სტუდია „მონიტორის” გამგეობის თავმჯდომარე ნინო ზურიაშვილი, ამავე მედიასაშუალების რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დირექტორი ნათია კუპრაშვილი მათ მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართეს, შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე საქმე აღძრა.
ნათია კუპრაშვილის თქმით, ისინი პოლიციას 9 მაისს მიმართეს და როცა დაინახეს, რომ პოლიცია ამ საქმის გამოძიებით არ იყო დაინტერესებული, დაუკავშირდნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე მედია ომბუდსმენს. ორშაბათს, 13 მაისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნათია კუპრაშვილი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დაკითხა, რის შემდეგაც საქმე აღძრა.
„არგუმენტები მომყავდა, რატომ უნდა დაეწყოთ გამოძიება. ვუთხარი, რომ ქართული ნომრებიდან მირეკავენ, თან ყოველდღე, ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი თანამშრომლების ნომრები იპოვეს, დედას ურეკავენ, ჩემს შვილებს ემუქრებიან. ამის შემდეგ მითხრეს, რომ გამოძიებას დაუწყებენ. იმავე დღეს აიღეს ჩვენება“, – თქვა ნათია კუპრაშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ სატელეფონო ზარების საშუალებით ჟურნალისტებზე ზეწოლის პროცესი სამთავრობო უწყებების დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა.
„არგუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს სამთავრობო უწყებების დახმარების გარეშე, ეს არის მუქარის ზარების მასშტაბი, ეს არის ზარების ინტენსივობა, ჩემს შემთხვევაში ეს არის ძალიან პირადი ინფორმაცია, არ არის ღია, მათ არ შეუძლიათ იცოდნენ მაგალითად, რამდენი შვილი ჰყავს ჩემს ძმას, რამდენი შვილი მყავს მე და რას ვეძახით სახლში დედას და ა.შ.“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი.
ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჟურნალისტმა, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება, განცხადება გააკეთოს და გაერთიანდეს.
ის ყოველდღე იღებს მუქარის ზარებს, მაგრამ არ პასუხობს ამ ზარებს.
ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც სოციალურ ქსელებში ბევრი ღიად საუბრობს მუქარაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება განცხადებების შეტანის გარეშე უნდა დაეწყო.