15 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში პროფესიული განათლების კურსები ამოქმედდა. აქ ისინი შეძლებენ სპეციალიზაციას შემდეგ სფეროებში: საბაჟო საქმე, სატყეო მეურნეობა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბუღალტრული აღრიცხვა.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის, მაკა ბერიძის თქმით, სხვა მიმართულებების დამატებაზეც ფიქრობენ.
„ვფიქრობთ ახალ მიმართულებებზე, 20 ნოემბერს გვაქვს შეხვედრა ფერმერთა ასოციაციასთან, შემდეგ შევხვდებით დამსაქმებლებს და რა თქმა უნდა მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. აუცილებლად კვლევასაც ჩავატარებთ იმის გასარკვევად, რამდენი ადამიანი და რა პროფესიაა საჭირო. ახლა პროფესიული განათლების მიმართულებების გახსნა პირდაპირ კავშირშია შრომის ბაზრის საჭიროებებთან. ამიტომ, ჩვენ შევხვდებით დამსაქმებლებს და გავიგებთ, რა არის საჭირო. ექთნების სპეციალიზაციაზეც ვფიქრობთ, თუ შეხვედრების შედეგად გაირკვევა, რომ მედდის პროფესია ნამდვილად მოთხოვნადია, შესაძლოა, ეს მიმართულება ახალქალაქში გაიხსნას“, – ამბობს მაკა ბერიძე.
უნივერსიტეტის რექტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა მასწავლებლები ადგილობრივი არიან, ანუ თუ ადრე ახალციხიდან ჩამოდიოდნენ, ახლა სპეციალისტები უშუალოდ ახალქალაქიდან არიან.
„წელს აქცენტი გავაკეთეთ ახალქალაქში მცხოვრებ ადგილობრივ მასწავლებლებზე. ამ ეტაპზე მასწავლებლების მოძიება ძალიან წარმატებული იყო, გვყავს ახალგაზრდა სპეციალისტებიც, რომლებსაც ასევე ვამზადებთ ამ პროცესში. მე ვიყავი კომისიის წევრი და შევარჩიეთ ახალგაზრდები, რომელთა მოტივაციაც ძალიან დავაფასეთ“, – ამატებს ბერიძე.
პროფესიული განათლების ზემოაღნიშნულ მიმართულებებში ამჟამად 73 სტუდენტი სწავლობს. დარჩენილია ძალიან ცოტა თავისუფალი ადგილი და დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ აპლიკანტებმა გასაუბრებაზე გაიგეს, რომ დაუსწრებლად სწავლას ვერ შეძლებდნენ.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სტუდენტები სწავლის პარალელურად პრაქტიკულ მომზადებას გადიან.
„პროფესიული განათლების უმეტესობა ეფუძნება გამოცდილებას, სადაც შეიძლება მოგვიანებით იმუშაონ. დამსაქმებლები აქტიურად არიან ჩართულნი ტრენინგების პროცესში. მაგალითად, საბაჟოში სპეციალიზირებული ადამიანი უკვე დასაქმდა. ექთნების გადამზადებაში კი ჩართული არიან “EVEX” კლინიკის სპეციალისტები, რომლებიც თავად არიან დამსაქმებლები. პრაქტიკა ჩვენი სწავლის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამატებს ის.
მაკა ბერიძე კმაყოფილია შედეგებით და დარწმუნებულია, რომ სტუდენტების რაოდენობა მომავალში გაიზრდება.