დღეს, 14 მარტს, პარიზში, საქველმოქმედო ფონდის «SOS Talents»-ის ორგანიზებით, ლაურეატ-პიანისტთა კონკურსი გაიმართება, რომელზეც ახალქალაქელი ახალგაზრდა პიანისტი არსენ კარაპეტიანი წარდგება.
12 წლის ახალქალაქელმა პიანისტმა არსენმა პარიზში მეორედ გამოსვლის საშუალება მიიღო. ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერითა და ინიციატივით, საქართველოდან ორი ახალგაზრდა პარიზში, შანზ-ელისეზე მდებარე დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო ფონდი “SOS Talents” 2000 წელს ცნობილი ფრანგი მუსიკოსისა და მეთოდოლოგის მიშელ სონის მიერ დაარსდა. ფონდის მიზანი ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის ხელშეწყობაა. ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სასკოლო სასწავლო გეგმის პარალელურად, სწავლობენ მიშელ სონის მიერ შემუშავებულ სპეციალურ ტექნიკას, რაც მათ საშუალებას აძლევს ძალიან სწრაფად და ეფექტურად განავითარონ მუსიკალური და ტექნიკური უნარები.
«SOS Talents»-ის ფონდის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა პერიოდში ჰყავდა ლაურეატი-პიანისტები: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ ახალქალაქიდან, ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ანაიდ სტელმაშოვა და არსენ კარაპეტიანი ფონდის სტიპენდიანტები არიან.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქელმა ორივე ახალგაზრდა პიანისტმა, ახალქალაქის მუსიკალურ სკოლაში მასწავლებელ სვეტლანა კაროიანთან სწავლის შემდეგ, თბილისში ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში განაგრძო სწავლა.