იანი წლებიდან ქალაქის ზოგიერთ ქუჩასა და კვარტალში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება: ყოველ 4-5 დღეში ერთხელ ან დღეში 2-3 საათით.

ნინოწმინდის მერის თქმით, ქალაქის მცხოვრებთათვის სასმელი წყლის სადღეღამისო რეჟიმი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც წელს მოგვარდება.

„წლის ბოლომდე ქალაქ ნინოწმინდის ყველა მცხოვრებს მუდმივი სასმელი წყალი ექნება. მაგალითად, ერევნის ქუჩაზე, ჩოჩაშენის კვარტალში, წყალი მიეწოდება 4-5 დღეში ერთხელ და რამდენიმე საათის განმავლობაში. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულის სიცხისა და ზამთრის ყინვების დროს. წელს ქალაქის წყლით უზრუნველყოფა იგეგმება, მომავალ წელს კი სოფლებში“, – Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

პროექტის ფარგლებში არდგება მოქმედი და შენდება ახალი ძირითადი ინფრასტრუქტურა. ქალაქ ნინოწმინდაში მაგისტრალური მილსადენი, ქლორატორები და ორი რეზერვუარი აშენდება. სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა სოფლების კათნატუს, დიდი ხანჩალის, ოროჯალარისა და ქალაქ ნინოწმინდის წყალმომარაგების ქსელისთვის აშენდება.

„პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიონი ლარია გამოყოფილი, რის შედეგადაც ქალაქ ნინოწმინდასა და 3 სოფელში 7400 ბენეფიციარს სადღეღამისო წყალმომარაგება ექნება. პროექტის დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება“, – ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

ნინოწმინდის მერი აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში არის ადგილები, სადაც წყალი არ არის. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით და „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილი თანხებით, ზოგიერთ სოფელში წყლის ძველი მილები იცვლება, ზოგში კი ახალი წყალსადენები შენდება.

„სასმელი წყლის პრობლემა ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. ყველაფერს ერთბაშად ვერ ვაკეთებთ, ყოველწლიურად ვცვლით ძველ წყალსადენებს და საჭიროების შემთხვევაში ახლებსაც ვაშენებთ“, – ამბობს ანივარდ მოსოიანი.

ფოტო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ფეისბუქის გვერდიდან