ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობასთან ერთად სოფლებში მეცხოველეობასაც ეწევიან. მეცხოველეები უკვე ერთი წელია რძის დაბალ ფასს უჩივიან და შიშობენ, რომ მეცხოველეობაც არ იქნება მომგებიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში გასულ კვირას მოსახლეობა ჩიოდა, რომ თვენახევარია სოფელში ხორცის მყიდველი არ ჩასულა.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეცხოველეები რძის დაბალ ფასს უჩივიან. გასულ გაზაფხულზე, როდესაც რძის პროდუქტების მწარმოებლებმა რძეზე ფასი მაშინვე შეამცირეს, ზოგიერთ სოფელში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად რძის გაყიდვა შეწყვიტა. თუმცა, მერე ისევ დაიწყეს გაყიდვა, რადგან ნახეს, რომ მხოლოდ ისინი დაზარალდნენ. თავის მხრივ, მწარმოებლებმა არა მხოლოდ შეამცირეს რძის შესყიდვის ფასი, არამედ შეამცირეს შესყიდვის მოცულობაც, იმის მტკიცებით, რომ ყველი არ იყიდება, ამიტომ მათ წარმოების მოცულობაც შეამცირეს. ფერმერები კი აცხადებენ, რომ ყველის მწარმოებლებმა დაიწყეს რძის ფხვნილის გამოყენება, რაც იაფი უჯდებათ.
„რძეს იაფად ვყიდით, ლიტრს 1 ლარად, მალე უფრო გაიაფდება. იტანჯები და არაფერი, არანაირი მოგება. ჩვენთან დილიფადან ყველის მწარმოებლები ყიდულობენ. ოთხი ძროხა მყავს, მეუბნებიან, თუ არ გინდა, ნუ გაყიდოო, ძვირად ყიდვა არ გვაწყობს, ყველი თბილისში გაიაფდა“, – ამბობს სულდას მცხოვრები ილიჩ პეტროსიანი.
ის იძულებული იყო გაეყიდა ძროხები, მხოლოდ ოთხი დაიტოვა. ის დღეში 30 ლიტრ რძეს წველის.
სულდას მცხოვრებლების თქმით, მათთვის წამგებიანი გახდა არა მხოლოდ მიწათმოქმედება, არამედ მეცხოველეობაც. რძე გაიაფდა, ხალხმა ხორცის ყიდვა შეწყვიტა.
„2 ლიტრი რძე უნდა გავყიდო, რომ ნახევარი ლიტრი „ბორჯომი“ ვიყიდო. ჩვენი მთავარი მყიდველები მარნეულელები არიან, მაგრამ თვენახევარია არ მოსულან, ამბობენ „წითელი ხიდი“ დაკეტილია, აზერბაიჯანი არ უშვებს იმპორტს“, – ამბობს ლერნიკ ნაჩარიანი.
მას ჰყავს 5 ძროხა და რძეს 1 ლარად ყიდის.
„რძის გაყიდვის ფასი ძლივს ფარავს პირუტყვის საკვებს. 7 ძროხა მყავს, რძის ფასიც დაეცა და მყიდველები არ არიან. ჩვენს საქონელს მარნეულელები ყიდულობდნენ, ჩვენთან საქართველოს სხვა ადგილებიდან არ ჩამოდიან, ადგილობრივი ბაზარი პატარაა, რიგში უნდა დადგე, 10 დღეში ერთხელ უწევს რიგი. ერთი ძროხა წელიწადში 100 ტუკ თივას მოიხმარს, კიდევ 150 ლარს ვუხდით მწყემსს. მხოლოდ ჩვენი ტანჯვა რჩება“, – ამბობს გარიკ მუსიკიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მეზობელი მეცხოველეობის სოფლები დადეში და კარწახი ხორცის მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. სოფელი სულდა ამ სოფლების შუაგულში მდებარეობს.
სოფელ კარწახიდან გრიგორ ასლანიანი ამბობს, რომ მათი სოფელი მყიდველების ნაკლებობას არ გრძნობს.
„ჩვენთან მარნეულიდან მოდიან და კარგად ყიდულობენ, ორი დღის წინ გვესტუმრნენ, გასაყიდი არ მაქვს, მაგრამ გავიგე, კარგ ფასში ყიდულობენ. 12 ლარი კგ ცოცხალი წონა, რძეს 1.20 თეთრად (1 ლიტრი) ყიდულობენ“, – ამბობს გრიგორ ასლანიანი.
სოფელ დადეშიდან ედო თუმასიანი ამბობს, რომ მათ სოფელშიც იყიდება ხორცი.
„ჩვენთან მარნეულის მანქანები ყოველ დღე მოდიან, საკმაოდ ძვირად ყიდულობენ, 12 ლარად, მდედრებსაც კი ყიდულობენ და თანაც კარგ ფასში“, – ამბობს ედო თუმასიანი სოფელ დადეშიდან.