არა გიულბეკიანი, ახალქალაქის აშუღთა სკოლის ყოფილი მოსწავლე, ამჟამად ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით საერთაშორისო სცენებს იპყრობს. რამდენიმე ოცნება აისრულა, მაგრამ ოცნებას აღარ წყვეტს და მისი ერთ-ერთი მიზანია დიდი სცენის დაპყრობა და ჯავახეთის ახალგაზრდობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დახმარება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანიდან არა გიულბეკიანმა UNESCO-ს საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციის „საუკეთესო 2024“ ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის კატეგორიაში „ხალხური სიმღერა“ პირველი ადგილი დაიკავა, სადაც საიათ-ნოვას სიმღერების ციკლი შეასრულა. მოსწავლის წარმატების შესახებ ინფორმაცია ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
21 წლის არა გიულბეკიანმა მუსიკალური კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო, როცა დედამ და ბებიამ, როგორც არა ხუმრობს, ძალით წაიყვანეს სიმღერის გაკვეთილებზე. სიცილით იხსენებს, ახალქალაქის კულტურის სახლის კიბეებზე ფეხს როგორ ითრევდა, რომ გაკვეთილებზე არ წაეყვანათ. ახლა ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს წლები მისი პროფესიული განვითარებისთვის. არამ პირველი ნაბიჯები ახალქალაქის კულტურის სახლის აშუღების სკოლაში დაიწყო, მასწავლებელ აშუღ ალიკ ჯავახქთან ერთად და სიმღერის გარდა, ვაჩიანში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდა საცეკვაო წრეებს და იყო ანსამბლ „ვაჩიანის“ ერთ-ერთი მონაწილე, ახლა კი ჯგუფის სოლისტია.
წლების შემდეგ არამ კონსერვატორიაში ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას სხვადასხვა სირთულეების გადალახვა მოუწია. მის გარშემო ბევრმა თქვა, რომ სჯობდა პროფესია აეთვისებინა, ვიდრე მომღერლობაზე ეოცნება, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ფულის შოვნის სხვა გზები უნდა ეძია, მაგრამ არას ოჯახმა ამ საკითხში მხარი დაუჭირა და მოუწოდა თავის ოცნებას მიჰყვეს: 2022 წელს ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა, გამოცდების გამორჩეულად მაღალი შედეგები აჩვენა და ახლა უფასო სისტემით იღებს განათლებას.
„ღმერთმა მაჩუქა სიმღერის ნიჭი, და ვიფიქრე უბრალოდ არ მქონდა უფლება დამეთმო ჩემი ოცნება. სტერეოტიპების მიუხედავად მკაფიო ნაბიჯები გადავდგი მუსიკაში ჩემი ადგილის მოსაპოვებლად“.
არამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონკურსებში, ბოლო, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი გმირის ცხოვრებაში, იყო UNESCO-ს საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსი “საუკეთესო 2024”, სადაც “ხალხური სიმღერის” კატეგორიაში 1 ადგილი დაიკავა.
„ჩემი საცეკვაო ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ნასლეტ ქეიანმა მირჩია კონკურსში მონაწილეობა. შეჯიბრებამდე 10 დღე მქონდა, რაც ასეთ პირობებში ძალიან მოკლე დრო იყო და ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პირველი ადგილის დაკავება შემეძლო.
გამარჯვებული მონაწილეების ვინაობას რომ აცხადებდნენ, ყოველ ჯერზე მიხაროდა, როცა სხვადასხვა ადგილას სხვა სახელებს აცხადებდნენ და იმედი მემატებოდა, რომ პირველ ადგილზე ჩემი სახელი გამოცხადდებოდა. ასეც მოხდა, ენით აღუწერელი შეგრძნებები დამეუფლა, იმ მომენტში ვიგრძენი ჩემი შრომის შედეგი და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ შემეძლო“.
პირველი, ვინც ჯილდოს მიღებისთანავე დაურეკა, დედა იყო, რადგან სწორედ მისი მხარდაჭერის წყალობით შეძლო ასეთი შედეგის მიღწევა.
„ბევრჯერ მსმენია ხალხისგან, რომ მომღერალი რომ გახდე ან გაიმარჯვო, საჭიროა კავშირები, მაგრამ ახლა თამამად და თავდაჯერებულად შემიძლია ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ასეთი შედეგისთვის საჭიროა მხოლოდ შენი ოცნების გჯეროდეს და იმუშაო, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნო და არავისგან ელოდო დახმარებას.”
სკოლის დამთავრების შემდეგ ის დიდი სცენის დაპყრობაზე და მრავალი გამარჯვების მოპოვებაზე ოცნებობს. მას ასევე სურს თავისი როლი შეასრულოს თავისი რეგიონის მუსიკალურ განვითარებაში.
JNEWS-ის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდა არა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ ან ეშინიათ სიძნელეების მომღერლობის გზაზე, მან გვიპასუხა:
„ყველას, ვინც სიმღერის ნიჭს გრძნობს, ვურჩევ, აუცილებლად გამოიყენოს ის, რადგან ღმერთი ყველას არ აძლევს ამ საჩუქარს, არ შეგეშინდეთ სირთულეების და არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ არ გამოგივათ.მე მჯერა, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ადამიანი ან მადლობას უხდის საკუთარ თავს, რომ მიჰყვება ოცნებებს, ან არ აპატიებს თავს, რომ დანებდა და არ არის დაკავებული იმით, რაც ნამდვილად მოსწონს“.
არა მის განვითარებაში უდიდეს როლს ოჯახს ანიჭებს, რომელიც ირწმუნება, რომ გამარჯვების ზარი კიდევ უფრო მეტი და მეტი იქნება.
ის ასევე მადლობას უხდის სოფელში ეთნოგრაფიული ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ნასლეტ ქეიანას, რომლის რჩევითა და დაჟინებით მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და გაიმარჯვა. ის ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქველმოქმედ ლიოვა მანუკიანს, რომელმაც კარგად მიიღო, გაამხნევა და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა მის და სოფლის სხვა მონაწილეების მიმართ, ასევე მის მასწავლებელს არზას ვოსკანიანს მუსიკალური განათლების მინიჭებისთვის.