ახალქალაქის სამხრეთ ნაწილში, №5 საჯარო სკოლის (ყოფილი ინტერნატი) ყოფილ საერთო საცხოვრებელთან, სამრეცხაოსა და სასადილოსთან შენდება ახალი საბავშვო ბაღი. შენდება 75 ბავშვზე გათვლილი ტიპიური საბავშვო ბაღი.
დღესდღეობით შენობის საძირკველი მზად არის, არმატურების დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მენეჯერის თვარაძე ნუგზარის თქმით, შენობის პირველი სართულის ბეტონის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
ახალი საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება. მის მშენებლობაზე 1 821 822 ლარი გამოიყო, სამშენებლო ტენდერი შპს „აი-ქეი-ბი ბილდიმ“ 1 657 000 ლარის ოდენობით მოიგო. კონტრაქტი ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრამდე. კონტრაქტი 2023 წლის 09 ივნისს გაფორმდა.
თვარაძე ნუგზარის თქმით, მშენებლობის დროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა.
„მასალა გვაქვს, მიწოდებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. მომუშავეები ადგილოვრივები არიან, ჩუნჩხადან და ქალაქიდან 8 კაცი მუშაობს, ამჟამად საკმარისია, მერე გავზრდით მომუშავეებს. ვმუშაობთ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ხელშეკრულებაში წერია“, – თქვა მან.
საბავშვო ბაღის შენობა 75 ბავშვზე გათვლილი ტიპიური ერთსართულიანი იქნება. შენობის საერთო ფართი 960 კვ/მ-ზე ოდნავ მეტია. შენობას შესასვლელი ოთხივე მხრიდან ექნება. შენობის ირგვლივ დიდი მოედანი იქნება.
სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.