7 დეკემბერს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მიწის უფასო რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს, რომელიც 2023 წელს არ განახლებულა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დეპუტატებს აცნობა, რომ რეესტრის თანამშრომლები ადგილზე მუშაობას 2024 წლის იანვრიდან განაახლებენ.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქში მიწის უფასო რეგისტრაციის შეჩერების თემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხშირად იყო დასმული. დეპუტატების კითხვებს ახალქალაქის იუსტიციის სახლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ მანველიანმა უპასუხა.
„მათი (იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების) თქმით, იანვრიდან უნდა მოვიდნენ და შეაგროვონ ინფორმაცია, ანუ სად, ვის რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს და ა.შ. იმუშავეს და 45 000 ნაკვეთის ელექტრონული რუკა შეადგინეს. ამის შემდეგ დაიწყება რეგისტრაციის პროცესი. გადაამოწმებენ საბუთებს, ვისაც აქვს საბუთების მიხედვით დარეგისტრირდება, ვისაც არა აქვს საჭიროა ლეგალიზაცია (აღიარება), ანუ ვისაც არა აქვს საბუთები უნდა მოიყვანონ მოწმეები, მაგალითად თანასოფლელები ან მეზობლები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, რომ ეს მიწის ნაკვეთი კონკრეტულად ამ ადამიანისაა, რის შემდეგაც მოხდება ლეგალიზაცია“, – თქვა მან.
საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა დაამატა, რომ რეგისტრაციის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთვება.
„რეგისტრირდება მხოლოდ 1,25 ჰექტარი მიწა, რაც მოსახლეობას აქვს, გარდა ამისა, თუ ეს იყო იჯარით აღებული მიწები, არ რეგისტრირდება, არ ლეგალიზდება“, – ამბობს თეიმურაზ მანველიანი.
მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესისთვის დამატებით თანამშრომლების აყვანას აპირებენ და 2024 წელს აპირებენ მის დასრულებას.
ნაირი ირიციანმა დეპუტატ შირვან შირინიანის შევარდნაძის დროს USAID-ის პროგრამის ფარგლებში გადაღებული საარქივო კადრების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„მე მათ ეს კითხვა დავუსვი, მიღებულია თუ არა USAID-ის პროგრამის ფარგლებში გადაღებული საარქივო ფოტოები, მიპასუხეს, რომ მიღებულია, მაგრამ გადაღება 64-ვე სოფელში არ ჩატარებულა“, – ამბობს ნაირი ირიციანი.
თეიმურაზ მანველიანმა დაამატა, რომ ზოგიერთ სოფელში, მაგალითად დილისკაში, ამ არქივის მონაცემები არ ემთხვევა რეალობას. მაგალითად, მიწის კოდის მიხედვით ნაჩვენებია ერთ ადგილას, მაგრამ მიწა რეალურად მდებარეობს სხვა ადგილას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. იმის გამო, რომ ადგილზე მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა შეფერხდა, შეშფოთება დაიწყო არა მხოლოდ მოსახლეობამ, არამედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ამიტომ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იუსტიციის სამინისტროში მიწის რეგისტრაციის პროგრამის ჩაშლის მიზეზების შესახებ რამდენჯერმე გააგზავნა წერილობითი მიმართვა.
6 დეკემბერს საჯარო რეესტრის თანამშრომლები პრეტენზიით ჩამოვიდნენ ახალქალაქში და მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების შეკითხვებს უპასუხეს.
2022 წლიდან საჯარო რეესტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო. პროცესი ეტაპობრივად ტარდება, შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაცია, გრაფიკის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში, დილისკაში დაიწყო, მაგრამ 2023 წელს არ განახლებულა.