ლილით კარახანიანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაშინვე დაიწყო მუშაობა ბილინგვური განათლების მასწავლებლად.მან მოახერხა საყვარელი საქმის შერწყმა საყვარელ ჰობისთან. ის სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მისი მუშაობის შედეგებს უკვე ხედავს.

ლილითმა ახალქალაქის №1 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ სწავლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, მასწავლებლის პროფესია აირჩია. ახლა №4 სკოლაში 2-4 კლასებში „სახვითი ხელოვნების“ საგანში ბილინგვური განათლების მასწავლებლად მუშაობს.

„მე-7 კლასამდე ქართული ენა საერთოდ არ ვიცოდი, მერე შემიყვარდა ჩემი მასწავლებელი და ენა, უფრო ღრმად დაინტერესება და სწავლა დავიწყე. ასევე თვითსწავლებით ვიყავი დაკავებული. ბევრი რამით ვიყავი დაკავებული მეცადინეობების გარდა. მე-10 კლასში უკვე ნორმალურად ვლაპარაკობდი, და მაშინ გადავწყვიტე ქართული ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში, ვურთიერთობდი ქართველებთან, რაც ძალიან დამეხმარა ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში“, – ყვება ლილითი.

ორენოვანი საგანმანათლებლო პროექტის შესახებ რომ გაიგო, ჩვენმა გმირმა ვაკანსიის განაცხადი ნახა და ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. მან მასწავლებლობის განაცხადი შეიტანა, როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სკოლაში.

„პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე უნდა გამეგზავნა CV, მეორე ეტაპზე იყო გასაუბრება, მესამე ეტაპზე კი მათ მიერ დაგეგმილი კურსები უნდა გაგვევლო, გამოცდა ჩაგვებარებინა და შემდეგ შედეგების შესახებ მიგვეღო ინფორმაცია“.

1

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ლილითმა გაიგო, რომ მან გაიარა როგორც საბავშვო ბაღი, ასევე სკოლაში, მაგრამ აირჩია სკოლა.

თავიდან ფიქრობდა, რომ რთული იქნებოდა, რადგან დაწყებითი კლასები იყო.

„როცა მუშაობა დავიწყე, თავიდან ძალიან რთული იყო, ახალი გარემო და ბევრი მოსწავლე. ნელ-ნელა შევეჩვიე და ახლა გაადვილდა როგორც „სახვითი ხელოვნების“, ასევე ენის სწავლება. ბავშვებიც შეეჩვივნენ, ამიტომ გაადვილდა და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ შედეგებს ვხედავ. ადრე ვერ მპასუხობდნენ, ახლა ქართულად მპასუხობენ, ხანდახან მავიწყდება, კლასში რომ შევდივარ სომხურად ვესალმები, ქართულად მპასუხობენ“, – ამატებს ის.

ლილითი აღნიშნავს, რომ მან და მთავარმა მასწავლებელმა უკვე შეადგინეს გაკვეთილის ჩატარების სია, რის შედეგადაც პრობლემები და უთანხმოება არ წარმოქმნილა.

სანამ ქართული ენის მასწავლებელი გახდებოდა, ოცნებობდა სტილისტი გამხდარიყო ან ხელოვანის პროფესია აერჩია. ახლა ის ღიმილით აღნიშნავს, რომ მან მისი ორი საყვარელი ჰობის სამუშაოსთან შეთავსება შეძლო.

„ძალიან მიყვარდა ხელოვნება და როგორც ჩანს, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო პროფესია ჩემს საყვარელ ჰობისთან შემეთავსებინა. ამიტომ, მინდა ჩავაბარო ორი გამოცდა: ქართული ენის მასწავლებლის და „სახვითი ხელოვნების“ საგანში, რათა მომავალში „სახვითი ხელოვნების“ საგანში გავაგრძელო მუშაობა.

ბევრჯერ უფიქრია პროფესიის შეცვლაზე, უნივერსიტეტის დატოვებაზე, მაგრამ ეს ეტაპი დაძლია იმით, რომ საკუთარ თავს ეკითხებოდა, შეძლებდა თუ არა ბავშვებთან მუშაობას. და როდესაც მუშაობა დაიწყო და ბავშვების სიყვარული და პატივისცემა მიიღო, დარწმუნდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

ლილით კარახანიანი ფლობს ოთხ ენას: სომხურს, ქართულს, რუსულს, სალაპარაკო ინგლისურს და გარკვეულწილად კორეულს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მაშინვე ვერ იპოვა სამსახური. ის პერიოდი რთული იყო, რამდენიმე ადგილას მიმართა, მაგრამ უარი მიიღო, ან სამუშაო ადგილი თბილისში იყო, არ დანებდა, განაგრძო ბრძოლა და საბოლოოდ, საყვარელი სამუშაო იპოვა.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლილითი პოულობს დროს კორეული ფილმებისა და სერიალების საყურებლად. მას ძალიან მოსწონს კორეული მუსიკა და ამბობს, რომ კორეული ჯგუფის BTS სიმღერები ძალას აძლევს.

ის კორეაში მოგზაურობაზე ოცნებობს, რათა მათ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს გაეცნოს.

ლილითს მიაჩნია, რომ ახალგაზრდების სურვილის შემთხვევაში, ახალქალაქში სხვადასხვა პროექტებსა და ტრენინგებში მონაწილეობით ცოდნის განვითარებას შეძლებენ. ის ახალგაზრდებს ურჩევს, კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას, არ დანებდნენ, ყოველთვის ახალი გზები ეძებონ და რაც მთავარია, თვითგანათლებით დაკავდნენ.