1-2 თვეში ახალი სასოფლო-სამეურნეო სეზონი დაიწყება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კარტოფილის თესვას დაიწყებს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ფერმერების საწყობებში 100 000 ტონაზე მეტი კარტოფილი რჩება. ფერმერებიც და ადგილობრივი ხელისუფლებაც შეშფოთებულია ამ სიტუაციით, ისინი გამოსავალს ეძებენ.
4 მარტს, რეგიონში არსებული კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა საკრებულოში განიხილეს.
დისკუსიას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, დეპუტატები, ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე. განხილვის შემდეგ მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით მიმართეს და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება სთხოვეს.
დისკუსიის დასაწყისში ნაირი ირიციანმა მოკლედ აღწერა არსებული ვითარება და ყველას სთხოვა გამოეთქვათ აზრი არსებულ ვითარებაზე და გამოსავალი შეეთავაზებინათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა რამაზ გოგოლძემ ამ სასოფლო-სამეურნეო წლის კარტოფილის მინდვრების რაოდენობის, მოსავლისა და კარტოფილის მოსავლიანობის შესახებ გარკვეული სტატისტიკა წარმოადგინა.
რამაზ გოგოლაძის თქმით, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წელს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 11 000 ჰექტარზე კარტოფილი დაითესა და 200 000 ტონა კარტოფილი იქნა მიღებული. კარტოფილის მოსავლიანობამ წელს ჰექტარზე 18 ტონა შეადგინა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 100 000 ტონა გაუყიდავი საკვები კარტოფილი აქვს.
„უხეში გამოთვლებით, სათესლე და საკვები კარტოფილის გამოკლებით, მუნიციპალიტეტს 100 000 ტონა კარტოფილი აქვს გასაყიდად. ამ თანხიდან 50% და შესაძლოა მეტიც ჯერ არ გაყიდულა. 1 კგ კარტოფილის ღირებულება ფერმერისთვის 45 თეთრს შეადგენს“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.
ფერმერი და დეპუტატი ჰოვიკ მურადიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ნაწილობრივ თავად ფერმერები არიან დამნაშავენი. ხარისხიანი კარტოფილი არ მოჰყავთ, ამიტომ მყიდველები მათთან აღარ მიდიან.
დეპუტატმა გენადი ელიზბარიანმა თქვა, რომ მსხვილმა ფერმერებმა მოსავალი შესაძლოა გაყიდეს, მცირე ფერმერებმა – ჯერ არა, იმიტომ კი არა, რომ ხარისხი ცუდია, უბრალოდ, მყიდველები მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილის სოფლებში არ შესულან. მან აღნიშნა, რომ კარტოფილის ხარისხი მიწის ხარისხზეა დამოკიდებული და მუნიციპალიტეტის თითოეული მიმართულებით მიწა განსხვავებულია.
ფერმერმა სოფელ მურჯახეთიდან ენოკ ბაბაჯანიანმა აღნიშნა, რომ ფერმერები მარკეტინგის გაუმჯობესებისთვის არ მუშაობენ. მისი თქმით, მათი კარტოფილის მთავარი მყიდველი აზერბაიჯანელები არიან, მაგრამ ვინაიდან წელს აზერბაიჯანში ბევრი რუსული კარტოფილია, საქართველოში ამისთვის არ ჩამოდიან.
„მათ არ სჭირდებათ ჩვენი კარტოფილი, ისინი უკვე აღარ შემოდიან. მარკეტინგზე არ ვმუშაობთ, არავინ მუშაობს, ფერმერი ამ საკითხში არ არის განვითარებული, როგორ უნდა შეფუთოს, დაალაგოს, რეკლამირება გაუკეთოს თავის პროდუქციას“, – თქვა მან.
სოფელ მურჯახეთში კარტოფილის 50% გაყიდული არ არის, იგივე მდგომარეობაა სოფლებში კარწახში, კარტიკამში და ბევრ სხვაში.
თუმცა, სოფელ ხანდოსა და ვარევანში სხვა სოფლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იქ მიწა კარგია და შესაბამისად, კარტოფილიც მაღალი ხარისხისაა.
„გუშინ კარტოფილ 1-1,10 ლარად/კგ გავყიდე. 4 ტონა გავყიდე, სუფრის კარტოფილის 70%-ზე მეტი უკვე გავყიდეთ, სათესლე კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა გვაქვს“, – ამბობს ფერმერი, სოფელ ხანდოსა და ვარევანის დეპუტატი სარგის მელიქიანი.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა სტატისტიკა გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოში წარმოებული კარტოფილიდან 66% სამცხე-ჯავახეთში იწარმოება, საქართველოდან ყველაზე მეტი კარტოფილი ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში – 61%, იმპორტი რუსეთიდან – 50%, ხოლო წელს კარტოფილის საშუალო მოსავლიანობამ 1 ჰა 16,7 ტონა შეადგინა.
მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ მსხვილ შესყიდვებზე ტენდერები უნდა იყოს რეგიონული, რათა ფერმერებს მათში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ.
განხილვისას კარტოფილის მოყვანისა და რეალიზაციის ყველა ასპექტი იყო განხილული.
ყველა დამსწრემ ერთხმად გამოთქვა მოსაზრებაში, რომ ფერმერებმა უნდა გააუმჯობესონ ადგილობრივი კარტოფილის ხარისხი, რათა ის გახდეს კონკურენტუნარიანი, ასევე შემცირდეს კარტოფილის თვითღირებულება.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა შეჯამებისას შემდეგი განაცხადა: „7 წელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეალიზაციის საკითხში არ დაგვხმარებია, ფერმერებს ჩვენ ვასწავლეთ კარგი ევროპული ჯიშების დათესვა, მაგრამ არ დავეხმარეთ რეალიზაციის საკითხში. ყოველწლიურად ვაწყდებით რეალიზაციის საკითხს, საბოლოო ჯამში, ჩვენმა ფერმერებმა უკვე უნდა იცოდნენ, რომ მაღალი ხარისხის კარტოფილის მოყვანაა საჭირო“.
მან დაამატა, რომ საჭიროა სოფლის მცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილების შოვნაში დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სოფლები დაცარიელდეს.
„სამი და ოთხი წელია სოფლის მოსახლეობას კარტოფილი მოჰყავს და შემოსავალს არ ღებულობს. ჩვენ ახლა ვცდილობთ გზების დაგება, სოფლებში გაზი გაგვყავს, მაგრამ თუ სოფელი ვერ გაყიდის თავის პროდუქტს, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერ შევაკავებთ. თუ სოფლის მოსახლეობა წელს კარტოფილის თესვას შეწყვეტს, სოფლებს დატოვებენ. ვეცდებით, სოფლის მოსახლეობა სოფელში შევინარჩუნოთ, რომ სოფლები არ დაცარიელდეს. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ წერილი, სადაც აღვწერთ სიტუაციას და ვთხოვოთ დახმარება ამ საკითხის მოგვარებაში“, – დაამატა ნაირი ირიციანმა.
შეკრებილებმა გადაწყვიტეს წერილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაეგზავნათ და მუნიციპალიტეტის ფერმერების დაახლოებით 100 000 ტონა კარტოფილის გაყიდვაში დახმარება ეთხოვათ.