„საზოგადოებრივი ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში ეკრანის უზრუნველყოფა/დამონტაჟებაზე ტენდერი გაიმართა.
ის შპს „ლედმონ სარეკლამო კომპანიამ“ მოიგო, ჯერჯერობით ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადების დღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ლედმონ სარეკლამო კომპანიამ“ თბილისიდან, რომელმაც თავდაპირველად გამოცხადებული თანხა 29 500 ლარი შესთავაზა.
ტენდერში მითითებული მონაცემების მიხედვით, ეკრანს უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები: გარე LED მონიტორი 192 სმ სიმაღლე, 352 სმ სიგრძე, 2 გარე ჩაშენებული დინამიკი, 1 ხმის გამაძლიერებელი, მინიმუმ 2 წლიანი გარანტიით.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოდან ახალქალაქში „საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“ პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ და/ან რეალურად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ზოგადი გაუმჯობესების განვითარებას. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი.
ახალქალაქის მერიაში 4 ინიციატივა შევიდა, საიდანაც კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 2 – „ახალქალაქის განვითარების ინტერაქტიული ბილბორდი“ და „საათი“. როგორც მერიაში განაცხადეს, აღნიშნული პროექტები ფინანსური, სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით აკმაყოფილებდა მოთხოვნილ კრიტერიუმებს.
2023 წლის 3 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში კენჭისყრა გაიმართა. არჩევანი 59-მა მოქალაქემ გააკეთა, რომელთა უმეტესობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომელი იყო. “ინტერაქტიული ბილბორდის” პროექტმა 44 ხმით გაიმარჯვა 10-ის წინააღმდეგ.
Jnews-ი თანმიმდევრულად აკვირდებოდა პროექტის განხორციელების პროცესს. აღვნიშნავთ, რომ ინიციატივის მიზანია არა იმდენად პროექტების განხორციელება, რამდენადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დამყარება და სამოქალაქო მონაწილეობა. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია პროექტის განხორციელების არცერთ ეტაპზე არ მომხდარა. პროექტი თავიდანვე არ გამოცხადებულა ახალქალაქის ვებგვერდზე და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ ქსელებში, ანუ მოქალაქეებს ამის შესახებ ცოდნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. გარდა ამისა, HEKS EPER-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) წარმომადგენლებთან პოტენციური იდეების საჯარო განხილვისას, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა მოსახლეობაში, ამიტომ მას ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.