შენობის დაკარგვის მუდმივი საფრთხე, მინიმალური პერსონალი, მაუწყებლობის ტექნიკური შესაძლებლობების პრობლემა, მიზერული ფინანსები… ასეთ პრობლემებს ახალქალაქის ტელევიზია ATV12 ყოველდღიურად ებრძვის.
21 მარტს, საქართველო ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს, მრავალი რეგიონული ტელევიზია გადარჩენისათვის იბრძვის, რომლებიც მრავალი პრობლემის წინაშე დგანან. ახალქალაქის ტელევიზია ATV-12 2001 წელს დაარსდა. ტელეარხის შექმნას მაშინ „Internews საქართველო“ დაეხმარა. თუკი თავიდან ტელეკომპანია ვითარდებოდა, დონორები ეხმარებოდნენ დაფინანსებაში, შემდეგ თანდათან დონორებისგან რეგიონული მედიის დაფინანსება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და საბოლოოდ შეჩერდა. ტელევიზია ამ დროისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და წელიწადში 45 000 ლარს იღებს. ტელევიზია განთავსებულია ერთ-ერთ მუნიციპალურ შენობაში, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს იძულებულნი იქნებიან დატოვონ, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ამ შენობის დანგრევას აპირებს.
„სპეციალისტებთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, კვალიფიციურ ჟურნალისტებს ვერ ვპოულობთ. ჩვენი შენობა არ გვაქვს, შენობის დანგრევას აპირებენ და ჯერ არ ვიცით სად წავალთ, ადრე დონორები გვაფინანსებდნენ, მაგრამ დიდი ხანია დაფინანსება არ მიგვიღია და საკუთარი შემოსავალიც ცოტა გვაქვს, დანახარჯებს ვერ ვფარავთ. ძალიან ცოტა ფულით ვმუშაობთ“, – ამბობს ATV-12-ის დირექტორი ვალიკ ქტოიანი.
ტელევიზიაში 7 ადამიანი მუშაობს, სულ ორი ჟურნალისტი, ტელევიზია კვალიფიციურ ჟურნალისტებს ვერ პოულობს. ATV12 დღეში ერთ საინფორმაციო ბლოკს აქვეყნებს. სატელევიზიო მასალების უმეტესობას Youtube-ზე უყურებენ, საქართველოში მაუწყებლობის დიგიტალიზაციის შემდეგ ადგილობრივებს არხის მიღება სახლის ანძის საშუალებით შეუძლიათ, რომელსაც ძირითადად არ იყენებენ. ვალიკ ქტოიანის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით უყურებენ არხს.