გარდა საუნივერსიტეტო რუტინისა, სტუდენტები ხშირად უთმობენ დროს სხვა აქტივობებს, მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამებში, ცდილობენ ახალი პერსპექტივების მოძიებას და სხვადასხვა სფეროში განვითარებას, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას ათავსებენ. თუმცა, დედაქალაქსა და რეგიონში მცხოვრები და განათლების მიმღები ახალგაზრდების შესაძლებლობები ძალიან განსხვავებულია.
Jnews-ი ესაუბრა სტუდენტებს იმის გასარკვევად, თუ სხვადასხვა საქმიანობის გაერთიანებით რა ეხმარება ან აფერხებს მათ სრული სტუდენტური ცხოვრების წარმართვაში.
ჩვენი პირველი გმირია ვარდუი ოვსეფიანი სოფელ პატარა გონდურადან, რომელმაც დაწყებითი განათლება სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო, ოქროს მედლით დაამთავრა, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა. ამჟამად სპეციალიზირდება ტურიზმის სფეროში.
„ყოველდღიური მუშაობის წყალობით მეც მოვახერხე უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღება, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის ეს იყო დიდი მიზანი, რომლის მიღწევაც შევძელი. ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობ არა ვიოცნებო, არამედ დავისახო მიზნები და მივაღწიო მათ. სკოლის დროიდან ვცდილობდი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრებას და ყოველთვის ვმონაწილეობდი ბევრ პროგრამაში. დღესდღეობით, როცა მოვახერხე პატარა სოფლიდან დიდ ქალაქში ჩასვლა, ჩემს წინაშე ბევრი შესაძლებლობა გაიხსნა, რომლებიც ვცდილობ არასოდეს გამომრჩეს“.
ვარდუი ამჟამად Cenn-თან და Usaid-თან თანამშრომლობს. ის ასევე არის «Youth on» პროექტის წევრი. ის ენთუზიაზმით მონაწილეობს «Komentari»-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელშიც ამ ბოლოს გაიმარჯვა. მისი თქმით, ყველა ადამიანის მოტივაციის წყარო თავად არის.
„ჩვენ ყველას ჩვენი საკუთარი მიზნები გვამოძრავებს, რაც გვაძლევს ძალას არ დავნებდეთ და წინ ვიაროთ. ჩემი აზრით, სტუდენტური წლები ყველაზე აქტიური და მოტივირებულია ჩვენს ცხოვრებაში, რადგან საკუთარი ხელით ვიწყებთ ცხოვრების აშენებას. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენ ვართ ჩვენი ბედისწერის და ცხოვრებისეული გზის ავტორები. ჩემი აზრით, სტუდენტებს აქტიურობაში ხელს უშლის საკუთარი „მე“, გარშემომყოფი ხალხი და საზოგადოებრივი აზრი.
21-ე საუკუნეში სტუდენტების უმეტესობას არ ესაჭიროება სოციალიზაცია და ინფორმაცია, ამიტომ ვფიქრობ, სადაც არ უნდა ვისწავლოთ, შეგვიძლია ვიყოთ აქტიური ახალგაზრდები. უბრალოდ შევეცადოთ მიჰყვეთ საკუთარ სურვილებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ყველაზე ძვირფას მიზნებამდე მიგვიყვანს“, – ასკვნის ვარდუი.
ვარდუიასგან განსხვავებით, ჩვენი მეორე გმირი, 29 წლის სოფიკო ნიკაცაძე უმაღლეს განათლებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღებულობს. არის ქართული ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი. სოფიკო წარმოშობით სოფელ გორელოვკადანაა, სწავლასთან ერთად, ასევე მუშაობს „ტოლერანტობის“ ასოციაციაში და სამების საჯარო სკოლაში.
„ჯავახეთს ძალიან ნიჭიერი და განათლებული თაობა ჰყავს, ჩემს ირგვლივ ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებსა და ბანაკებში. მე პირადად მივიღე მონაწილეობა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა უჭერდა მხარს. პროექტის სახელწოდება: „ახალგაზრდული ინოვაციები საზოგადოებაში წარმატებული ცვლილებებისთვის“. მე ვიყავი ამ პროექტის კოორდინატორი, და ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა“.
ჩვენთან საუბარში მან თქვა, რომ 2023 წლის იანვრიდან ასევე მონაწილეობს ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ დაფინანსებულ „ტოლერანტობის“ ასოციაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში „ქართული ენა ყველასთვის ხელმისაწვდომია“ პროექტი ამოქმედდა. პროექტის მიზანი იყო სოფელ გორელოვკაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და სტუდენტურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მოწყვლადი ჯგუფების განათლების ხელშეწყობა.
„2023 წელს გორელოვკის ახალგაზრდული საზოგადოებრივი ცენტრი დავაარსე, სადაც სოფლის ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდები გაერთიანდნენ. 2019 წლიდან 2022 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში, დიუსელდორფში, მაგრამ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი და ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს დავხმარებოდი“, – ამატებს სოფიკო.
ამავე დროს აღნიშნავს, რომ მის ირგვლივ ახალგაზრდობა საკმაოდ აქტიურია და პასიურები ამას იმით ხსნიან, რომ მათ პირადად არ აინტერესებთ.
სოფელ ბავრიდან 21 წლის თინა ღარსლიანიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის სპეციალობით სწავლობს. მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო განათლების გარდა სხვა პროგრამებში, რადგან მუშაობს სასურსათო მაღაზიაში და დრო არ აქვს სხვა საქმიანობით დაკავდეს.
თინა აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი აწყობს სხვადასხვა ტრენინგებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობიან.
„ჩემი აზრით, დედაქალაქსა და რეგიონში სწავლის სტუდენტთა შესაძლებლობების სხვაობა ძალიან დიდია, რადგან, მაგალითად, თბილისის სტუდენტები უფრო მეტად ურთიერთობენ ეთნიკურ ქართველებთან, რაც მათ ეხმარება უფრო მარტივად დაძლიონ ენობრივი და ინტეგრაციული პრობლემები, უფრო ინფორმირებული, გაბედული და აქტიური იყვნენ“, – ამბობს თინა.
თინას მიაჩნია, რომ რეგიონებში აქტიურობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ არა იმდენი, როგორც დედაქალაქში.