მიუხედავად იმისა, რომ სურდათ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხარჯებში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წამახალისებელი სტიპენდია შეეტანათ, ბიუჯეტში ჯერჯერობით არ შეტანილა და სტუდენტებს არ ეძლევათ. არის თუ არა ამ სტიპენდიის საჭიროება ახალქალაქში და რა სახის სტიპენდიებს იღებენ სტუდენტები.
22 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი განიხილა. დეპუტატებმა პროექტი განსახილველად ახალქალაქის მერიას დაუბრუნეს და რეკომენდაციები გასცეს. დეპუტატების მიერ გაცემულ შეთავაზებებს შორის იყო „კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ერთჯერადი დაჯილდოების შეტანის“ პუნქტი. თუმცა საბოლოოდ აღნიშნული პუნქტი ბიუჯეტში არ იყო შეტანილი.
უკვე მეორე წელია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით თანხას გამოყოფს. წარჩინებული სტუნდეტი მუნიციპალიტეტისგან წელიწადში 500 ლარს იღებს.
ბევრი სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდიების მიღების სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, არანაირ ფინანსურ მხარდაჭერას არ ღებულობს: უნივერსიტეტის სტიპენდია, სახელმწიფო და მუნიციპალური სტიპენდიები.
„ვიღაცამ შეიძლება სტიპენდია შეაგროვოს და თავისთვის იყიდოს რამე, არიან სტუდენტები, რომლებიც ამ ფულით ბინის ქირას იხდიან. სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს. თუ დავითვლით ქირას, კომუნალურ ხარჯებს, თვიურ ზოგად ხარჯებს, მაშინ დანახარჯი 500 ლარზე მეტი გამომდის“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ლიდა ალმასიანი, რომელიც თბილისში სწავლობს.
დიანა საარაიანი, მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში სწავლობს, სახლთან ახლოს, მაინც იძულებულია ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები გადაიხადოს, რადგან ოკამიდან ვერ დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, რომ ახალქალაქის უნივერსიტეტში ყოველდღიურად ატაროს, ხოლო ტაქსი ძვირი ჯდება.
„უნივერსიტეტის სტიპენდიას ვიღებ 300 ლარს, ანუ 5 თვეში ვიღეთ 300 ლარს, თვეში გამოდის 60 ლარამდე, რაც არ არის ბევრი, მაგრამ წელს სახელმწიფო სტიპენდია ავიღე 5 თვეში 1500 ლარი. სხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლება სტიპენდიას გასცემს და ყველაზე მცირე თანხას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გამოყოფს, 500 ლარს, მაგალითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტი 1000 ლარს იძლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დახმარებაა სტუდენტისთვის. იცით, რაც არ უნდა ახლოს იცხოვრო სახლთან, სახლიდან მოიტანო საჭმელი, სტუდენტი ხარ და სხვა ხარჯებიც გაქვს, მაგალითად, წიგნები, ასლები და ა.შ. ბინას ოთხნი ვქირაობთ, ვიხდით 300 ლარს. კომუნალურებთან ერთად, რადგან ზამთარში უფრო ძვირია, თითო ადამიანი სულ 150 ლარს ვხარჯავთ. სოფელ კუმურდოდან ტაქსით ჩამოსული სტუდენტები არიან, მაგრამ მათი ხარჯი უფრო მეტია და მოუხერხებელია, რადგან დასაბრუნებლად ერთმანეთს უნდა ელოდონ, რომ სახლში ტაქსით ერთად დაბრუნდნენ“, – ამბობს დიანა საარიანი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ქართული ენის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.
ბელა ექიმობაზე სწავლობს და რეზიდენტურის დასრულებას საზღვარგარეთ გეგმავს, რის შემდეგაც ახალქალაქში დაბრუნება და ადგილზე მუშაობა სურს, შესაძლოა თბილისში სამუშაოს შეთავსებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან სტიპენდიას იღებს, მუშაობს, რომ საკუთარი თავი არჩინოს.
„საპრეზიდენტო სტიპენდიას ვიღებ, სომხური საგანმანათლებლო ფონდიდანაც ვიღებ სტიპენდიას. ამ სემესტრში 1500 ლარი ავიღე, გასულ სემესტრში 750 ლარი იყო, პრობლემა ის არის, რომ თბილისში ცხოვრება გაძვირდა. იძულებული გავხდი, მუშაობა დამეწყო, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოებში პრაქტიკას გავდივარ, აფთიაქში დავიწყე მუშაობა, რადგან ბინის ქირა გაცილებით გაძვირდა, 700 ლარს ვიხდით, სტუდენტებს სხვა არავითარი დახმარება არ აქვთ. ამიტომ საჭიროა მუშაობა. მე მაგალითად თვეში 600-700 ლარს ვხარჯავ,ხანდახან მეტს. თუ მაგალითად გინდა იყიდო ტანსაცმელი ან რამე სხვა. მუნიციპალიტეტის სტიპენდია არის მოტივაცია, ეს არის წვლილი მუნიციპალიტეტის მომავალში. ეს მოსწავლეს უკეთ სწავლის მოტივაციას უჩენს. როდესაც გავიგე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიდან სხვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიპენდიას იღებენ, მაგრამ მე არა, მეწყინა“, – ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტი.
სტუდენტები სტიპენდიას ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შედეგად იღებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე „კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ჯილდოს შემოღების შესახებ“ და შემდგომ რეაქციაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ ცალკე არ განუხილავთ, რატომ და როგორ იქნა მიღებული ეს ცვლილებები, რატომ აირჩიეს ისინი და რატომ იქნა უარყოფილი სხვა.
„ეს შეთავაზება ბიუჯეტში არ შედიოდა, ცვლილებები არ შეტანილა. ხანდახან ხდება, რომ რაღაც საკითხს ვლობირებთ, ისინი (მერია) არ გვეთანხმებიან, მაგრამ შემდეგ 2-3-ჯერ ვაკეთებთ ამ ცვლილებებს. ხშირად შემოთავაზებები ნაწილ-ნაწილ შედის. შესაძლოა, ამჟამად ეს იდეა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, შესაძლოა მოგვიანებით შეიტანონ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
ახალქალაქის მერიაში ფინანსების განყოფილებაში, რომლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიუჯეტის განხილვას და მოისმინეს დეპუტატების რეკომენდაციები, განმარტეს, რომ მათ სამუშაოში განყოფილებების მოთხოვნით ფინანსების გამოყოფა შედის. მეორე სამსახურმა, რომელიც ასევე ესწრებოდა განხილვებს, სოციალურმა სამსახურმა, განმარტა, რომ ეს წინადადება განათლების სამსახურის კომპეტენციაში შედის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა თავის მხრივ გვიპასუხა, რომ ამ წინადადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
“ჩვენი სამსახური სტიპენდიას არ ითვალისწინებს, ალბათ სოციალურ სამსახურს აქვს ასეთი პუნქტი. სტიპენდიის თაობაზე არც სტუდენტებს მოუმართავთ. რაც შეეხება საკრებულოში გაკეთებულ წინადადებას, ამის შესახებ არ მსმენია”, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ოლიკო მელიქიძემ.
აღსანიშნავია, რომ ეს სტიპენდია არა მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა არ შეიტანა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, არამედ ბევრმა, მათ შორის მარნეულმაც.
„მე 1500 ლარს სახელმწიფო სტიპენდიას ვიღებ, მაგრამ დავინტერესდუ, მარნეულში სტუდენტებს არ აძლევენ სტიპენდიას, თუმცა, მაგალითად ბოლნისი პატარა მუნიციპალიტეტია, მაგრამ გამოყოფს, როგორც ვიცი თეთრიწყაროს აქვს, მაგრამ მარნეულს ასეთი პუნქტი არ აქვს. მე თვითონ არ მიმიმართავს. ოჯახთან ერთად თბილისში ვცხოვრობ. მაგრამ საერთო ჯამში 1500 ლარი ბინის იჯარით აღება, კვების, კომუნალური და სხვა ხარჯებისთვის საკმარისი არ არის, მე ასე ვფიქრობ“, – ამბობს სოფელ შაუმიანის მცხოვრები ედიკ ქამალიანი, რომელიც პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.
უკრაინაში ომის დაწყებასთან და საქართველოში რელოკანტების შემოდინებასთან ერთად, ერთ-ერთი დიდი დარტყმა მიადგა სტუდენტების ჯიბეებსაც, რომლებსაც ცხოვრება საცხოვრებელ ფართზე გაზრდილი მოთხოვნისა და შემდგომში ბინების ქირავნობის ფასების ზრდის გამო გაუძვირდათ.