14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციას მწვანე შუქი აუნთო, მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რა მოჰყვება შემდეგ და რას ელოდება საქართველო, ამ და სხვა საკითხებზე Jnews-ი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მკვლევართან გიორგი ბილანიშვილთან დაინტერესდა.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის დიდი ხნის ნანატრი სტატუსი მიიღო. რა გველის შემდეგ?

– პოლიტიკურად ეს ძალიან დადებითია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან უკვე დიდი ხანია პროგრესი გვაქვს ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. როდესაც ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს 9 პირობა დაუწესა, ეს პირობები უნდა შესრულდეს, რათა გადავიდეთ იმ დონეზე, რაზეც ახლა არიან უკრაინა და მოლდოვა. რა თქმა უნდა, ამ 9 პირობის შესრულება გააუმჯობესებს ვითარებას საქართველოს ბევრ სფეროში, მაგრამ მაინც ადვილი არ იქნება ამ პირობების შესრულება და ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით იყი ეჭვი, ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, რამ შეუწყო ხელი მის მიღებას?

– პირველ რიგში, როგორც თავად ევროკავშირმა აღნიშნა, ჩვენ შევასრულეთ 12 პირობიდან 3 და მეორეც, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მტკიცედ არის პროევროპული და ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. და დაამტკიცა, რომ ამ ინტეგრაციისთვის კარგ დონეზეა მომზადებული. მესამე, გეოპოლიტიკურმა პირობებმა, რომელიც შეიქმნა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქონია გავლენა იმაზე, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისა და მოლდოვასთვის. ამის გამო დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბევრი ქვეყანა, როგორიცაა თურქეთი, ათწლეულები ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებას. რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს ამისთვის?

– უკვე ითქვა, რომ 2030 წელს ევროკავშირი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ამ დროისთვის ჩვენ მოვახერხებთ და შევასრულებთ ამ 9 პირობას, გადავალთ ინტეგრაციის ახალ დონეზე, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება, მაშინ ჩვენ ამ თვალსაზრისით უფრო პოზიტიური პერსპექტივები გვექნება, ვიდრე თურქეთს. იმიტომ, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ გავლენა მოახდინა ევროკავშირზე. თუ გადავხედავთ თურქეთის მაგალითს, ან სხვა ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ვიშეგრადის ქვეყნებს, ვგულისხმობ ჩეხეთს, სლოვაკეთს და ა.შ. მათთვის ინტეგრაციის პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა დღევანდელ ვითარებასთან შედარებით. ჩვენი პერსპექტივები ძალიან ნათელია.

როგორი იქნება რუსეთის რეაქცია?

– რუსეთი ახლა უკრაინის საკითხის მოგვარებაზეა ორიენტირებული. მას ესმის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ინტეგრაციისაკენ არ მიისწრაფიდა. მეორე მხრივ, ეკონომიკურ სფეროში, ვაჭრობის სფეროში, რუსეთისთვის საქართველოსთან ძალიან კარგი, პოზიტიური ურთიერთობები განვითარდა. თუ საქართველოდან რუსეთში, და ქვეყნებში ექსპორტს შევხედავთ, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არიან, ექსპორტი ძალიან გაიზარდა და სწრაფი ტემპით იზრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ასე რომ, ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა ემთხვევა რუსული პროპაგანდის რიტორიკას. ეს საკითხის ერთი მხარეა, მეორე მხრივ, რუსეთს ესმის, რომ საზოგადოება იბრძვის და ევროპულად არის განწყობილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ

ბოლო დროს სომხეთი საქართველოსთან ერთად იყო წარმოდგენილი, რამდენად შესაძლებწლია, რომ სომხეთმაც მოისურვოს ევროკავშირის ნაწილი გახდეს?

– თუ საქართველოს მაგალითს დავუბრუნდებით, ზოგიერთი მაინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუძლებელია, მაგრამ ბოლო ტენდენციები აჩვენებს, რომ ეს ძალიან რეალურია. სომხეთთან ბევრი საერთო გვაქვს. ვფიქრობ, სომხებსაც სჯერათ, რომ ისინი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ისინი ასევე ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება. სომხეთი ასევე ცდილობს გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, და სომხეთს ჰყავს ძალიან ძლიერი დიასპორა, რომელსაც შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს ამ საკითხში. ეს არის დადებითი მხარე, მაგრამ მეორე მხრივ, სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ორგანიზაციის წევრი. რუსეთის სომხეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობა ძალიან ძლიერია, როგორც მე ვფიქრობ. სამწუხაროდ, საზოგადოების განწყობაზე ვერ ვისაუბრებ. ამ ბოლო დროს თვალს არ ვადევნებ Public polls (სახალხო გამოკითხვებს), რომ ვნახო როგორია საზოგადოების განწყობა. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ თუ სომხეთის მთავრობას და სომხეთის მოსახლეობას ეს სურს, მაშინ ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, მათთვის უფრო ადვილი იქნება ევროკავშირში ინტეგრაცია. მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთთან მიმართებაში რუსეთის გავლენა და პოზიცია ძალიან ძლიერია, ეს რა თქმა უნდა ართულებს ამ პერსპექტივას.