როგორ ირჩევენ მომავალ პროფესიას ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და ემზადებიან ზრდასრული ცხოვრებისთვის, რა პირობები არსებობს პროფესიის არჩევაში, რატომ არ არის ხანდახან არჩეული პროფესიები მოთხოვნადი ახალქალაქის შრომის ბაზარზე და სხვადასხვა სფეროებში კადრების დეფიციტთან ერთად რატომ არის მოსახლეობის შრომის დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, ამ საკითხებზე Jnews-ს ესაუბრა აბიტურიენტი სერგეი მანასიანი, ასევე, ექსპერტების სახით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე.

– აბიტურიენტები ყოველთვის არ ირჩევენ პროფესიას, რომლითაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეძლებენ მუშაობას. მაგალითად, ახალქალაქიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად იურისტად და ეკონომისტად, მაგრამ რეგიონს აგრონომების საჭიროება აქვს. თქვენი მაგალითით გვითხარით, რით ხელმძღვანელობენ აბიტურიენტები პროფესიის არჩევისას?

– ფსიქოლოგიურ ფაკულტეტეზე მინდოდა ჩაბარება. მომწონს ეს, ანუ აქ ჩემი უპირატესობებით ვხელმძღვანელობ. რუსულ უნივერსიტეტებს გადავხედე. მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ რუსეთშიც კი ეს პროფესია არც ისე აქტუალურია, თუნდაც შემოსავლის თვალსაზრისით.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტი არ შემოიფარგლება ოთხი წლით, ამის შემდეგ უნდა დაასრულო მაგისტრატურა, შემდეგ პროფესორების ასისტენტი უნდა გახდე, დააკვირდე როგორ მუშაობენ, მიიღო კლიენტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა.

ახლა საბუთები თბილისში მაქვს წარდგენილი. რამდენიმე მიმართულება მივუთითე, არის როგორც კლინიკური ფსიქოლოგია, ასევე სამკურნალო საქმე.

– ამგვარად, უარი არ თქვით იმ სფეროზე, რომელიც მოგწონთ?

– დიახ. უფრო სწორად, ზოგადი ფსიქოლოგია კლინიკურ ფსიქოლოგიაზე შევცვალე. ჩვეულებრივი ფსიქოლოგი უბრალოდ გელაპარაკება, ხოლო კლინიკურ ფსიქოლოგს პაციენტის მკურნალობის უფლება აქვს, მაგრამ ის არ არის ფსიქიატრი, როგორც ბევრს ჰგონია. კლინიკური ფსიქოლოგი უფრო მოთხოვნადია, მას შეუძლია იმუშაოს სასამართლოში, ორგანოებში, დაკავდეს პროფესიული ფსიქოლოგიის პრაქტიკაში.

– რამ განაპირობა ზოგადი ფსიქოლოგიიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაზე გადასვლა? ყურადღება გაამახვილეთ მოთხოვნაზე თუ უბრალოდ ორივე მიმართულება უკეთ შეისწავლეთ და მეტი ინფორმირებულობიდან გამომდინარე აირჩიეთ?

– ორივე. კლინიკური ფსიქოლოგი უფრო მოთხოვნადია და უფრო მომწონს, რადგან ის უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული მედიცინასთან. შევისწავლე ორივე პროფესია, რას წარმოადგენენ, სად შოულობენ ფულს, რას აკეთებს თითოეული მათგანი, და ისე გავაკეთე არჩევანი.

„ახალგაზრდებისთვის ძალიან რთულია პროფესიის არჩევა, რთულია გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი თავის პოვნა. მათ აქვთ მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს თავად პროფესია. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ჩვენც, უნივერსიტეტმაც, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სკოლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ ჩვენი აბიტურიენტები, ჩვენი კვლევის მიხედვით, ირჩევენ იმ პროფესიებს, რომლებიც მათ მშობლებს მოსწონთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“.

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე

„თუ აბიტურიენტი სოფლიდანაა, მაშინ ის, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს აირჩიოს სოფელში არსებული პროფესია. კერძოდ, ეს სკოლაა, ბიჭების შემთხვევაში – ხოფანი და სასწავლებლად არ მიდიან. ძალიან იშვიათად, თუ ბავშვი კარგად სწავლობს და არაფორმალურ განათლებაშია ჩართული, ცდილობს თბილისში წავიდეს, რათა იქ როგორმე მიაღწიოს წარმატებას, ხოლო ისე, ჩემს პრაქტიკაში, ბიჭები ნაკლებად დადიან სასწავლებლად.

ქალაქების შემთხვევაში, ორიენტაციას აკეთებენ ადგილობრივზე, ახლა უფრო მეტად ბიზნესის გახსნას ან ბიზნესის სფეროში სწავლას ცდილობენ, რადგან არავის უნდა ხელფასზე მუშაობა. ბევრს შეიძლება ჰქონდეს საყვარელი პროფესია, მაგრამ ჩვენი სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ვერ ირჩევს. ეს შეიძლება იყოს მზარეული ან მსგავსი რამ, რაც არ არის სტანდარტი ჩვენს ახალქალაქურ რეალობაში.

თუ ადრე პრესტიჟული პროფესიები იყო, იურისტი, ეკონომისტი, ახლა ტენდენცია იცვლება და სტუდენტები სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს“.

 

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე ლოლია რაისიანი

– რატომ გადაიფიქრე რუსეთში ჩარიცხვა და საქართველოში ჩაბარება გადაწყვიტე?

– ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, ჩემი სამშობლოა და მიზიდავს. რუსეთიდან აქ უამრავი ადამიანი დაბრუნდა. სეჩენოვსკის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაგრამ სურვილის გარეშე, აღარ მინდოდა და ვერ ჩავაბარე. გამიხარდა რომ ვერ ჩავაბარე.

– ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება სწავლის შემდეგ? გეგმავთ დაბრუნებას?

– მიყვარს ახალქალაქი, მომწონს აქაურობა. მაგრამ ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ სხვაგან ვიცხოვრებდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც, თბილისს ავირჩევ. მაგრამ ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში ახალქალაქში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ.

– როგორ ფიქრობთ, ახალქალაქში რომ დაბრუნდებით, გახდებით მოთხოვნადი სპეციალისტი? შეგიძლიათ იპოვოთ სამუშაო?

– ვფიქრობ, კი. ახალქალაქში ფსიქოლოგების უკმარისობაა. უბრალოდ, ამის კულტურა აქ არ არსებობს, ადამიანებს არ ესმით, რომ ფსიქოლოგთან მისვლა ნორმალურია. ისინი ვერ განასხვავებენ კლინიკურ ფსიქოლოგს, ზოგად ფსიქოლოგს და ფსიქიატრს. ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგი. დღესდღეობით ისეთი დროა, რომ ფსიქოლოგის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

გვერდიდან ბევრი ამბობს, რაში გჭირდება ფსიქოლოგი. ახალქალაქში თუ ბიჭი მიდის ფსიქოლოგთან, ეს უკვე განხილვის თემაა. ასევე იყო ზეწოლა, რომ ხელფასი დაბალია. ამას ყურადღებას არ ვაქცევ.

„სამწუხაროდ, ახალქალაქის კორპუსში დიდი არჩევანი არ გვაქვს. ახალი სპეციალობები ვცადეთ, ახალქალაქში გავხსენით, მაგრამ მსურველი არ იყო. ამიტომ, ახლა ველოდებით, თუ სხვა სპეციალობების მსურველები იქნებიან, გავხსნით“.

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე

„აბიტურიენტები არ ირჩევენ ისეთ პროფესიას, რაზეც მოთხოვნა გვაქვს, რადგან რისკის ეშინიათ. მაგალითად, ჩვენ არ გვყავს კარგი არქიტექტორები, დიზაინერები, გიდები. ეს ხარვეზი იმიტომ არსებობს, რომ სტუდენტები აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ. მათ სურთ დიდ ქალაქებში დასახლება. სამუშაო, რომელიც სხვაგან ძვირად ფასდება, აქ კოპეკები ღირს. ამ პროფესიებზე მოთხოვნა ვიწროა, ვინც იქ მუშაობს ან რაღაცნაირად დაკავშირებულია. ხოლო აბიტურიენტები ცდილობენ აირჩიონ რაიმე ნეიტრალური, ვიდრე ვიწრო სპეციალობები.

ასევე არ გვყავს ვეტერინარები, სხვადასხვა ექიმები, რომლებიც თვეში ერთხელ ჩამოდიან თბილისიდან საავადმყოფოში, არ არიან ადგილობრივად, არ არიან ექსპერტები, რომელთა მოწვევასაც ტრენინგებზე შევძლებთ, სხვა ქალაქებიდან ვეძახით, აგრონომები არ არიან“.

 

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე ლოლია რაისიანი

ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს არჩევანს?

– სახლში ნორმალურად ექცევიან. მათ ესმით ვინ არის ფსიქოლოგი და რას აკეთებს.

როგორ ირჩევენ თქვენი თანატოლები პროფესიას?

– ბევრ ადამიანთან ეს საკითხი მწვავედ დგას, თუ სად იცხოვრებენ, სად ისწავლიან და ფინანსური საკითხები. ბევრი მიდის არა წელს, არამედ მომავალ წელს. ფინანსების მიღმა ყველას, მათ შორის მეც, გაურკვევლობა გვაქვს. ჩვენ არ ვიცით რა გვინდა ცხოვრებიდან.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რათა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ვინმესთვის იმუშაონ, არამედ იმუშაონ საკუთარი თავისთვის და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში. იმდენი პროგრამაა, რომელთა შესახებ არც კი იციან. მოტივაციაც უნდა არსებობდეს, მაგალითად, ადამიანს უნდა გიდად მუშაობა, ამიტომ ხელისუფლებამ მინიმალურად მაინც უნდა განავითაროს ეს სფერო, რომ მას ჰქონდეს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა, ხოლო თუ არ გვაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურა, როგორ იმუშავებს გიდად? ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმალური იმედი, რომ თუ 5 წლით წავა სასწავლებლად, რომ გიდი გახდეს, მაშინ, როცა დაბრუნდება, შეძლებს მუშაობას“.

 

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე ლოლია რაისიანი

– თქვენი თანატოლები ისე დაწვრილებით შეისწავლიან ინფორმაციას თითოეული პროფესიის შესახებ, როგორც თქვენ?

– არა, ესეც პრობლემაა, საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ფსიქოლოგიის შესახებ ბევრი წიგნი წავიკითხე. ძალიან დამეხმარა.