ჯერ კიდევ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „2024 წლიდან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება“. ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომლებმა იანვარში გაზრდილი პენსია არ მიიღეს, რადგან კანონი ჯერ არ არის მიღებული და პარლამენტში განხილვის პროცესშია.
ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების მაქსიმალური პენსია 560 ლარია, რომლის 1000 ლარამდე გაზრდა იგეგმება.
2023 წლის 3 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და დაზვერვის თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიებს. ამავე განცხადების მიხედვით, სტაჟირების ყოველ წელზე გათვლილი თანხაც საშუალოდ 20%-ით გაიზრდება.
ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები ელოდნენ, რომ გაზრდილ პენსიას იანვარში მიიღებდნენ, თუმცა, როგორც Jnews-მა შსს-დან გაარკვია, პენსია ჯერ არ გაზრდილა, ვინაიდან კანონპროექტი ჯერ არ შესულა ძალაში, არ არის მიღებული და პარლამენტში იმყოფება. თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, პენსია გაიზრდება.