„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ ინიციატივით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქალთა დაავადებების უფასო დიაგნოსტიკა გაიმართება. ამ ეტაპზე ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სიტუაციის ანალიზისა და სკრინინგის პროგრამის შესახებ ქალთა ინფორმირების მიზნით შეხვედრა გაიმართება.
პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებას, როგორიცაა ძუძუს კიბო, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ა.შ. პროექტი „ქალთა ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში,კონკრეტულად ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. პროგრამაში რამდენიმე სოფელიც შედის. პირველ ეტაპზე ახალქალაქის მცხოვრებლები გაეცნობიან, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურებაა ხელმისაწვდომი ქალებისთვის, როგორ ამოიცნონ დაავადებები ადრეულ ეტაპზე, დაგეგმონ ეფექტური მკურნალობისა და სკრინინგის პროგრამები და ა.შ. თუ პირველ ეტაპზე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, მაშინ მეორე ეტაპი 25-70 წლის ასაკობრივი ჯგუფის მომსახურების მიწოდებას და სხვადასხვა კვლევების ჩატარებას მოიცავს.
„სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა და ჩემი ორგანიზაცია „Generation I“ ვატარებთ სკრინინგ პროგრამას სამცხე-ჯავახეთში. ქვემო ქართლში ეს პროგრამა უკვე მუშაობს. პირველ ეტაპზე ჩამოვალთ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომ ვუთხრათ ქალებს, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ, როგორ ჩატარდება სკრინინგი, რა ასაკობრივ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა, რას გულისხმობს სკრინინგ პროგრამა – ეს არის ქალის გამოკვლევა, ეს არის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ქალებისთვის. ეს პროგრამა ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა. საქართველოს სახელმწიფო სკრინინგ ცენტრთან შევთანხმდით, საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, მეორე ეტაპზე, რომელიც სადღაც აპრილში იქნება, როცა ზუსტად გვეცოდინება ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ პროგრამაში. აპრილში ჩამოვა მამოგრაფიის მობილური მანქანა, განთავსდება რამდენიმე ლოკაციაზე“, – ამბობს ექიმი და პროგრამის ერთ-ერთი ავტორი მარი მიკოიანი.
ახალქალაქში გამოკვლევები ჩატარდება როგორც თავად ქალაქში, ასევე სოფელ ვაჩიანსა და კარტიკამში. საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ქალების ტრანსპორტირებაც გათვალისწინებულია, თუ ისინი არ ცხოვრობენ ახალქალაქში ან პროგრამაში შემავალ სოფლებში.
პროგრამის პირველი ეტაპი ახალქალაქში 28 თებერვალს, 14:00 საათზე, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ასევე სოფელ ვაჩიანსა და კარტიკამში დაიწყება.
პროექტი „ქალთა ჯანდაცვის მომსახურებებზე გაფართოებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ ხორციელდება USAID-ის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე – 595562505