ბოლო დროს საქართველოში ნაადრევი ქორწინების არაერთი შემთხვევა გახდა ცნობილი, რომელთაგან ზოგიერთი მკვლელობითაც დასრულდა. ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნულ უმცირესობებს შორის ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა. Jnews-მა გადაწყვიტა დაინტერესებულიყო, ქორწინდებიან თუ არა ადრე ახალქალაქელი სომეხი გოგოები და რა მდგომარეობაა აქ ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით?!

ახალქალაქში, 15-20 წლის წინ ადრეული ქორწინება და პატარძლის მოტაცება აქტუალური იყო, ეს თავის მხრივ ჩვეულებრივი რამ იყო. პატარა სოფლებში შეუძლებელი იყო 13 წელზე უფროსი გაუთხოვარი გოგოების პოვნა. თუმცა, ვითარება თანდათან შეიცვალა, კანონმდებლობის ჩარევის გარეშე, რომელიც გამკაცრდა მსგავს ქმედებებთან მიმართებაში. ახლა ასეთი შემთხვევები იშვიათია და მათ შესახებ ძირითადად შემთხვევის შემდეგ ხდება ცნობილი. არასრულწლოვანთა მოტაცება და ქორწინება ძირითადად შორეულ სოფლებში ხდება, როცა მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ ფაქტი არ გახმაურდება.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, რაზეც ბევრი ფაქტი და ამ საკითხზე მომუშავე პირები საუბრობენ, ახალქალაქის საავადმყოფოს ინფორმაციით 2023 წელს 16-17 წლის 4 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა. ყველა მათგანი სოფლის მცხოვრები იყო. ექიმების თქმით, ნაადრევი მშობიარობა მაღალ სტატისტიკას შეადგენს.

ახალქალაქის მოსახლეობა ძირითადად ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგია, ქალაქში მსგავსი შემთხვევები სკანდალურად ითვლება, საზოგადოების მხრიდან განიხილება და იგმობა. ერთი ასეთი შემთხვევა ამ ზაფხულს მოხდა. გოგონას მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, კანონი არ კრძალავდა.

„ჩემი ქალიშვილი 18 წლის იყო, როცა მოიტაცეს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მისი დაოჯახების, რადგან ვთვლიდით, რომ ადრე იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ განათლება მიეღო. თუმცა ამ შემთხვევაში კანონი იმის მხარეზე იყო, ვინც მოიტაცა, რადგან ქალიშვილი მხარს უჭერდა დაქორწინების გადაწყვეტილებას. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ რადგან ის უკვე სრულწლოვანია, ვერაფერი გავაკეთეთ”, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობენ, ასევე ამბობენ, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ. ექსპერტები თვლიან, რომ სიტუაციის შეცვლა რამდენიმე ფაქტორის გამო იყო შესაძლებელი

შორენა თეთვაძე არის «ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის» დირექტორი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ახალგაზრდებთან. მისი აზრით, ამ მიმართულებით სკოლებში პედაგოგებიც ინტენსიურად მუშაობენ, მაგრამ საზოგადოებაც იცვლება, ემორჩილება გლობალიზაციას.

„სტერეოტიპები ინგრევა, თუ ადრე არსებობდა გაგება, რომ გოგონა „თავის დროზე“ უნდა გათხოვდეს, რომ ოჯახი გოგოებისთვის პრიორიტეტია და მსგავსი, ახლა ყველა მიხვდა, რომ განათლება პირველ ადგილზეა. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება, ეს შეიძლება იყოს რაიმე ხელობის სწავლა, და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომ იყოს დამოუკიდებელი და უზრუნველყოს საკუთარი თავი. ბევრი აქორწინებდა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა ასე აღარ არის. შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახები შვილებისთვის განათლების მიცემას ცდილობენ“, – ყვება ის.

მისი აზრით, ამ საკითხში კიდევ ერთი სტიმული გახდა არაფორმალური განათლება.

„არაფორმალური განათლება ბავშვების ჰორიზონტს აფართოებს, გადიან გარეთ, ხედავენ, თუ როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ სხვაგან, რით არიან დაკავებული. ესმით, როგორ იცხოვრონ კარგად. ხშირად ადამიანები, რომლებიც არ იღებენ არაფორმალურ განათლებას, არ ესმით ტრენინგის მნიშვნელობა. ტრენინგები, შეხვედრები, დისკუსიები, გულახდილი საუბრები, – ეს ყველაფერი ეხმარებათ, მაშინვე იცვლებიან, თუნდაც რაიმე საკითხზე კომპლექსები ჰქონდეთ, შეუძლიათ გადალახვა“, – ამბობს შორენა.

უკეთესობისკენ ცვლილებების მიუხედავად, ორსულთა სტატისტიკა მაინც იძლევა იმის საფუძველს ვიფიქროთ, რომ პრობლემა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მოგვარებული. არასრულწლოვანთა ორსულობათა ცალკეული შემთხვევები მიუთითებს იმაზე, რომ ახალქალაქში არის ადგილები, სადაც მამაკაცები იტაცებენ მათ, ხოლო გოგონების მშობლები ამას თანხმდებიან. ან არასრულწლოვნის ქორწინება, რომელსაც ჯერ არ შეუძლია ამის გადაწყვეტა, ხდება საქმროსა და გოგონას მშობლების ერთობლივი გადაწყვეტით.