14 წლის განმავლობაში „1+4“ პროექტის ფარგლებში ბევრმა არაქართულენოვანმა ახალგაზრდამ ჩააბარა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სასურველ სპეციალობაზე. ასევე სკოლებში სახელმწიფო ენის ხარისხის გასაუმჯობესებლად უამრავი პროექტი არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯავახეთში ქართული ენის ცოდნის დონე წლებია დაბალია.
ამის შესახებ ასევე ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2019-2021 წლებში საქართველოში საჯარო განათლების მართვის მოდელის შემოწმების შედეგებს ეფუძნება. ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ ფილოლოგიის დოქტორ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტაგოგ ჟანნა ხაჩატირიანთან.
– ბევრი ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების დონის ასამაღლებლად, მაგრამ წლებმა აჩვენა, რომ ენის არცოდნის პრობლემა ისევ აქტუალურია. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?
– ჯერ სკოლიდან დავიწყოთ, ძირითადი პრობლემა სკოლაშია. საუბარს დავიწყებ მასწავლებლების პროფესიონალიზმზე, მათ არასწორად შერჩეულ სწავლების მეთოდებზე და არასწორად გამოყენებულ მეთოდებზე. მეთოდს უნდა გააჩნდეს ცალსახად ჩამოყალიბებული მიზანი, გრამატიკული თუ ლექსიკური მიზნის მისაღწევად უნდა დაიგეგმოს სავარჭიშოები, როგორი მეთოდი სჭირდება ამას განხორციელებას და მოსწავლებამდე მიტანას. ყველაზე მთავარი ისევ რჩება მოტივაცია, დაბალი მოტივაცია. ეს არის ჩემი აზრი, როგორც ამდენი წლის, ამ სფეროში მომუშავე ადამიანს. პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, და გეტყვით, რომ 15 წლის წინანდელი ახალქალაქი და სწავლის შედეგი და სწავლის დონე იგივე არ დარჩა, ასე არ არის ნამდვილად, ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ნაბიჯები იდგმება ძალიან ნელი ტემპით, მიუხედავად ამმხელა რესურსს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იხარჯება. არის კიდევ ერთი ფაქტორი. დიდი დრო დაიხარჯა პეტაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პეტაგოგებს დაავიწყდათ მოსწავლეები, ამაზე შეიძლება ღიად არ საუბრობენ, მაგრამ მე მინდა ღიად ვთქვა, დაივიწყეს მოსწავლეები და თავიანთი ენერგია და ყურადღება გაამახვილეს თავიანთი სტატუსის ამაღლებაზე. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა ერთ წელიწადში, მერე იგივე მოხდა მეორე წელს, მესამე, ფაქტობრივად 10 წელიწადზე მეტია ამ პროცესში ვართ და ვინც სკოლის გარემო კარგად იცნობს, არ ეუცხოება ჩემი ნათქვამი. და ეს შეაჩერა განათლების დონე.
– რა არის დაბალი მოტივაციის მიზეზი?
– მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ვიხარჯები ბოლომდე, ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ არ გვაქვს ის შედეგი, რაც უნდა გვქონდეს. რატომ? პირველი არის საკომუნიკაციო გარემო, ანუ ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ქართული ენა ამ საზოგადოებაში, ანუ ქართულ ენას ისევ სასწავლო სივრცეში სჭირდებათ, მოაქვთ დავალება დავალებისთვის, და არა პრაქტიკულად განსახორციელებლად. ფაქტობრივად ქართულად სალაპარაკო გარემო არ აქვთ, ეს არანაკლებ სერიოზული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ვერ სწავლობენ. ჟვანიაში სამი თვე ნასწავლი ქართული, აქ რომ უკვე იწყებენ საუბარს, რამდენიმე თვის შემდეგ, რომ ამ ბავშვებს შევხდებით და დაბრუნდებიან აუდიტორიაში, აღარ იციან, ნასწავლი დავიწყებულია. ჩემი ნასწავლი, რომელსაც ვიცი, რომ რა მხელა ენერგია და დრო დავახარჯე, ეს არის სოციუმიდან გამომდინარე, პრაქტიკაში არ იყენებნ, არ არის საჭიროება, ვერ ხედავენ ადამიანები ამისთვის მოტივაციას, თუ სჭირდებოდეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ღოველდღღიურად ჩაიხედოს ლექსიკონში და რამდენიმე ფრაზა ისწავლოს და გამოიყენოს სოციუმში. ესაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამგვარად, შემიძლია ჩამოვთვალო მრავალი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვერ ვაღწევთ იმ მიზანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გვაქვს დასახული. და ისევ სახელმწიფო ენის სწავლება სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება.
– „1+4“ პროექტზე რას იტყვით, რადგან იქ ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც უნივერსიტეტები დაამთავრეს, მაგრამ ენას სრულყოფილად არ ფლობენ?
– ბევრი ექსპერტის მოსაზრება წავიკითხე „1+4“ პროექტის შესახებ. რა თქმა უნდა, მე ცალსახად მივესალმები ამ პროექტს, პროგრამა არის გამართლებული, იმიტომ, რომ ეს არაქართველებისთვის, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის იყო ერთ-ერთი გასაღები იმისა, რომ ამ ახალგაზრდებმა არ დატოვონ სახელმწიფო, არ გამხდარიყვნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რადგან ვიცით, რომ უმრავლესობა მიდიოდა სომხეთში ან რუსეთში. ახლა ნახეთ რაშია პრობლემა, როცა უნივერსიტეტში პროექტით აბარებენ, აქ ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე საუბრობენ ქართულად. არიან ისეთები, ვინც ქართული ენის შესწავლას ნულიდან იწყებენ, ვიღაცამ მეტ-ნაკლებად კარგად იცის და ვიღაცავ ძალიან სუსტად იცის. და ეს ერთი წელი აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სტუდენტმა პირველ კურსზე უკვე ქართულად ისწავლოს, მაგალითად, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მათემატიკის სწავლა განაგრძოს. მე-3 და მე-4 კურსზე გვყვანა სტუდენტები, რომლებიც ქართულად ორ წინადადებას ვერ აწყობენ, ბრუნდებიან ჟვანიას სკოლაში სალაპარაკო ქართულის სასწავლად. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ადამიანები პროცენტულად ცოტაა. თუმცა აქ ჩნდება მეორე საკითხი, მაგალითად, თუ შევეხებით სტუდენტებს, რომლებიც თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობენ. იქაც, აქედან წასული ბავშვები არ ტოვებენ სოციალურ წრეს, ისევ სომხებთან ერთად არიან აუდიტორიაში და ქართულად მხოლოდ ლექტორებთან ურთიერთობენ და კომუნიკაცია ისევ ქართული არ აქვთ, რაც ისევ ხელშემშლელი ფაქტორია.
– რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო?
– მიმაჩნია, რომ ზოგადი უნარების ტესტირებასთან ერთად უნდა შემოწმდეს ჩამბარებელეი ბავშვების სახელმწიფო ენის ცოდნის დონე და ბავშვები ენის ცოდნის მიხედვით ჯგუფებად გადანაწილდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ხარჯები მოჰყვება. შეუძლებელია სხვადასხვა დონის ცოდნის მქონე ბავშვებისთვის ქართული ენის ერთ ადგილას სწავლა, რათა შემდეგ ოთხი წელი ბაკალავრიატის პროგრამით ისწავლონ. ეს მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ვერ იძლევენ, დრო არ აქვთ, ერთი წელი მინიმუმია, ვერ ასწრებენ, და სკოლიდანაც კი არ მოდიან მომზადებული. და ასე გადადიან კურსიდან კურსზე მინიმალური ქულებით და ბოლოს საკმაოდ ცუდ შედეგს ვიღებთ.
– როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენი წელი იქნება აუცილებელი „1+4“ პროექტის განხორციელება?
-ძალიან შორს ვართ, იმისათვის, რომ ბავშვმა ის პროგრამა, რომელსაც ქართველი დაძლევს, განსაკუთრებით ქართული ენის გამოცდაზე მაქვს საუბარი, ჩააბარონ. მთლიანად პროგრამა მოიცავს ენას და ლიტერატურას სრულიად, ძალიან გართულებული პროგამით, რომელსაც მთელი 12 წლის განმავლობაში ქართულ სკოლებში ბავშვები სწავლობენ, ვფიქრობ, რომ ძალიან გაჭიდება ეს საკითხი, უნდა გაძლიერდეს პროგრამა სკოლებში, ჩვენ მატრო ენას ვასწავლით, ეროვნულ გამოცდებში მოითხოვება ლიტერატურის ჩაბარება, მათ მოითხოვებათ ესე, მსჯელობა და ძალიან ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება. ვერ შეძლებს სომხურ და რუსულ სკოლა დამთავრებული ბავშვი ეროვნული გამოცდები ჩააბაროს ქართულად. აუცილებელია სკოლებში პროგრამების გაძლიერება და მიდგომის შეცვლა. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ბევრი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ბავშვებმა უნივერსიტეტებში „1+4“ პროექტის გარეშე ჩააბარონ. ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის ზოგადი ტესტების საფუძველზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში „1+4“ პროგრამით მიიღეს:
2010 წელს: 247 სტუდენტი
2011 წელს: 430 სტუდენტი
2012 წელს: 589 სტუდენტი
2013 წელს: 890 სტუდენტი
2014 წელს: 673 სტუდენტი
2015 წელს: 741 სტუდენტი
2016 წელს: 960 სტუდენტი
2017 წელს: 1047 სტუდენტი
2018 წელს: 1231 სტუდენტი
2019 წელს: 1335 სტუდენტი
2020 წელს: 1191 სტუდენტი
2021 წელს: 1332 სტუდენტი
2022 წელს: 1386 სტუდენტი
2023 წლის მონაცემები ახლდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო ენის ცოდნის მინიმალურ ზღვარს.
სახელმწიფო სახსრების არაეფექტური გამოყენების მაგალითია ქართული ენის გამოცდების შედეგები, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა 2018 წელს ჩააბარეს.
მოსწავლეთა 78%-მა ვერ გადალახა წერის მინიმალური ბარიერი, 57%-მა და 69,6%-მა კითხვა-მეტყველების და თითქმის 48%-მა ვერ შეძლო მოსმენის ტესტების გადალახვა.
სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ მოქმედი დაფინანსების მოდელი არ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების შედეგების შეფასებას. მეტიც, მთავრობა არაქართულენოვანი სექტორის საჭიროებების დასადგენად კვლევას არ ატარებს.
აუდიტის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია ეთნიკური უმცირესობების ოჯახების ბავშვებისთვის (სკოლების მთლიანი რაოდენობის 14%), რაც მოსწავლეთა რაოდენობის პროპორციულია. ეს არის 52,000 ან საერთო რაოდენობის 10%.