ბოლო წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანის სფეროში პოზიტიური ცვლილება შეინიშნება. გაიზარდა ნაგვის ურნების რაოდენობა, თითქმის ყველა სოფელში დამონტაჟდა ნაგვის ურნები და ამ მიმართულებით გაიზარდა როგორც ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების, ისე საზოგადოების ყურადღება. თუმცა, ნაგვისა და ნაგვის გატანასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალური რჩება. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა ნარჩენების გატანის, დახარისხებისა და გადამუშავების თაობაზე, ასევე ზოგადი ეკოაზროვნების ნაკლებობა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობენ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრას, მაგრამ ჯერ არ გამოსდით.

გასულ წელს ახალქალაქის მერიამ შეიმუშავა ახალი სტრატეგია და მომდევნო ხუთი წლის გეგმის განხორციელება დაიწყო, რომლის მთავარი მიზანია ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება, ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდა და ნაგვის შეგროვების ინტენსივობის გაზრდა.

ახალქალაქის სერვისცენტრის მონაცემებით, ისინი რეგულარულად ასუფთავებენ ნაგავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან. ქალაქის ქუჩებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე მდებარე ნაგვის ურნებიდან ნაგვის გატანა ყოველდღიურად, ხოლო სოფლებში – კვირაში სამი დღე მიმდინარეობს.

შორეულ სოფლებში და ცუდ გზებში ნაგვის ურნები საერთოდ არ არის, მაგრამ სოფლების დასაწყისში დამონტაჟებულია 5,5 მ³ ტევადობის კონტეინერები, რადგან ასეთ სოფლებში სპეციალური ნაგვის მანქანა ვერ შედის. ამ სოფლებში მოსახლეობა ნარჩენების გატანას დამოუკიდებლად „საკუთარი სახლიდან მოშორებით“ პრინციპით ახორციელებს. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევის მიხედვით ნაგავს სოფლიდან შორს, მთის ფერდობებზე, ხეობებსა და მდინარეებში ყრიან.

ქალაქსა და სოფლებში, რომელსაც სერვისცენტრი ემსახურება, მოსახლეობა ნაგვის საფასურს იხდის, მაგრამ დახარჯულ რესურსებთან შედარებით, მოსახლეობის გადასახდელი თანხა სიმბოლურია. ნაგვის გატანაზე თითოეული ადამიანი 50 თეთრს იხდის, ხოლო თუ ოჯახის წევრების რაოდენობა 4-ზე მეტია, მაშინ ეს თანხა მხოლოდ 4-ს ერიცხება. იურიდიული პირები 1 მ³ საყოფაცხოვრებო ნარჩენზე 25 ლარს იხდიან.

დღეის მდგომარეობით სერვისცენტრში 5 ნაგვის მანქანა ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი ბოლო დროს შეიძინა. ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის თქმით, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ცენტრი 117-მდე ახალ მეტალის ნაგვის ურნას მიიღებს, რომლებიც საჭიროებისამებრ დამონტაჟდება იმ სოფლებში, სადაც ცოტაა ან საერთოდ არ არის. ახალი ლითონის სანაგვე ურნების შესაძენად მუნიციპალიტეტმა 195 000 ლარი დახარჯა.

ახალქალაქში „ნარჩენების მართვის“ ხუთწლიანი გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან მუნიციპალიტეტს ნაგვის დახარისხება და გადასამუშავებლად გაგზავნა უნდა დაეწყო, მაგრამ უსახსრობის გამო მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ნაგვის ურნების გაზრდა შეძლო.

„პირველ წელს 125 ნაგვის ურნა შევიძინეთ, ხოლო წელს კიდევ 120-ს მივიღებთ. ნაგვის დახარისხება გვინდა, მაგრამ ეს ცოტა პრობლემურია, არ ვიცი, რამდენი სპეციალური ნაგვის ურნის ყიდვას შევძლებთ, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დავიწყებთ დახარისხებას. სპეციალური მანქანის პრობლემა გვაქვს, ასევე იმ ადგილას, სადაც ეს ნაგავი უნდა იყოს მიტანილი, ან შეთანხმებით უნდა ვიპოვოთ ვინმე, რომ თვითონ მოვიდეს და წაიღოს, ეს არის მთავარი საკითხი. არის იმედი, რომ მომავალ წელს დავიწყებთ დახარისხებას“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი.

ბუღაშენი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელია. აქ 120 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში არსებული მდინარე გასულ შემოდგომამდე ნაგვით იყო სავსე. საქმე იმაშია, რომ მანამდე სოფელში ნაგვის ურნა არ იყო, ამიტომ ბევრი ადამიანი ნაგავს მდინარეში ყრიდა (არამარტო ბუღაშენის მოსახლეობა, არამედ ზემოთ მდებარე სოფლებიც). დღეს სოფლის ცენტრალურ გზაზე 6 ნაგვის ურნაა.

„ბოლოს მდინარე შემოდგომაზე გაიწმინდა. ნაგავი არ გადაგვიყრია, მდინარის წყალი ზემოდან მოედინება, წყალთან ერთად ყველანაირი ნაგავი მოიტანა“, – Jnews-თან საუბარში თქვა სოფელ ბუღაშენში მცხოვრებმა არფენიკ ბარბარიანმა.

ამჟამად სოფელში ნაგვის გატანით კმაყოფილნი არიან, ამბობენ, რომ ნაგვის მანქანა ბუღაშენში მაქსიმუმ სამ-ოთხ დღეში ერთხელ ჩამოდის. ისინი აღიარებენ, რომ სანამ მდინარის კალაპოტი საფუძვლიანად გაიწმინდებოდა, დამდნარ წყალთან ერთად სხვადასხვა ნაგავი ჩამოდიოდა, ნაგავს თავადაც ყრიდნენ მდინარეში.

„აქამდე არც ისე ბინძური იყო, მაგრამ ამ მდელოებიდან სუნი მოდიოდა. ხომ ხედავთ, ბუნებაში ვართ და უსიამოვნო სუნი არ გვაწუხებს. პირველ რიგში, ახლა ნაგავს მდინარეში არ ვყრით, ხოლო მაშინ ნაგვის ურნა არ გვქონდა, ამიტომ იძულებული ვიყავით მდინარეში გადაგვეყარა, ნაგვის ნახევარი წყალს თან მიჰქონდა, ნახევარი ზედაპირზე რჩებოდა და მზის ქვეშ ლპებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ნაგვის ურნები. სოფელში ახლა სისუფთავეა“, – აღნიშნავს არფენიკი.

იმისათვის, რომ მკითხველმა სრულად გაიგოს სოფელ ბუღაშენში არსებული სიტუაცია, გთავაზობთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

მდინარე ბუღაშენი ნაგავსაყრელად გადაიქცა

სად უნდა გადაყაროს ბუღაშენის მოსახლეობამ ნაგავი?

სოფელი ბეჟანო მგზავრებს ნაგვის გროვით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის დასაწყისში წარმოქმნილი ნაგავსაყრელი დროდადრო იწმინდება, ის არ ქრება. ამ მდგომარეობის მიზეზები განსხვავებულია, რაც სერვისცენტრისა და მოსახლეობის თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება აღმოიფხვრას.

ბეჟანოში აცხადებენ, რომ სოფლის დასაწყისში მდებარე ხელოვნურ ნაგავსაყრელზე ნაგავს არა მარტო მათი მცხოვრებლები, არამედ ბეჟანოს ზემოთ მდებარე სოფლებიც ყრიან.

Jnews-ის ნაგვის შესახებ გამოძიება საინტერესო დიალოგით დაიწყო. ბეჟანოს მკვიდრი დარწმუნებულია, რომ თუ ამ თემაზე საუბარს დაიწყებთ, აუცილებლად კამათი გაჩნდება.

„თავიდანვე მოგვიწევს ერთმანეთთან კამათი, რატომ, რადგან ყოველთვის ვამბობ: ურნები დამონტაჟებულია, ზედმეტი კარტოფილი, გაფუჭებული სტაფილო – თქვენს მინდვრებში გადაყარეთ, რატომ ყრით ნაგვის ურნაში? ნაგვის ურნა ივსება, ადამიანები იწყებენ ნაგვის ურნების გვერდებზე ტომრების დალაგებას, და ასე გროვდება ნაგავი. ჩვენ, მცხოვრებლები, ნაგავს ვყრით, მაგრამ ცოტა უფრო ხშირად რომ მოვიდნენ, ეს არ მოხდება“, – ამბობს სოფელ ბეჟანოს მკვიდრი მამბრე დემურჩიანი.

ბეჟანოს მცხოვრებლებს ესმით, რომ ნაგვის იქ გადაყრით ბუნებას აბინძურებენ, თუმცა ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან ნაგვის გადაყრა სხვაგან არ შეუძლიათ. მთელს სოფელს ამ ორი ნაგვის ურნის იმედი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეჟანოში ნაგვისა და მისი გატანის ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, სამწუხაროა, ზოგიერთი მცხოვრები ნაგავს, ასე ვთქვათ, საკუთარი ინიციატივით ახარისხებს.

„გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ მე, როგორც ამ სოფლის მკვიდრს, უკვე ერთი წელია ნაგავს არ ვყრი, შუშას ვაცალკევებ, შეხედეთ, კარებთან ბოთლების პარკებია, დანარჩენს ვაგროვებ და ვწვავ. ბალახსაც კი აგროვებენ და ნაგვის ურნაში ყრიან, ხალხი ცოტა უცნაურია, ილაპარაკე რამდენიც გინდა, რჩევებს აძლევ, მაინც იგივეს აკეთებენ“, – ამბობს მამბრე დემურჩიანი.

ბეჟანოს უკანონო ნაგავსაყრელი, რომელიც თავად მოსახლეობამ მოაწყო, არც კი ახსოვს, რამდენი ხანია არსებობს. სოფლის დასაწყისში და სოფლამდე არ მისული, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით, ნაგავსაყრელზე ნაგავს მხოლოდ ბეჟანოს მცხოვრებლები არ ყრიან. როგორც სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ეს მოვლენა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „კულტურაა“. ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე ნაგავი ტომრებით მოაქვთ და აქ ტოვებენ. არის შემთხვევები, როცა მეზობელი სოფლებიდან ნაგავს ღამით ისე ყრიან, რომ სხვებმა არ დაინახონ.

„ეს ნაგავსაყრელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა. ჩვენი თხოვნაა ნაგვის ურნების რაოდენობის გაზრდა. ხალხი სირცხვილისგან დუმს, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ ცუდი ადამიანი არ აღმოჩნდეს. მთელ სოფელში მხოლოდ ორი ნაგვის ურნაა. მართალია, არ ვამბობ, რომ მოსახლეობა იდეალურია, მაგრამ თუ ბევრი ნაგვის ურნა იქნება, გზაზე ნაგავსაყრელი აღარ იქნება“, – ამბობს სოფელ ბეჟანოს მკვიდრი სევაკი.
ამის შესახებ Jnews-ს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა შემდეგი უთხრა:

„როგორც კი მივიღებთ ახალ ნაგვის ურნებს, სოფელში მივალთ, ადგილზე გავაკეთბთ გამოთვლებს რამდენი ნაგვის ურნაა საჭირო და დავამატებთ, სოფლის მცხოვრებლებთან ერთად განვსაზღვრავთ რაოდენობას. ახლახან დავასრულეთ ბეჟანოს გზის მოასფალტება, სოფლებში, სადაც ასფალტია, ნაგვის ურნები დამონტაჟდა. გვესმის, რომ ეს საკმაოდ დიდი სოფელია და ორი ნაგვის ურნა პრობლემას ვერ მოაგვარებს“.

Jnews-ი მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ აყენებდა და აგრძელებს ახალქალაქის რაიონის შორეულ სოფელ ბეჟანოში ნაგვის გატანის თემას.

ჩვენს მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ:

სოფელ ბეჟანოსთან ნაგავსაყრელი არ ქრება

ნაგავსაყრელი სოფელ ბეჟანოს შესასვლელთან

ნაგავსაყრელი ბეჟანოს შესასვლელთან არ ქრება

ბოლო დროს სოფელ ხანდოს ნაგავსაყრელი ლიკვიდირებული იქნა, რომელიც სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციატივით და სახსრებით მოაწყვეს. სოფელში შესვლამდე საკმაოდ დიდ ფართობზე ცენტრალური გზის მარჯვნივ ორმო გათხარეს, სადაც ყრიან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენებს.

დღეს სოფელ ხანდოში დგას 22 ნაგვის ურნა თითო 1,1მ³ ტევადობით, ხოლო ნაგავსაყრელის გვერდით, სოფლის შესასვლელთან 5,5მ³ ტევადობის 1 კონტეინერი დგას. 2023 წელს კი 10 ნაგვის ურნა დამონტაჟდა.

„ნახევარ ქუჩებში, გარეუბანში, ნაგვის ურნები არ არის, მხოლოდ შუა სოფლის მთავარ გზებზეა, რა დააშავა გარეუბანში მცხოვრებმა ხალხმა? ნაგვის გატანით კმაყოფილი ვართ, გრაფიკით ასუფთავებენ, კვირაში ორჯერ მოდიან. დაწერეთ, თუ არის შესაძლებლობა, გაზარდონ ნაგვის ურნები“, – ამბობს სოფელ ხანდოს მცხოვრები ა. თოროსიანი.

სერვისცენტრის დირექტორის თქმით, ხანდოში ნაგვის ურნების რაოდენობას გაზრდიან, მაგრამ ბევრით არა, რადგან მერიის ფინანსები შეზღუდულია და ერთ სოფელში 30 ნაგვის ურნას და მეორეში 3-ს ვერ დაამონტაჟებენ.

ასევე წაიკითხეთ:

ხანდოს ნაგავსაყრელი იხურება

ახალქალაქი სოფლების „სავიზიტო ბარათების“ განადგურებას ცდილობს

ზედმეტია იმის თქმა, რომ ჩვენი ქალაქის, სოფლისა და გარემოს სისუფთავის დაცვა მხოლოდ ახალქალაქის მერიის ამოცანა არ არის, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს გარემოს სისუფთავის შენარჩუნებაში. რატომღაც ჩვენს სახლებში იდეალურ სისუფთავეს ვიცავთ, მაგრამ გარეთ გასვლისას ყველგან მხოლოდ ნაგავს ვხედავთ. ადამიანთა აზროვნება უნდა შეიცვალოს, იმ მომენტიდან, როცა თითოეული ჩვენგანი ერთნაირი მზრუნველობითა და თანაგრძნობით მოვექცევით ჩვენს ქალაქსა და სოფელს, მაშინ სისუფთავე გვექნება არა მარტო სახლში, არამედ სოფლებსა და ქალაქში.