სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შემოწმება ჩაატარა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამშენებლო, სარეაბილიტაციო და ექსპლუატაციის სფეროში.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ცალკე პუნქტად არის წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დასკვნაში, ძირითადად ნათქვამია:
„დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაგეგმა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი. შედეგად დაუმთავრებელი დარჩა 5 ობიექტი, 1 არ ფუნქციონირებს, ხოლო მათი რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 336,2 ათასი ლარი არაეფექტურად დაიხარჯა.
გამოუყენებელი აქტივები.
ნაკლოვანებები ასევე გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში შეძენილი ქონების რეალიზაციაში. მერიამ არ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმარება, არაეფექტურად დახარჯა 199,8 ათასი ლარი და ვერ მიაღწია დასახულ მიზანს პროექტების განხორციელებისას“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიეკუთვნება.
ხარვეზების ანგარიშთან ერთად სამსახურმა ასევე თითოეულ სფეროში სიტუაციის გამოსწორების მიზნით რეკომენდაციები შეიმუშავა, სადაც პრობლემები გამოვლინდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების რეკომენდაციებში ნათქვამია:
„მერიამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს მუშაობას ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, პროექტის პრიორიტეტის, მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესწავლა და, შესაბამისად, მისი განხორციელების შესაძლებლობისა და მიზნის მიღწევის ხარისხის განსაზღვრა“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.
გამოვლენილი სხვა ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ Jnews-ი ინფორმაციას მომდევნო მასალებში მოგაწვდით.