ახალქალაქში ქსელური ტაქსის-სერვისის მოსვლასთან ერთად შეიცვალა ტაქსის ბაზარი.
ახალქალაქში სხვადასხვა დროს არსებობდა ტაქსის სერვისები, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაიკეტა. ადრე ტაქსის-სერვისები შეკვეთებს გამოძახებით იღებდნენ, იანვარში კი ახალქალაქში გაიხსნა დიდი ტაქსის-სერვისის ფილიალი, რომელიც აპლიკაციის საშუალებით მუშაობს.
ახალქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია ტაქსის-სერვისში მომუშავე ტაქსის მძღოლების თავშეყრის ადგილად იქცა. Jnews-ი მათ ესაუბრა, რათა გაერკვია, რა მდგომარეობაა ახალქალაქის ტაქსის ბაზართან დაკავშირებით.
„თავიდან ხალხი არ გვიცნობდა, მათთვის უჩვეულო იყო, მოთხოვნა ცოტა იყო, მაგრამ ხალხმა სცადა, გაერკვია, რა იყო, ახლა მოთხოვნა კარგია, რადგან ხალხმა დაინახა, რომ სერვისი უკეთ მუშაობს“, – ყვება ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.
ტაქსის-სერვისის თანამშრომლების თქმით, მათ დღეში საშუალოდ 50 კლიენტი ჰყავთ, როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლებიდან. ადრე ისინი კერძო ტაქსისტების უჩვეულო მზერას ამჩნევდნენ, ახლა კი ნაკლებია. კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ტაქსის სერვისის გამოჩენასთან ერთად, ისინი აღნიშნავენ:
„ფასები შეიცვალა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს უფრო სასიამოვნო და მოსახერხებელი გახდა მომხმარებლისთვის. მოხერხებულობა იგრძნობა ფასშიც, სისწრაფეშიც, ასევე პირადი მძღოლის წინასწარი შეკვეთის ფუნქციაში“, – აღნიშნავენ ახალი ტაქსის სერვისის მძღოლები ერთმანეთის მიყოლებით.
კულტურის სახლის მოპირდაპირე ტერიტორია მათ „ბუდედ“ თავად „შექმნეს“ და იქ იკრიბებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მალე საკუთარი ოფისი ექნებათ.
ძველი კერძო ტაქსის მძღოლები ცოტა უფრო მოშორებით, სურბ ხაჩის ეკლესიის მოპირდაპირედ „ბუდობენ“. ისინი არ ეთანხმებიან, რომ ახალი ტაქსის სერვისი უფრო მოსახერხებელია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე კერძო ტაქსები.
„მაგალითად, ჩემმა მეგობრებმა ტაქსის სერვისით ისარგებლეს და ეს მათ ბევრად ძვირი დაუჯდათ, ვიდრე ჩვენთან დაუჯდებოდათ. ისინი ლოდინში ფულს იღებენ, ხოლო გრძელ მგზავრობებზე ჩვენ ველოდებით და ვაბრუნებთ ხალხს გადაჭარბებული ფასების გარეშე“, – კომენტარს აკეთებს ახალქალაქის ერთ-ერთი კერძო ტაქსის მძღოლი.
მისივე თქმით, ახალი სერვისის მოსვლასთან ერთად ტაქსის ბაზარში ვითარება არ შეცვლილა.
„თქვენ იცით, როგორ არის ჩვენს ქალაქში, რაღაც ახალი ჩნდება. კლიენტი რაღაც მომენტში გადადის ახალ სერვისზე, მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ მათი ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვენი. მაგალითად, თბილისში წალკის გავლით 200 ლარს მოგთხოვენ, თუ ლოდინი დაგჭირდებათ 300-350-ს მოგთხოვენ. მაგრამ მე თუკი საავადმყოფოში მიმყავს, ცოტას ველოდები და უკან მომყავს, მაქსიმუმ 15-20 ლარით მეტს ვართმევ”.
მისი თქმით, დღეში 5-10 კლიენტი ჰყავს.
მაშინ, როცა ტაქსის მძღოლების სხვადასხვა ბანაკი ერთმანეთს უპირისპირდება, ახალქალაქის რიგითი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ტაქსის სერვისით სარგებლობა მათთვის გაცილებით მოსახერხებელი გახდა.
„ადრე 2-3 ნაცნობი მძღოლისთვის უნდა დამერეკა და იმედი მქონოდა, რომ თავისუფალნი იქნებოდნენ, მაგრამ თუ ყველა დაკავებული იყო, ვერ მივდიოდი. ასევე ისინი გვიან საათებში, 7-ის მერე, არ მუშაობენ. ახლა კი ნებისმიერ დროს შევდივარ აპლიკაციაში, ვიძახებ ტაქსს და ის მოდის.”