ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ახალქალაქის სერვისცენტრის კუთვნილი 9 ავტომობილი აქვს გამოტანილი აუქციონზე, ძირითადად, ძველი ნაგვის მანქანები. აუდიტის შეფასებით, გაყიდული ტექნიკის ჯამური ღირებულება 90 800 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის მერიას გასაყიდად 9 ერთეული ტექნიკა გამოაქვს, რადგან ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ეს მანქანები საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. ამიტომ გადაწყდა მათი გაყიდვა. ეს მანქანები სერვის ცენტრის ბაზაზეა აღრიცხული და რადგან მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, შესაბამისად, ტექნიკაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
„მოვიდა დამოუკიდებელი სააუდიტორო კომისია, ნახა, 15 დღე ჩვენთან იყვნენ, ყველაფერი ნახეს, შეაფასეს, ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ. ტექნიკა მაღალ ფასად არის შეფასებული, თუ ამ ფასებში შევძლებთ გაყიდვას, ამ სახსრებით ახალ ტექნიკას ვიყიდით”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ქონებისა და დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტმა ვაჰან ბათოიანმა და დეპუტატებს ტექნიკის გასაყიდად გატანის თანხმობის მიღების მიზნით ავტომანქანების სია წარუდგინა.
ტექნიკის საერთო ღირებულება, სააუდიტორო კომისიის შეფასებით, 90 800 ლარად არის შეფასებული. თუკი ტექნიკა შეფასებული ღირებულებით ვერ გაიყიდება, ადგილობრივი კომისია კვლავ შეაფასებს ღირებულებას.
სერვისცენტრის დირექტორის რსტაკიან მხითარის თქმით, ეს მანქანები ორი წელია არ იყიდება, ისინი მწყობრიდან გამოვიდა, ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ამიტომ მერიამ გადაწყვიტა გაეყიდა.
მისი თქმით, სერვისცენტრს მუნიციპალიტეტის სისუფთავის შესანარჩუნებლად საკმარისი ნაგვის მანქაბა ჰყავს. სერვისცენტრს მოქმედი 4 ნაგვის მანქანა და ერთი დიდი კონტეინერების მანქანა ჰყავს, კიდევ ერთ ტექნიკას ამ წლის აპრილში მიიღებს.