ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 10 სხვადასხვა ფართობის საძოვრის იჯარიდან წელიწადში 49334,5 ლარს ღებულობს. საძოვრების იჯარა ელექტონული აუქციონის საშუალებით ტარდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საძოვრების უკმარისობის პრობლემა არსებობს. JNEWS-მა გადაწყვიტა გაეგო მუნიციპალიტეტი ვის, რამდენ და რა ფასად აძლევს საძოვრებს იჯარით.
მერიიდან ჩვენს მოთხოვნაზე მიღებული პასუხის თანახმად, ახალქაალქის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სოფლებში 10 ნაკვეთი გადასცა იჯარით, რომელთა საერთო ფართობი 2724 ჰა-ს შეადგენს და ამისთვის წელიწადში 49334,5 ლარს ღებულობს.
იჯარით გაცემული საძოვრები შემდეგ ადგილებში მდებარეობს:
– სოფელ იხტილაში – 100 ჰა, წელიწადში იჯარის თანხა 2000 ლარი
– სოფელ ტურცხში – 150 ჰა, იჯარის თანხა წელიწადში 3000 ლარი
– სოფელ ბურნაშეთში – 80 ჰა, თანხა – 1600 ლარი
– სოფელ ბურნაშეთში – 101 ჰა, თანხა- 2020 ლარი
– საძოვარი აბული-სამსარის ქედზე – 400 ჰა – 2020 ლარი
– სხვა საძოვარი აბული-სამსარის ქედზე – 750 ჰა, წლიური გადასახადი 15 000 ლარი
– საძოვარი აბული-სამსარის ქედზე – 190 ჰა, წლიური გადასახადი 3800 ლარი
– საძოვარი აბული-სამსარის ქედზე – 400 ჰა, წლიური გადასახადი შეადგენს 8000 ლარს
– საძოვარი აბული-სამსარის ქედზე – 550 ჰა, გადასახადი 11 100 ლარი
– სოფელ ჩამდურაში – 3 ჰა- 794,5 ლარი
აღნიშნული საძოვრების იჯარის ვადა 2025-2026 წლებში მთავრდება, სოფელ ჩამდურას საძოვრის გარდა, რომელიც იჯარით გადაცემულია 2067 წლამდე.
მუნიციპალიტეტს საძოვრების ტერიტორიები აუქციონზე გააქვს საწყისი ღირებულებით, რომელიც 1 ჰა-ზე 20 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ფერმერების თქმით, უმეტეს შემთხვევაში საძოვრების დამქირავებლები ადგილობრივები არ არიან, თუმცა ამის დაზუსტება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ.