2026 წლისთვის, საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი და გადასატანი სადგური, აშენდეს ნარჩენების გადამამუშავებელი და დაწვის ქარხნები. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის დაწყებიდან 2 წელი გავიდა და ხელშესახები შედეგი არ იგრძნობა, ექსპერტები ამბობენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
2026 წლისთვის საქართველოში ყველა ნაგავსაყრელი და გადასატანი სადგური უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ყველა დასახლებაში უნდა დაინერგოს ნარჩენების შეგროვების ახალი მუნიციპალური სერვისი, ასევე განხორციელდეს ნარჩენების დახარისხება. 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე მუნიციპალიტეტებმაც შეიმუშავეს საკუთარი სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ეფუძნება ეროვნულ სამოქმედო გეგმას. მუნიციპალური გეგმის მიხედვით, ნარჩენების დახარისხება რამდენიმე სოფელსა და ქალაქში უკვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს ჯერ არ კეთდება.
როგორ მიდის საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის განხორციელების პროცესი და მოახერხებენ თუ არა 2026 წლისთვის იმ ყველაფრის განხორციელებას, რაც გეგმით არის გათვალისწინებული, Jnews-ს გარემოს დაცვის სფეროს ექსპერტი ლალი მაჩაიძე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ამჟამად არ არსებობს, თუმცა უახლოეს მომავალში უნდა იყოს. ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს: ხელშეკრულებების გაფორმება, იმ ადგილების შერჩევა, სადაც ეს ქარხნები განთავსდება.
პირველ რიგში, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნები აშენდება თბილისში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, ან ბათუმში, შემდეგ კი რეგიონებში გაიხსნება.
„ამჟამად ჩვენს ქვეყანაში იხსნება დახარისხების პუნქტები. რას ნიშნავს ნაგვის დახარისხება – ეს ნიშნავს იმას, რომ ნაგავი ცალ-ცალკე შეგროვდება, ცალკე გროვდება მინა, ცალკე ქაღალდი, ცალკე პლასტმასი, და მხოლოდ კომპოსტირებადი ნარჩენები გადაიტანება ნაგავსაყრელზე. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ინსინერატორის (ნარჩენების საწვავი ქარხნები) მშენებლობაც არის გათვალისწინებული“, – ამბობს ლალი მაჩაიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, ლალი მაჩაიძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ 2026 წლისთვის სამოქმედო გეგმის აქტივობები ვერ მოასწრებს განხორციელებას.
„დღეს არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელებას ვერ მოასწრებენ, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამოქმედო გეგმა მიღებულია, შესაძლოა რაღაც ბოლომდე ვერ განხორციელდეს და შემდეგი სტრატეგიული გეგმით იქმება გათვალისწინებული“, – თქვა ლალი მაჩაიძემ.
ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო და, როგორც ექსპერტი ამბობს, ამ საკითხში მთელი მთავრობაა ჩართული, რათა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია განხორციელდეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ნარჩენების მართვა მოიცავს შემდეგ ასპექტებს – ნარჩენების შეგროვებას, დროებით შენახვას, წინასწარ დამუშავებას, ტრანსპორტირებას, უტილიზაციას და ჩამარხვას. ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის გარეშე.