მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ახალქალაქის მერიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მსგავსი მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნის ვარიანტების პირობა დადო, 2024 წლის ბიუჯეტში ეს მუხლი არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, მერია ამ საკითხის მოგვარებას ჯერ კიდევ გვპირდება, თუმცა როდის და რა გზით, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ევროკავშირის დაფინანსებით, რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. 11 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალქალაქის მედიის წარმომადგენლებთან პროექტების იდეები განიხილა, რომლებიც ამ კონკურსის ფარგლებში შეიძლება იყოს წარმოდგენილი. სხვა იდეებთან ერთად, მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად ავტობუსების შეძენა იყო შემოთავაზებული.
მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ხოპანას (საზღვარგარეთ მუშაობის) სეზონზე, როდესაც მოსახლეობის მამრობითი ნაწილი სამუშაოდ მიდის, ტაქსის მომსახურება კი საკმაოდ ძვირია. მაგალითად, სოფელ კარწახიდან ქალაქ ახალქალაქამდე და საპირისპირო მიმართულებით 30 ლარი ღირს, რაც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც მუდმივად საუბრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პრობლემაზე.
ახალქალაქის მერმა ტრანსპორტის თემაზე გამართულ წინა ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯები ამისთვის თანხებს არ ითვალისწინებს. მერიაში აცხადებენ, რომ დაპირება 2024 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ან გრანტით თანადაფინანსების შესაძლებლობის შედეგად შესრულდება.
მნაცაკან ფამბუხჩიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის, აღნიშნული საკითხი განიხილება.
„ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ავტობუსი, მაგრამ ამ დროისთვის ავტობუსის შეძენა პროექტებით არის შესაძლებელი. თუკი პროექტების კონკურსებში მივიღებთ მონაწილეობას და შევძლებთ ავტობუსის ყიდვას პროექტის საშუალებით, მაშინ ჩვენ არ ვიყიდით ავტობუსს ჩვენით. მაგრამ თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენი სახსრებით ვიყიდით ავტობუსს“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდული ჯგუფის პეტიცია შევიდა. პეტიცია ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შექმნას ეხებოდა.
საკრებულოში დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოიწონეს მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის იდეა. საკრებულოს ბიურომ დაამტკიცა პეტიციის იდეა და დოკუმენტი პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლო გზების შესამუშავებლადმერიას გადაუგზავნა. მერია ამ იდეას გაგებით მიუდგა, მაგრამ მის წინააღმდეგაც ბევრი არგუმენტი გააჩნდა, მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა უგზოობა, სასმელი წყალი და მითუმეტეს, რომ შეუძლებელი იქნება ტრანსპორტირება ერთდროულად ყველა სოფელში, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა, საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი ერთეული ტრანსპორტის შესაძენად 200 000 ლარი გამოყონ და ერთი მარშრუტი გაუშვან, რომ შეხედონ, რამდენად გაამართლებს. თუკი ხაზი არ გაამართლებს ტრანსპორტი სხვა მუნიციპალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ამის შემდეგ Jnews-ი ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული იყო და პერიოდულად ეკითხებოდა მერიას, იქნებოდა თუ არა 2024 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხი შეტანილი, რაზეც დადებით პასუხს ღებულობდა. ამის შემდეგაც Jnews-ი იქნება თანმიმდევრული ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ცხოვრებას ართულებს.