ერევნის მიქაელიანის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, კარდიოლოგი არმენ ოქროიანი არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამიდან. ამ სფეროში ის ერთ-ერთი საუკეთესოა სომხეთში. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით არმენმა მოახერხა არა მხოლოდ ბავშვობის ოცნების ახდენა, არამედ წარმატების მიღწევაც. ჩვენმა გმირმა ექიმის პროფესია ბავშვობიდან აირჩია, როცა ექიმთან მშობლების თანხლებით მიდიოდა. მას იმდენად მოეწონა ექიმი თეთრ ხალათში, რომ გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო.
”ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი და არა მხოლოდ ექიმი, არამედ კარდიოლოგი. ბავშვობაში, როცა მეკითხებოდნენ, რა მინდა გამოვიდე, ვპასუხობდი, რომ კარდიოლოგი. ჩვენი ოჯახის წინაპრები ექიმები არ იყვნენ, მე ვარ პირველი“, – ამბობს არმენ ოქროიანი.
ჩვენი გმირი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ უმაღლესი განათლება სომხეთში განაგრძო. ჩაირიცხა ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.
„რატომ ავირჩიე სომხეთი, რადგან რუსული განათლება მაქვს, საქართველოში რუსული განათლებით გარკვეული სირთულეები მექნებოდა. სომხეთში რუსულ ენაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა იყო“.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უნივერსიტეტებში არ არსებობდა წამახალისებელი პროექტები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და სწორედ ამიტომ ჯავახეთის ახალგაზრდების 90 პროცენტმა უმაღლესი განათლება სომხეთში განაგრძო. შესაბამისად, არმენიც სომხეთში სწავლის ვარიანტს ირჩევს.
Jnews-ის კითხვაზე, უფიქრია თუ არა ოდესმე ჯავახეთში დაბრუნებაზე, მან გვიპასუხა:
„მუშაობის საშუალება მომეცა აქ და ამ იდეაზე უარი არ ვთქვი. ისიც მინდა ვთქვა, რომ სომხები სომხები არიან, მე ჩემს სამსახურს ვასრულებ, ჩემთვის განსხვავება არ არის. ჯავახეთსა და სომხეთს შორის განსხვავებას არ ვაკეთებ“.
ის ამბობს, რომ პირველივე შესაძლებლობისას ჯავახეთში ექიმის სახით ჩამოსვლას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, არ მინდა ამპარტავნებით ამის თქმა, მაგრამ მაქვს ჯავახეთში ჩასვლის გეგმები, რათა ჩავდოთ ინვესტიციები და გარკვეულწილად განვავითაროთ ეს პროფესია ჯავახეთში. სხვათა შორის, სომხეთში ჯავახეთიდან ბევრი კარდიოლოგია და არა მარტო მე მაქვს ჯავახეთში ჩასვლის სურვილი, ჩამოვალთ დიდი ჯგუფით“.
მიუხედავად იმისა, რომ არმენ ოქროიანს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა და ემუშავა ექიმად სხვა ქვეყნებში, ის მაინც უარს ამბობს ამ შემოთავაზებებზე.”სომხეთში დარჩენა და სომეხი ხალხის მსახურება” – ეს არის დევიზი, რომლითაც ჩვენი გმირი ხელმძღვანელობს. ის ხაზს უსვამს, რომ მისი არჩეული პროფესია თავის ხალხს უნდა ემსახურებოდეს.
იმისდა მიუხედავად, რომ კარდიოლოგობა რთულია და მრავალი უძილო ღამის გატარებას ნიშნავს, ჩვენს გმირს არასოდეს უნანია, რომ ექიმის პროფესია აირჩია.
„ამ კონკრეტულ პროფესიაში არის შემთხვევები, როცა საქმე ცუდად მთავრდება, უკან ვიყურები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაანალიზებ ჩემს ქმედებებს. გამუდმებით ვცდილობ რაღაცის გამოსწორებას, სამუშაოს სრულყოფას, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა არჩეული პროფესია ვინანე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთესი პროფესიონალები არსებობენ, მაგრამ მე ნამდვილად მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ კარგად გავაკეთო ეს“.
ახლა, უკან გადახედვისას, არმენი ღიმილით ყვება ისტორიას, როგორ დაჰპირდა მისი ერთ-ერთი პაციენტი, რომ არ მოკვდებოდა და დილამდე დაელოდებოდა.
„ესე იგი, დილით საოპერაციოში 15-მდე პაციენტი დავარეგისტრირეთ. უკვე დილის 3 საათი იყო, ბოლო ოპერაცია დამრჩა, ძალაგამოცლილი ვაპირებდი პაციენტის ოთახში შესვლას და „ბოდიში, არ შემიძლია“ მეთქვა, მაგრამ პაციენტი თავის რიგს დილიდან ელოდებოდა. პაციენტს მივუახლოვდი, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მან მითხრა, “ძვირფასო ექიმო, ცოდო ხარ, წადი დაისვენე, არ მოვკვდები, დილამდე დაველოდები”. მადლობა ვუთხარი. დამელოდა და ოპერაცია დილით ჩავატარეთ“.
ექიმი, ინვაზიური კარდიოლოგი არმენ ოქროიანი არ საუბრობს თავის პროფესიულ მიღწევებზე. ამბობს, რომ მასზე უკეთესებიც არსებობენ, დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ მათთან ერთ დონეზე იყოს.
”ჩემზე ბევრად უკეთესები არიან, მე ჯერ კიდევ მაქვს გასავლელი გზა, რომ გავხდე ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან საუკეთესოები, როგორც წესი, ცოტანი არიან, მე ჯერ არ ვთვლი ჩემს თავს ამ რამდენიმედან რომელიმეს. რაც შეეხება ჩემს გავლილ გზას, ყველა ექიმის გზა რთულია. იყო პერიოდი, როცა თვეში მხოლოდ 5 დღეს ვატარებდი ოჯახთან ერთად, დანარჩენ 25 დღეს ვმუშაობდი, სამ სამსახურში ვიყავი მორიგე: სასწრაფოში, ორდინატურაში, აფთიაქში და ამ მსხვერპლმა განაპირობა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, ასევე ის, რომ მივისწრაფო, არ გავჩერდე და არ დაკმაყოფილდე მიღწეულით.”
არმენი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი. მისი ქალიშვილი 19 წლისაა, ვაჟი 9 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან, ორივემ გადაწყვიტა ექიმი გახდეს.
„მხოლოდ ერთხელ ვკითხე ჩემს შვილებს, იქნებ სხვა პროფესია აირჩიონ. ჩემს კითხვაზე ორივემ მიპასუხა, რომ მედიცინა აირჩიეს და მე არ ვეწინააღმდეგები. რაც შეეხება კითხვას, რომ მე, როგორც მშობელს, მინდა, რომ ჩემი შვილები ექიმი გახდნენ, არ მინდა, რადგან ეს წამებაა. მეორე მხრივ, ჩემი შვილების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რატომაც არა, კარგი ექიმები გვჭირდება“.
მიუხედავად იმისა, რომ არმენის გრაფიკი დატვირთულია, ზოგჯერ დღეში 10 ან მეტ ოპერაციას ატარებს, ყოველთვის ცდილობს გამონახოს დრო და ჩამოვიდეს ჯავახეთში, სამშობლოში. მისი მშობლები და ნათესავები ჯავახეთში ცხოვრობენ. ის ცდილობს თვეში ერთხელ მაინც მოინახულოს ისინი.
„თვეში ერთხელ მაინც მშობლიურ ქალაქში ჩასვლის ჩვევა მაქვს, მენატრება ჩემი მშობლები, იქ გავატარე ბავშვობა, იქ ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. აქ ვერ ვისვენებ სამსახურის გამო, ვისვენებ, როცა მშობლებს ვნახულობ, ხშირ შემთხვევაში ხუმრობით ვამბობ, წავალ გამოვიძინებ და დავბრუნდები. სანამ ჩემი მშობლები იქ არიან, მე არ შევწყვეტ იქ ჩსვლას, რაც არ უნდა მოხდეს“.
არმენი აღნიშნავს, რომ მედიცინაში სასწაულები ხდება, ხშირად წარმოუდგენელი, და მან ისაუბრა იმაზე, რაც უშუალოდ მას დაემართა.
„საოპერაციოდან გამოვდივარ, მეორე მორიგე კარდიოლოგი მოვიდა და მეუბნება, რომ პაციენტი აგონიზირებულ მდგომარეობაში მოიყვანეს, თითქმის გვამი. როდესაც პაციენტთან მივედი, დავინახე გვამური ლაქები, მაგრამ ვინაიდან პაციენტი უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, საჭირო იყო რეანიმაციული ზომების მიღება. მეც დავიწყე სინდისის სიმშვიდისთვის ნაბიჯების გადადგმა, გვაქვს დროებითი სტიმულატორი, კარდიოსტიმულატორი, რომელსაც გულში ვათავსებთ. მე ვუთხარი, გადავიყვანოთ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე მასაჟის გამოყენებით და ვნახოთ რა იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ პაციენტი მაინც მოკვდება.
ერთი სიტყვით, დადგინდა, რომ მაჩვენებლები აღდგა. გამოვედი და ახლობლებს ავუხსენი, რომ კარდიოსტიმულატორზე რამდენიმე საათის განმავლობაში შემეძლო გაჩერება. მეორე დღეს, როცა სამსახურში მოვედი, დერეფანში ამ ქალბატონის ქმარი დამხვდა და უკვე ვიფიქრე, რომ უნდა მომესამძიმრებინა. მაგრამ ვერ მოვასწარი, მან პირველმა დაიწყო საუვარი: “ძვირფასო ექიმო, იცით, ჩემს ცოლს კარაქის ჭამა უნდა, შეიძლება მივცე?” ეჭვი გამიჩნდა, ვიფიქრე, იქნებ ავურიე და სხვა პაციენტის ნათესავი იყო.
ვუთხარი, წავიდეთ, თქვენი ცოლი ვნახოთ, რეანიმაციაში შევედით და დავინახე, რომ ქალი გონს მოსულა, ცოცხალი და ჯანმრთელი, კარაქის ჭამის სურვილით. ეს ჩვენთვისაც წარმოუდგენელი იყო, ეს იყო სასწაული.”
სამომავლო გეგმებზე საუბრისას არმენი ხაზს უსვამს, რომ მედიცინა დინამიურად განვითარებადი სფეროა, ის დღითი დღე ვითარდება. მას სურს კარდიოლოგის პროფესია სომხეთში განავითაროს, რათა ევროპულ და ამერიკულ დონეებს მიაღწიოს. დღეს ეს მისი ერთადერთი მიზანია.