დღეს, 15 აპრილს, დილით, 10:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა გაშალეს ბანერები წარწერით: „არა რუსულ კანონს!“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

როგორც Jnews-ის კორესპონდენტი იუწყება, დილით ადგილზე უფრო მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, ვიდრე აქციის მონაწილე, მოგვიანებით მათ სპეცრაზმიც შეუერთდა.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება! „რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! დიახ – ევროპას! არა – რუსეთის კანონს!“ – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ ეს კანონპროექტი მიიღება, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლა დაიწყება.

akcia_1

პროტესტის აქციას თანდათან შეუერთდნენ სტუდენტებიც. რომელთა მოსვლასთან ერთად აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა.

აქციას საქართველოში სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტთან ერთად განიხილება ორი ალტერნატიული პროექტი. ერთი არის პროექტი „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ და ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, მეორე არის მომზადებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილები.

კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ასევე პარლამენტის წინ საღამოს 19:00 საათზე გაიმართება.

akcia_2

„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. მისი შინაარსი გასულ წელს ინიცირებული და პროტესტის აქციის შედეგად „ჩავარდნილი“ პროექტის ანალოგიურია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“ ითვალისწინებს ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია საშუალებების უცხოური ხელისუფლების ინტერესების მატარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის გარკვეული ნაწილი, კერძოდ 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან მიიღება. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც განიხილება „უცხო ძალის ინტერესების ხელშემწყობ ორგანიზაციად“, საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების მონაცემთა ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლის ასახვა. ამასთან, ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ყოველწლიურად შეავსონ ფინანსური დეკლარაცია.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ისინი ინიცირებულია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის, პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ განსაზღვრავს ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის აგენტის სიძლიერეს ოკუპანტი-ქვეყნის გავლენას და, ქვეყანა-ოკუპანტის ინტერესებიდან გამომდინარე, და მის სასარგებლოდ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ქვეყნებში ცსრულფასოვანი ინტეგრაციის თავიდან ასაცილებლად.

„გრანტების შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ კანონებში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, რომლებიც „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, გრანტის ნებისმიერი მიმღები დაფინანსებული როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთ მოეთხოვება საქმიანობის წლიური ანგარიში შესაბამის ორგანოში საანგარიშო წლის დასრულებამდე სამი თვით ადრე წარდგენა. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული ყოველი გრანტის შესახებ, გრანტის მიზნის, მოცულობის და გრანტის ხელშეკრულებაში განსაზღვრული სხვა ძირითადი მოთხოვნების ჩათვლით.