ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, მერიის წინაშე მოხსენებული არაკომერციული ორგანიზაციების მოსმენების ფარგლებში, საბავშვო ბაღების ასოციაციის საქმიანობა, პრობლემები და მიღწევები მოისმინეს, ასევე ინდივიდუალურად საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს მოუსმინეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 17 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 3 ქალაქში მდებარეობს, დანარჩენი სოფლებში. 17-დან ორი, სოფელ კოთელიასა და ხანდოს საბავშვო ბაღები, ალტერნატიულია და მუშაობენ ნახევარი დღე და კვების გარეშე.
ასოციაციის დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა ისაუბრა საბავშვო ბაღების ასოციაციის მუშაობაზე, ხოლო ასოციაციის ფსიქოლოგმა და მეთოდოლოგმა მათი მუშაობის შესახებ ისაუბრეს.
ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაცია უკვე 55 ბაღის აღმზრდელს აქვს გავლილი, ხოლო 40-ს არა. საბავშვო ბაღების შენობებმაც უნდა გაიარონ ავტორიზაცია.
„ავტორიზაციის პროცესში დავინახეთ, რომ არის ბევრი რამ, რაც არ ვიცოდით, ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, ახალი კანონები, ვცდილობთ ყველაფერს ეტაპობრივად მივაღწიოთ. შეფასება მაისში დაიწყება. ექსპერტები შეაფასებენ რა შეიცვალა“, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
განიხილეს სოფლებში საბავშვო ბაღების აშენების საკითხიც, თქვეს, რომ თითქმის ყველა სოფელს სურს სოფელში ბაღის არსებობა, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ ბავშვები იმ სოფლებიდან, სადაც სკოლამდელი დაწესებულებები არ არის, გადაჰყავთ იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღი არის, ან ქალაქამდე. ტრანსპორტირების ხარჯებს მუნიციპალიტეტი ფარავს.
„ჩვენ გვინდა, რომ 20 აგვისტომდე ყველა ბავშვი მივიღოთ, რომ სექტემბერში ვიცოდეთ რამდენი ბავშვი გვყავს, მაგრამ ყველას ვერ მივიღებთ, მერე იწყება ზარები, ვიღაც ვიღაცის ნათესავია და მთელი წელი ვიღებთ ბავშვებს. ყოველთვიურად ბავშვების რაოდენობა იცვლება, ვიღებთ და ვუშვებთ“.
ანაიდა ასატურიანმა თქვა, მათ სომხურ ენაზე საბავშვო წიგნების უკმარისობა ჰქონდათ, თუმცა დახმარება საქართველოში სომხეთის ელჩისგან მიიღეს. ასოციაციის დირექტორის თქმით, წიგნების უკმარისობის საკითხი ბოლომდე არ მოგვარებულა, მაგრამ საკმარისად დაეხმარნენ.
საბავშვო ბაღებში შშმ ბავშვებიც სწავლობენ, ისინი ყველა ბაღში არ არიან, მაგრამ ასეთი ბავშვები არიან. მათთან მუშაობენ სპეციალური მასწავლებლები. ასოციაციას ჰყავს მეთოდოლოგი და ფსიქოლოგი, რომლებიც ხშირად სტუმრობენ საბავშვო ბაღებს და მასწავლებლებს კონსულტაციას უწევენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ შშმ ბავშვებთან.
დეპუტატებმა ურჩიეს ტრენინგები ჩატარება, მეთოდოლოგის და ფსიქოლოგის რეკომენდაციები ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, რაც დაზოგავს დროსაც და სახსრებსაც.
საბავშვო ბაღების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დეპუტატები ცალ-ცალკე შეხვდნენ 14 საბავშვო ბაღის დირექტორს.
აღვნიშნავთ რამდენიმე პრობლემას, რომელიც საბავშვო ბაღების დირექტორებმა დეპუტატებთან შეხვედრებზე წამოჭრეს.
მაგალითად, სოფელ ბარალეთის საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, მათ სჭირდებათ შენობის კეთილმოწყობა და მთავარი შესასვლელის შეცვლა. სოფელ ჩუნჩხაში, საბავშვო ბაღის სველ წერტილს აქვს პრობლემა.
სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღში, დირექტორის თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი ჭურჭლის სარეცხო ნაწილი სამზარეულოსგან განცალკევებული იქნებოდა, ეს პრობლემა სოფელ აზავრეთის საბავშვო ბაღშიც არის. სოფელ კოჩიოს ასევე სურდა ბავშვების დასაძინებელი ადგილი. სოფელ დილისკას საბავშვო ბაღის შენობა გაფართოებას საჭიროებს.
სოფელ სულდას საბავშვო ბაღში წყლის პრობლემაა, მათ ასევე ბაღის გზის კეთილმოწყობა ესაჭიროებათ.