თუკი ოდესმე საჩუქრად მიიღებთ სამკაულს დიზაინერ არფინე სტამბოლციანისგან ნინოწმინდიდან, ეს იქნება ლამაზად გაფორმებული საინტერესო სამკაული, მოთავსებული უნიკალურ ყუთში, რომლის შიგნით არის წარწერა «Piece of art for you» (ცოტაოდენი ხელოვნება თქვენთვის)».
ბევრი სომეხი ჯავახეთიდან საკუთარ თავს სამშობლოდან შორს პოულობს. თანადგომისა და განვითარების შესაძლებლობის უქონლობის გამო, ისინი სხვაგან მიემგზავრებიან. ზოგი ევროპას ირჩევს, ზოგი აშშ-ს, ზოგი რუსეთს, ზოგიერთი კი ერევანში, თავის ისტორიულ სამშობლოში მიდის. არმინე სტამბოლციანი თვითნასწავლი დიზაინერია, რომელიც საინტერესო, ფერად სამკაულებს ქმნის. გარდა ამისა, მის საავტორო ნამუშევრებს ის თავად ყიდის, ბრენდირებას უკეთებს და მარკეტინგით არის დაკავებული.
დასაწყისი
ჩემი მეუღლე მხატვარია, მაგრამ მე არა. პროფესიით თარჯიმანი, ლინგვისტი და მარკეტოლოგი ვარ. თუმცა, დიზაინი და ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა. ჩვენთან ნინოწმინდაში ხატვის შესაძლებლობა არ იყო, არ მქონდა ტილო და ზეთის საღებავები, სამხატვრო სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ მქონდა. ამის საშუალება რომ მქონოდა, მუსიკალური სკოლის გარდა, სამხტვროშიც ვივლიდი.
თავად იდეა 2016 წელს დამებადა, მე ვხედავდი, თუ როგორი დიდი სიამოვნებით ხატავდა ჩემი მეუღლე, მეც დამებადა ეს აზრი მეცადა, შევძლებდი თუ არა ხატვას. საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს შემიძლია. ვფიქრობდი, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც აქამდე არავის გაეკეთებინა. ისეთი პროდუქტის შექმნა მინდოდა, რომელიც უნიკალური, განსხვავებული იქნებოდა. ტილოზე ზეთის საღებავებით სამკაულების შექმნის იდეა ასე დაიბადა, შემდეგ პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დავიწყე. აზრი 2016 წელს დაიბადა და უკვე ერთი წლის შემდეგ ამით დავკავდი.
ჩემს სტილს აბსტრაქციონიზმისა და მინიატურის ელფერი აქვს, ეს სხვა მიმდინარეობაა. ჩემი სამკაულების ნახატების ნაწილი ჩემი გაკეთებულია, ნაწილს კი ჩემი მეუღლე ხატავს. მე ბრინჯაოზე პოლიმერული თიხით ვმუშაობ და ფოლადზე როედურ საფარს ვიყენებ. ეს ზედაპირი ნაკეთობას ფერს უნარჩუნებს და ის არ იჟანგება. შაბლონებზე პოლიმერული თიხით ურევ ფერებს და სპეციალური ტექნიკის საშუალებით ნახატს ღებულობ. მსგავსი მეორე არ იქმნება, ერთი წყვილი საყურეც კი სხვადასხვა ნახატით გამოდის. მეორე ტექნიკა, ყვავილოვანი ტექნიკაა, რომლის გაკეთებაც მე ძალიან მიყვარს. ამ ტექნიკის გამეორება შესაძლებელია, მაგრამ ჩემი ნამუშევრები გამოირჩევიან იმით, რომ ერთ ნაკეთობას ორჯერ არ ვიმეორებ. ეს ხომ საავტორო ნაკეთობაა.
როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი
მე მარწმუნებდნენ გამეყიდა ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ვთქვი, რომ ვიდრე ბრენდინგს და ლოგოტიპით ბრენდულ შეფუთვას არ გავაკეთებ, არ გავყიდი. მე სერიოზული ბრენდის შექმნა მინდოდა, და არა წვრილმანები მეკეთებინა უსაქმურობისგან. ასე ლოგიტიპზე მუშაობა დავიწყე, გრაფიკული დიზაინი შევისწავლე, ლოგოტიპი დამოუკიდებლად გავაკეთე ისევე, როგორც სავიზიტო ბარათები, ყუთები, და მოვამზადე შეფუთვა.
ბრენდის სახელწოდების მოფიქრება რთული პროცესი იყო. 4 თვის განმავლობაში ვქმნიდი სახელს, ყველა იცინოდა და მეუბნებოდნენ, მიდი, დროზე გაყიდეო. სახელწოდების ბევრი ვარიანტი იყო, მაგალითად, სომხეთთან რომ ჰქონოდა კავშირი, ასევე მინდოდა, რომ ჩემს სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული. ბოლოს მივხვდი, რამე მარტივის მოფიქრება იყო საჭირო. ავიღე ჩემი სახელი- არმინე, და გვარის, სტამბოლციანის პირველი ასო. გამოვიდა «არმინს».
შემდეგ ვებ-გვერდები გავხსენი და ერთი წლის შემდეგ, კონკრეტულად ამ საქმით დავკავდი. როდესაც ჩემი ნამუშევრების ფოტოები დავდე, ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან ცოტა ადამიანია დაკავებული პოლიმერული თიხით, ზეთის ტილოებს აქ საერთოდ არავინ აკეთებს. ჩემი ნამუშევრების ფოტოებსაც თავად ვიღებ. შეიძლება ითქვას, რომ მოყვარული ფოტოგრაფიც ვარ. იმის შესახებ, რომ სამკაულებს ვქმნი, ბევრმა ჩემმა ნათესავმა არც კი იცის, თუმცა ამას უკვე 4 წელია ვაკეთებ. დიდად არ მიყვარს როდესაც ჩემზე საუბრობენ და ყოველთვის გავურბოდი ამას. 3 წელი საკუთარ თავს, როგორც ავტორს, ფაქტიურად არც ვაჩენდი. თუმცა ერთხელ დავდე პირადი ფოტო და ამინ დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც მარკენტიგისთვის სასარგებლო გამოდგა.
კონკურენცია
როდესაც Facebook-ზე ჩემი ნამუშევრების ფოტოების გავრცელება და სოციალურ ქსელებში რეკლამა დავიწყე, რომელიც სხვა ქვეყნებზე იყო მიმართული, ორმა ადამიანმა ჩემი კოპირება დაიწყო, რომელთაგან ერთი იყო სომხეთის ცნობილი დიზაინერი, მეორე კი აშშ-დან იყო. შესაძლოა მათ იგივე იდეა დაებადათ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ. სამწუხაროდ, ჩემი უფლებების გაპატენტება ვერ მოვასწარი.
გამოფენები და პრობლემები
სამკაულებს ძირითადად ჩემს გვერდზე, სოციალურ ქსელებში ნახულობდნენ და მწერდნენ. ასე მიწვევდნენ გამოფენებზე. გასულ წელს სომხეთის დონეზე «სომხეთი ექსპო» გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ იყო «პან არმენიან ექსპო», სადაც ჩვენი ბრენდი კატალოგში იქნა შეტანილი. შემდეგ სომხეთის საგარეო სამინისტრომ დიდ გამოფენას გაუკეთა ორგანიზება, სადაც ასევე მივიღე მონაწილეობა. ორი წლის წინ საფრანგეთში გამოფენაზე მონაწილეობის შეთავაზება მივიღე, მაგრამ რადგან თვითდაფინანსებაზე ვარ მონაწილეობის შესაძლებლობა არ იყო. დიდი შემოსავალი, როგორც ასეთი, მე არ გამაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონიასა და პარიზში გამოფენებზე მივიღებდი მონაწილეობას.
მომგებიანია თუ არამომგებიანი
ეს საქმე იმდენად მომგებიანია, რომ შენი მუშაობით რაღაც გარკვეული ზომით ეხმარები ოჯახს. თუმცა, თუ ამ საქმით სერიოზულად დაკავდები, ეს საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ეს იმ შემთხვევაში, თუ გაქვს ფართი, თუ გაქვს ბრენდული მაღაზია-ბუტიკი, სადაც ტურისტული ნაკადია. მე საქმეს ოჯახთან ვათავსებ და შესაძლებლობისამებრ ვმუშაობ.
2018 წელს გამოვუშვით პროდუქტი, რომელიც აქამდე სომხეთში არ ყოფილა. ეს იყო ვერცხლის ნაკეთობების კოლექცია, კერძოდ ვერცხლისა და პოლიმერული თიხის კომბინაცია. მსგავსი კომბინაციის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ასევე ვაკეთებდი ვერცხლისა და მინანქრის კომბინაციას, ამ პროდუქტის გაშვებაც გვინდოდა საცდელად, იქნებოდა თუ არა წარმატებული. გამოდის, რომ დიდი ინვესტიციები არ გვაქვს, დიდი რაოდენობით ვერცხლის ნაკეთობების გაშვება არ შემიძლია, ვაკეთებთ შეკვეთით. რომ ყოფილიყო ინვესტორი, ჩვენ პერსონალურ გამოფენას მოვაწყობდით, მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებშიც მივიღებდით.
სამომავლო გეგმები
იგეგმება ვერცხლის ნაკეთობების შექმნა, ეს იქნება ცალკე კატეგორიის და უფრო ძვირადღირებული პროდუქტი, უნიკალური იქნება ჩადებული აზრითა და კონცეფციით. მაშასადამე, როდესაც ყიდულობ «ARMINS» პროდუქციას, შენ არა მარტო ნაკეთობას, არამედ «იდეასაც» იძენ. ჩემი ბრენდი ერთ იდეაზეა დაფუძნებული. ისეთი ნამუშევრის შემქნა, რომელიც მყიდველისთვის უნიკალური იქნება, ცოტაოდენი ხელოვნება მფლობელს.
როდესაც ხსნი ნაკეთობის ყუთს, შიგნით ჩვენი დევიზი წერია “Piece of art for you” (ცოტაოდენი ხელოვნება თქვენთვის). მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ 20-30 წლის შემდეგ, ნამუშევრების გაფართოებით, განვითარებითა და გაუმჯობესებით მე ისტორიას შევქმნი. ანუ, ეს იქნება ფასეულობა, რომელიც შეიძლება დაუტოვო შვილებს, შვილიშვილებს…