ადგილობრივი და უცხოური საგრანტო პროგრამები უმაღლეს განათლებაში ჯავახეთიდან ახალგაზრდების შესაძლებლობებს აფართოებს. ერთ-ერთი მათგანია სომხური საგანმანათლებლო ფონდის (AEF) უცხოური სტიპენდიების პროგრამა. გოჰარ ასლანიანი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია ახალქალაქიდან, რომელიც 4 წელია ფონდიდან განუწყვეტლივ სტიპენდიას იღებს.
სომხური განათლების ფონდი 1950 წელს ლოს-ანჯელესში სომეხი სტუდენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდასაჭერად დაარსდა.
გოჰარ ასლანიანმა 2017 წელს დაამთავრა ახალქალაქის №2 საჯარო სკოლა და თსსუ-ში ზოგადი მედიცინის მიმართულებით ჩაირიცხა. ფონდის შესახებ მან თანაკურსელებისგან და ნაცნობებისგან შეიტყო და მაშინვე გადაწყვიტა განაცხადის შეტანა.
„როცა გავიგე, დავიწყე ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ფონდი სომეხი სტუდენტების განათლების მიღების დაფინანსებით არის დაკავებული. პროგრამის კოორდინატორთან დავაზუსტე, რა საბუთები იყო საჭირო, შევაგროვე და განცხადება გავგზავნე. ამის შემდეგ დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიძახეს და რაღაც პერიოდის შემდეგ დადებითი შედეგი მივიღე“, – ყვება ის.
2021 წლიდან დღემდე, გოჰარი AEF-ისგან მისი სწავლის საფასურის ტოლ სტიპენდიას ღებულობს. თუმცა, სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სტიპენდიის მიღების გასაგრძელებლად, ყოველი სემესტრის შემდეგ, სტუდენტმა ქულების ინფორმაცია, ასევე შესრულებული მოხალისეობრივი სამუშაოს შესახებ (120 საათი) ფონდს უნდა მიაწოდოს და თუ დააკმაყოფილებს მათ კრიტერიუმებს, გააგრძელებს სტიპენდიის მიღებას.
მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში AEF-ის სტიპენდიანტები ხშირად მიემგზავრებიან სომხეთში, რათა პატარა ბავშვებს სასკოლო ნივთები დაურიგონ.
გოჰარი ყვება, რომ სტიპენდიის არარსებობა გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს.
„სტიპენდია რომ არ მიმეღო, სწავლას მაინც გავაგრძელებდი. მაგრამ პანდემიის გამო გარკვეული ფინანსური სირთულეების წინაშე დავდგებოდი“ – ამბობს ის.
ფინანსური სირთულის გარდა, სტიპენდიამ გოჰარს უბიძგა, შეენარჩუნებინა საჭირო GPI დონე და კიდევ უფრო მეტად ეცადა სწავლა.
„რადგან ერთ-ერთი კრიტერიუმი კარგი შეფასებები იყო, კიდევ უფრო მოტივირებული ვიყავი კარგად მესწავლა. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობის წყალობით შევიძინე ახალი ნაცნობები და მეგობრები სხვადასხვა სფეროდან“, – გვიზიარებს ის.
მისი თქმით, წლიდან წლამდე პროგრამა უფრო პოპულარული ხდება და მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება.
უცხოური დაფინანსების მიმღები სტუდენტები „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფარგლებში უცხოური ინტერესების ხელშემწყობად არ განიხილებიან. თუმცა, ასეთი გრანტებიც უცხოურ დაფინანსებად ითვლება, რომლის გარეშეც შესაძლოა ზოგიერთმა სტუდენტმა სწავლა ვერ გააგრძელოს. ასევე, ასეთი უცხოური დაფინანსების როლი უზარმაზარია როგორც ჯავახეთის პატარა რეგიონის, ისე მთლიანად საქართველოს განვითარებაში.