სტუდენტური ცხოვრება სავსეა სირთულეებითა და გამოწვევებით, რის წყალობითაც სტუდენტები უფრო სრულყოფილები და გამოცდილები ხდებიან. ყველა ვერ ახერხებს დროის სწორად გადანაწილებას და სწავლისა და სამუშაოს გაერთიანებას. Jnews-ი წარმოგიდგენთ მარიანნა ხაჩატურიანის განვლილ გზას.
ჩვენი გმირი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამზარადანაა. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ახლა მე-4 კურსის სტუდენტია. მან ის მნიშვნელოვანი გზა იპოვა, რომელიც მას დროის სწორად გადანაწილებაში ეხმარება.
განათლებაზე საუბრისას ამბობს, რომ ერთი წელი მოსამზადებელ კურსზე სწავლობდა და ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო.
„ყოველი ადამიანი თავის ცხოვრებაში აღწევს იმ ასაკს, როცა თვითონ უნდა იფიქროს თავის მომავალზე. ზოგი მშობლების ან გარემოს გავლენით აკეთებს კარგ არჩევანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი სწორი გზიდან გადადის და არასწორ არჩევანს აკეთებს. მეც უბრალო არსება ვარ და ცხოვრების იმ ეტაპზე არასწორი არჩევანი გავაკეთე. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ერთი წლის სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, მასწავლებლის წოდება ავირჩიე“, – გულწრფელად ყვება მარიანნა.
მისი ღრმა რწმენის მიხედვით, ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს გავლილი გზა და ეს გზა ეფუძნება ორ მთავარ ქვაკუთხედს: ერთი – ოჯახში მიღებული აღზრდა, ხოლო მეორე – სკოლაში მიღებული განათლება.
„ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტად ვუღრმავდები ჩემს პროფესიას, მით უფრო ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი. მაგალითად, სწავლის ახალი ფორმატი ეპიდემიის დროს, რომელიც ჩემთვის ძალიან რთული და უცხო იყო“.
მარიანნას თქმით, ყველა სტუდენტი უნდა იყოს ძალიან აქტიური სწავლის პერიოდში და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელსაც უნივერსიტეტი აწვდის. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში მიღებული განათლება ფასდაუდებელია, მაგრამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა თვითგანათლებაა. ამ ექვსი წლის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო მრავალ პროგრამაში, რისი წყალობითაც მან ბევრი ახალი ცოდნა მიიღო. რაც შეეხება მის საქმიანობას, მან თავისი პროფესიით მუშაობა მეორე კურსიდან დაიწყო. უკვე ოთხი წელია მუშაობას და უნივერსიტეტში სწავლას აერთიანებს. თავდაპირველად American Language Center-ში მუშაობდა, სადაც უცხოელ ახალგაზრდებს ქართულს ასწავლიდა.
American Language Center-ის მხარდაჭერით მარიანამ მშობლიურ ჯავახეთში ორი პროგრამის განხორციელება შეძლო. 2021 წელს მან ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარასა და ეშტიაში საზაფხულო ბანაკი მოაწყო. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა მის ცხოვრებაში – საკუთარი თავი მთლიანად დაუთმო სამუშაოს.
ერთ-ერთი უდიდესი შრომითი მიღწევა იყო მასწავლებლის სახლში მუშაობა. 2023 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ერთობლივ პროექტში „საკვირაო სკოლა ეროვნული უმცირესობების მოსწავლეებისთვის“. ერთი წლის განმავლობაში მამზარას საჯარო სკოლაში საკვირაო სკოლას ასწავლიდა.
ის ასევე “კავკასიონის” საჯარო კოლეჯში მოსამზადებელ კურსზე ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
„რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი, თუ ვიტყვი, რომ სამუშაოსა და სწავლის შეთავსება ძალიან მარტივია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ დღის განმავლობაში ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ უბრალოდ მუშაობით ვისვენებ. ვერ გადმოვცემ იმ დადებით ემოციებს, რასაც მუშაობისას განვიცდი.
ჩემი სურვილია, რომ გავზარდო ჭკვიანი, თავდაჯერებული, მაღალი ღირებულებების მქონე ერთგული თაობა. თაობა, რომელიც სავსე იქნება რწმენით და ოპტიმიზმით. რწმენა შობს იმედს და უბიძგებს ადამიანს იცხოვროს, შექმნას. მე მინდა, რომ ჩვენმა თაობებმა მაღალი და ჭეშმარიტი ფასეულობები თავიანთი ცხოვრების მთავარ პრინციპებად აქციონ, რათა დაჯილდოვდნენ ბრძოლისა და წინსვლის ძლიერი ნებისყოფით“.
როდესაც მარიანნამ სკოლა დაამთავრა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ცხოვრებაში ასეთ წინსვლას მიაღწევდა.
„ეს ექვსწლიანი მოგზაურობა წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა, სავსე გამოწვევებით, განსაცდელებითა და სირთულეებით. მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. ალბათ ეს არის წარმატების მთავარი საიდუმლო. გჯეროდეთ საკუთარი თავის, დაისახეთ რეალისტური მიზნები, მათ მისაღწევად ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთეთ. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და იბრძოლეთ მუდმივი გაუმჯობესებისთვის. წარმატება დიდწილად დამოკიდებულია შრომაზე და თქვენი შესაძლებლობების რწმენაზე. ხანდახან ძნელი დასაჯერებელია, თუ როგორ შეიძლება პატარა წამოწყებამ გამოიწვიოს დიდი შედეგები“, – ასკვნის მარიანნა ხაჩატურიანი.