კარწახში წმინდა ოვანეს კარაპეტის ეკლესიის კარები უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია. ეკლესიას რემონტი ესაჭიროება. კარწახის მოსახლეობა ეკლესიის რემონტისთვის შემოწირულობას აგროვებს, პარალელურად სამუშაოების შესრულებისთვის ნებართვის მისაღებად მიმართეს.
წმინდა ოვანეს კარაპეტის ეკლესია კარწახის ცენტრში მდებარეობს. მაღალი გუმბათითა და ლამაზი არქიტექტურით ის ყველას ყურადღებას იპყრობს. შორიდან თვალში საცემია ეკლესიის კედლებზე ამოსული ველური მცენარეები, ამის მიზეზი – სინესტე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესიის სახურავზე ღია მონაკვეთები არის და წვიმიანი ამინდის დროს წყალი წვეთავს. 2021 წლიდან დღევანდელ დღემდე ეკლესიაში ლოცვა-წირვა არ ჩატარებულა, კარები დროებით დაკეტილია. ეკლესიის სატირალი მდგომარეობის გამო, მთელი მსოფლიოს კარწახელებმა მისი რემონტისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. მათ ერთი სურვილი აქვთ: ეკლესია კვლავ კეთილმოწყობილ მდგომარეობაში ნახონ, სადაც ნათლობებისა და ჯვრისწერის ჩატარებას შეძლებენ.
ეკლესია ბოლოს 2011 წელს კარწახის ქველმოქმედების ფინანსური მხარდაჭერით კაპიტალურად გარემონტდა. ხოლო 2012 წელს საზეიმო გახსნა გაიმართა. თუმცა, სოფლის მოსახლეობის თქმით, არასწორად შესრულებული სამუშაოს მიზეზით წვიმის წყალი ეკლესიის სახურავიდან შიგნით წვეთავს. შედეგად ეკლესია შიგნიდან მთლიანად დაიფარა ობით. ზოგიერთი ხატის გადარჩენაც კი ვერ მოხერხდა, ძირითადი ნაწილი არ იყო დაცული, ხალიჩები ამოიღეს და შეინახეს.
„2020-2021 წლებამდე ტერ ტიგრანი მუდამ ჩამოდიოდა, ლიტურგიას ატარებდა, მნიშვნელოვან დღესასწაულებს აღვნიშნავდით. წმინდა მამა თვეში მინიმუმ ორჯერ ჩამოდიოდა, მას შემდეგ რაც ის წავიდა, ეკლესიის კარები არ გახსნილა. ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა ეკლესიამ იმოქმედოს, ნათლობა, ჯვრისწერა ჩატარდეს. ყველას სოფლის ეკლესიაში სურს ჯვრის დაწერა“,- ამბობს სოფელ კარწახის მცხოვრები.
მოსახლეობამ არაერთხელ სცადა ეკლესიის ნესტისგან გადარჩენა, თანხის შეგროვება დაიწყეს, მაგრამ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა.
„გასულ წელს წვიმები არ იყო, კარგი იყო, ხოლო წელს ძლიერი წვიმები იყო, კედლები ობით დაიფარა და გამწვანდა“,- ამატებს სოფლის მცხოვრები.
სოფელ კარწახის მოსახლეობის თქმით, მათ სომხეთიდან ხელოსნები რამდენჯერმე მოიწვიეს, რათა ენახათ და შეეფასებინათ, რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო ეკლესიის რემონტისთვის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მერის უფლებამოსილი პირის, გაბრიელა კარაპეტიანის, თქმით, მშენებლობისთვის ნებართის მიღების დოკუმენტები შესაბამის ორგანოებში უკვე შეტანილია.
„ნებართვის მიღების განაცხადი შევიტანეთ, ჯერ კიდევ პასუხს ველოდებით. შეგროვებული თანხის შესახებ არ ვიცი“,- თქვა მან.
სოფლის მოსახლეობა შეგროვებულ თანხას არ ასახელებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საკმარისია.
აღვნიშნავთ, რომ კარწახის წმინდა ოვანეს კარაპეტის ეკლესია 2012 წლის 14 ივლისს გადაიკურთხა.
ეკლესია მთლიანად ქვის სახურავით არის დაფარული. სოციალისტური რეჟიმის დროს კარწახის ეკლესია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, 1929 წელს ეკლესია დაიკეტა, ხოლო 1933 წელს საწყობად გადაიქცა. 1992 წელს გადანდგურების პირას იყო, და დაახლოებით 20 წლის შემდეგ აღდგა და კვლავ გაიხსნა. დღეს ეს მოქმედი ეკლესიია, რომელიც XIX საუკუნის 1930-იან წლებში დაარსდა, თუმცა კვლავ დროებით დაკეტილია.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
სოფელ კარწახის წმინდა ოგანეს კარაპეტის ეკლესია კვლავ სინესტეშია
კარწახის მოსახლეობამ სურბ კარაპეტის ეკლესიის აღდგენისათვის ანგარიში გახსნა
ჯავხეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატი წყალში ჩაძირული ეკლესიის გადარჩენისკენ მოუწოდებს
წყალი და ხავსი კარწახის ეკლესიის მუდმივი სტუმრებია