რუსულ რუბლზე ეკონომიკურად დამოკიდებული ჯავახეთი წელიწადზე მეტია არასტაბილურ მდგომარეობაშია. „ხოპანჩი“ ადამიანია, რომელიც სამუშაოდ რუსეთში მიდის და შემოსავალს რუბლებში უგზავნის ოჯახს და ისინი, თავის მხრივ, უკიდურესად არახელსაყრელი კურსის გამო, არ ჩქარობენ მიღებული რუბლის ლარში გაცვლას.

ჯავახეთის შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის დაახლოებით 60%-70% ყოველწლიურად რუსეთში მიდის სამუშაოდ. კაცები წელიწადში 8-9 თვეს საზღვარგარეთ ატარებენ და გამომუშავებულ ფულს ოჯახებს უგზავნიან. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად რუსეთში მომუშავეების ჩვეული ცხოვრების წესი შეიცვალა. 1000 რუბლზე ჩვეულებრივი 40 და მეტი ლარის ნაცვლად, კურსი 1000 რუბლზე 27-28 ლარამდე დაეცა და თითქმის ერთი წელია ამ დონეზე რჩება. 2024 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, ახალქალაქის კერძო გადამცვლელ პუნქტებში 1000 რუბლი 27,5 ლარს შეადგენს.

2023 წლის ნოემბერში, იმ სეზონზე, როდესაც ბევრი ხოპანჩი სამსახურიდან სახლში ბრუნდება, ვწერდით, რომ ახალქალაქის მცხოვრებლებმა, არახელსაყრელი კურსის გამო, შემოსავლიანი რუბლი უკანა პლანზე გადაიტანეს და ოჯახების სარჩენად ლარში სესხის აღება დაიწყეს, იმ იმედით, რომ კურსი ოდესმე დაუბრუნდება თავის “ნორმალურ” დონეს. თუმცა, ზოგიერთი მცხოვრები იძულებულია გაცვალოს რუბლი, მიუხედავად გაცვლითი კურსისა, სხვა არჩევანი არ აქვს.

ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები სამველი რუსეთიდან ნოემბრის ბოლოს დაბრუნდა და მალე ისევ მიდის. სამუშაოდ სესხის დაფარვის მიზნით წავიდა, ამიტომ, კურსის მიუხედავად, ყოველთვის იძულებული იყო, ყველა გამომუშავებული რუბლი ლარში გაეცვალა.

„როცა ჩამოვედი, ყველაფერი რაც ჩამოვიტანე, ისიც გავცვალეთ, რადგან სჭირდებოდა , ფული იყო საჭირო, მიუხედავად კურსისა. ეს ერთადერთი გამოსავალია, სესხი გვაქვს, უნდა დავხუროთ. ამიტომ მალე ისევ წავალ“, – კომენტარს აკეთებს ის.

სამველის ნაცნობებიდან მხოლოდ რამდენიმე ინახავდა რუბლს – მათ, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა ლარი, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, „საბოლოოდ, როცა ფული გამოელევათ, გაცვლიან“.

„სახლში ორი პენსიონერი გვყავს, ჩემი მეუღლე კი საბავშვო ბაღში მუშაობს, ნახევარი თვე ამ შემოსავლით ვცხოვრობთ, მეორე ნახევარი კი იძულებულები ვართ რუბლი გავცვალოთ. უკიდურეს შემტხვევაში ვცვლით»,- კომენტარს აკეთებს ახალქალაქის მცხოვრები არტაკი, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ დადის.

პოლიტოლოგ-ეკონომისტის, GSAC-ის ექსპერტის ვალერი ჭეჭელაშვილის თქმით, აზრი არ აქვს რუსეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს და, კერძოდ, რუბლის კურსის ნორმალიზებას.

„რუსეთის ეკონომიკა ახლა ძალიან რთულ ვითარებაშია, რადგან მას მძიმე ტვირთად აწვება ის ხარჯები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომთან წამოიწყო. ინფლაცია ჩქარდება, რადგან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დიდი თანხის ინვესტიცია ხდება. რუსეთის ბანკი ინფლაციის დათრგუნვას ცდილობს, ამიტომ საკვანძო განაკვეთს ზრდის, დღეს ის 16%-ია და ამბობენ, რომ 20%-მდე გაიზრდება, შედარებისთვის, საქართველოში 10%-ია, აშშ-ში – 4,5%. ხოლო ევროკავშირში – 5,5%“ .

მისი თქმით, ის, რაც დღეს რუსეთის ეკონომიკის ზრდად არის ნაჩვენები, მხოლოდ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით არის განპირობებული, რა დროსაც სამოქალაქო ინდუსტრიებში წარმოების კლებაა.

„აქედან გამომდინარე, ცენტრალური ბანკი ძალიან მკაცრ ზომებს იღებს, იქამდე, რომ სერიოზულ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ნერგავენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა სავალუტო კომისრები. ისინი აკვირდებიან, თუ რამდენ შემოსავალს იღებს კომპანია და აიძულებენ ამ სავალუტო ხარჯების შეტანას. გარდა ამისა, მკაცრი რეგულაცია წარმოიქმნება იმის გამო, რომ ცენტრალური ბანკი თავისი შეხედულებისამებრ ვიღაცას უშვებს სავალუტო ბაზარზე და ვიღაცას აძევებს“, – კომენტარს აკეთებს ექსპერტი.

ამრიგად, როგორც ჭეჭელაშვილი აღნიშნავს, რუბლი თავისუფალ კონვერტირებად ვალუტად არსებობას წყვეტს. მისი კურსი უფრო ადმინისტრაციულ საფუძველზე ყალიბდება, ვიდრე საბაზრო. ამასთან, ექსპერტი ამატებს, რომ კურსი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არსებულ დონეზე დარჩება, რომელიც მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართება, რის შემდეგაც რუბლის კურსის დაცემა იქნება მოსალოდნელი.

”არჩევნებამდე ადმინისტრაციულად ყველაფერი გაკეთდება, რომ რუბლის ვარდნა შეაკავონ, რადგან ეს არის პროპაგანდა, ”ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, სტაბილურია, ეკონომიკა შენარჩუნებულია”, ეს აუცილებელია პუტინის ხელახალი არჩევის რიტორიკისთვის. როდესაც 17 მარტს არჩევნები ჩატარდება, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, რუბლი გათავისუფლდება და არჩევნებიდან დაახლოებით სამ თვეში აუცილებლად მიაღწევს დოლართან მიმართებაში 180-200 რუბლს და ეს იქნება დაახლოებით ზაფხულში“, – კომენტარს აკეთებს ვალერი ჭეჭელაშვილი.

ექსპერტის თქმით, დაცემა, რომელიც არჩევნების შემდეგ მოხდება, დამოკიდებულია 2 ფაქტორზე – ინფლაციაზე და რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის აუცილებლობაზე.

„რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები გასულ წელს 22%-ით შემცირდა, წლევანდელი ბიუჯეტი კი 22%-ით ზრდას ითვალისწინებს; ეს 40%-იანი უფსკრული ვერანაირად ვერ დაიხურება, გარდა იმისა, რომ რუბლი გაუფასურდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ რუბლის დაშლა ბიუჯეტისთვის იქნება სასარგებლო და დაფარავს დეფიციტს, ეს ნიშნავს მოსახლეობის გაღატაკებას – უფრო მაღალ ფასებს, მსყიდველუნარიანობის, შემოსავლის შემცირებას და ა.შ., თვლის ექსპერტი.

„რასაკვირველია, ყველა სხვა ვალუტაც დაეცემა. ლარის კურსი რუბლთან მიმართებაში დოლართან მიმართებაში რუბლის ჯვარედინი კურსით ჩამოყალიბდება. თუ რუბლი დოლართან მიმართებაში დაეცა, ლართან მიმართებაშიც დაეცემა. შესაბამისად, 2-ჯერ დაცემას შეიძლება ველოდოთ“, – ასკვნის ჭეჭელაშვილი.

თუ თავად რუსეთში რუბლს არ გადაცვლიან და რიგითი მოსახლეობის მთავარი საზრუნავი მხოლოდ პროდუქციის გაძვირებაა, მაშინ ჯავახეთის „ხოფანჩებისთის“ უკვე ერთი წელია მთავარ პრობლემად ლართან მიმართებაში რუბლის კურსი რჩება.