ორი წელია, რაც საქართველოში მართვის მოწმობის აღების პრაქტიკულ გამოცდას დაემატა „რეალურ პირობებში მართვის“ ნაწილი, ანუ ქალაქში. ახალქალაქში ამ გამოცდის ჩაბარება ვერ ხერხდება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იძულებულია ახალციხეში გაემგზავროს. Jnews-მა შეეცადა გაერკვია, რა ჯდება ახლა მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარება.
ახალქალაქიდან მიშა (სახელი შეცვლილია) პრაქტიკული მართვის გამოცდას რეალურ პირობებში უკვე 3 ჯერია აბარებს, და ყველა უშედეგოდ. მისი უხეში გათვლებით, მან უკვე 700 ლარი დახარჯა და ისევ მეოთხედ უნდა გავიდეს.
„თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია 15 ლარი ღირს. პირველ ჯერზე თუ არ ჩააბარებ, მეორედ 40 ლარი ღირს. მე მომივიდა ასე. შემდეგ უფასოდ ჩაბარების 5 მცდელობა გაქვს, ხოლო შემდეგ, ქალაქში გამოცდაზე ყოველ ჯერზე 90 ლარი უნდა გადაიხადო. ახალციხეში ჩვენი მანქანით მივდივართ, რომელიც ასევე ყოველ ჯერზე 100 ლარი გვიჯდება“, – ამბობს ის.
აგვისტოში ერთი წელი შესრულდება, რაც მართვის მოწმობის აღებას ცდილობს. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ საბოლოო გამოცდას ვერ ჩააბარებს, კვლავ უნდა დარეგისტრირდეს და ხელახლა უნდა ჩააბაროს თეორია და მართვის მოწმობის გამოცდა.
„თეორიისა და ავტოდრომის შედეგები ძალაშია ერთი წლის განმავლობაში. მერე ისევ უნდა ჩააბარო. მაგრამ ქალაქში გამოცდა მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება. რიგგარეშე გასვლა 250 ლარი ღირს“, – ამბობს მიშა.
ანალოგიური სიტუაცია აქვს ახალქალაქის კიდევ ერთ მცხოვრებს. არტურმა (სახელი ასევე შეცვლილია) ქალაქში გამოცდის ჩაბარება უკვე 4-ჯერ სცადა, შემდეგი- მე-5. წლის ბოლომდე მას ორი თვე დარჩა.
„უკვე დაახლოებით 1200 ლარი დავხარჯე. პირველ ჯერზე თეორიაში 15 ლარი, შემდეგ მოედანზე უფასო ჩაბარების მცდელობის დროს, რამდენჯერმე გადავიხადე 30 ლარი, რომ ისევ იმავე დღეს შევსულიყავი. შემდეგ გამოცდა ქალაქში – 90 ლარი ყოველ ჯერზე, დამატებული 80 ლარი გამოცდის დღეს ინსტრუქტორთან ერთად მართვისთვის. ჩვენი მანქანით მგზავრობა 50 ლარი გვიჯდება“, – ყვება ის.
ამრიგად, საშუალოდ, მართვის მოწმობის აღება ახალქალაქში 700-დან 1200 ლარამდე და მეტი უჯდებათ, რაც დამოკიდებულია ქალაქში გამოცდის ჩაბარების მცდელობებზე. შეგახსენებთ, რომ მართვის მოწმობის ამღებთა უმრავლესობა ჩივის, რომ ქალაქში გამოცდის შემოღებასთან ერთად მართვის მოწმობის აღება ძალიან გართულდა. ბევრი ამბობს, რომ ინსტრუქტორები მიზანმიმართულად ჭრიან მათ, მაგრამ Jnews-ს ამის დასტური არ მიუღია. ორი წელია პრაქტიკული გამოცდა ორი ნაწილისგან შედგება, ყოველ კვარტალში მართვის მოწმობის მიმღებთა რაოდენობა მცირდება.
პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ ახალქალაქში, შსს მძღოლების მომსახურების სააგენტოს ფილიალის არარსებობის გამო, ქალაქში გამოცდის ჩაბარება შეუძლებელია, ამისათვის საჭიროა ახალციხეში ჩასვლა, რაც ხარჯებს აორმაგებს. გარდა ამისა, არც ახალქალაქში და არც ახალციხეში არ არსებობს რეალურ პირობებში მართვის სწავლების კანონიერი მექანიზმები, რათა მოსწავლეებმა საქართველოს კანონების დარღვევის გარეშე გაიარონ პრაქტიკა.