სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში უკვე დიდი ხანია როგორც ბუფეტის, ისე საზოგადოებრივი ან სპეციალური სტუდენტური ტრანსპორტის არქონას უჩივიან. სტუდენტებს, განსაკუთრებით სოფლიდან ჩამოსულებს, დისკომფორტი ექმნებათ იმის გამო, რომ დღის განმავლობაში არ აქვთ საკვების მიღების საშუალება, იძულებულნი არიან დიდხანს ელოდონ სოფლის მიკროავტობუსებს, ან ტაქსით იმგზავრონ.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსი ქალაქ ახალქალაქიდან საკმაოდ მოშორებით – რეფერალური საავადმყოფოს ზემოთ მდებარეობს. უნივერსიტეტი ახალქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრშია. შენობამდე ფეხით მისვლა ძალიან რთულია. როგორც ქალაქის, ისე სოფლის სტუდენტები იძულებულნი არიან ისარგებლონ ტრანსპორტით – პირადი ან ტაქსით.
„ტრანსპორტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მუნიციპალიტეტში არ არის სპეციალური ტრანსპორტი, ან არის, მაგრამ დროს არ შეესაბამება. ამიტომ, ვისაც საკუთარი ტრანსპორტი არ აქვს, იძულებულია ისარგებლოს ტაქსით, რაც იაფი არ არის“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული უნივერსიტეტის სტუდენტი.
მისი თქმით, ტაქსში დღეში 25 ლარს იხდის, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ტაქსის საფასურის ოდენობა სწავლის საფასურის თანხას შეადგენს, მეტი თუ არა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის საკითხს მუნიციპალიტეტში მუდამ აყენებენ.
„ახალციხეშიც გვქონდა ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, სოფლები განსხვავებულია. და უნივერსიტეტისთვის ძალიან რთულია რამდენიმე ტრანსპორტის დანიშვნა, და რომელიმე მიმართულების არჩევა. მუნიციპალიტეტებს ყოველთვის ვეუბნებოდით, რადგან სტუდენტური ქალაქია, უნდა გატარდეს გარკვეული ზომები. ძალიან მიხარია, რომ ახალციხეში უკვე გვაქვს შეღავათები, ისინი ნაწილს იხდიან. ეს არის ძალიან კარგი მაგალითია, ამ საკითხს ახალქალაქის მერიასთანაც წამოვაყენებთ“, – აღნიშნა მან.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დიდი ხანია სტუდენტებს უხერხულობას უქმნის, არის ბუფეტის არარსებობა.
„ბუფეტი აუცილებელია, რადგან მეცადინეობები ძალიან ადრე იწყება და გვიან მთავრდება, მახლობლად მაღაზიაც კი არ არის, რომლითაც სარგებლობას შევძლებთ“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სტუდენტი.
პრობლემა ყველაზე მეტად სოფლის სტუდენტებს ეხება, რადგან ისინი მიკროავტობუსებს ელოდებიან და ძალიან დიდ დროს ატარებენ უნივერსიტეტში.
„ბუფეტი თუ იქნება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, შესვენების დროს შეგვიძლია წავიდეთ, ყავა დავლიოთ, შევჭამოთ რამე. მაგრამ სოფლიდან ჩამოსულებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, მეცადინეობების შემდეგ ტრანსპორტს ელოდებიან“, – წერს კიდევ ერთი სტუდენტი ქალაქ ახალქალაქიდან.
ბუფეტთან დაკავშირებით რექტორმა მაკა ბერიძემ აღნიშნა:
„მოგეხსენებათ, ახალქალაქში მეოთხე კორპუსის რესტავრაცია ჩატარდა. იქ პირველ სართულზე უკვე გამოყოფილია ადგილი ბუფეტისთვის, უკვე ვიყიდეთ მაგიდები, სკამები, ტექნიკა, ველოდებით მხოლოდ ავტორიზაციას – პროცესი, როდესაც სპეციალური კომისია ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, ტექნიკური პარამეტრებიდან დაწყებული პროგრამით დამთავრებული. უნდა გავიაროთ ავტორიზაცია, რომ შევიდეთ ამ შენობაში და დავიწყოთ სწავლა“, – კომენტარი გააკეთა მაკა ბერიძემ.
რექტორის თქმით, შენობით სარგებლობას მომავალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გეგმავენ.