მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სამხედრო თავდასხმის და არაღიარებული არცახის რესპუბლიკის ლიკვიდაციის გამო 100 000-ზე მეტი ყარაბაღელი სომეხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და წასულიყო სომხეთში. ლტოლვილთა ნაკადმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია. ზოგი თვლის, რომ ეს დააზარალებს სომხეთის ისედაც სუსტ ეკონომიკას და გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს, ზოგი კი აღნიშნავს სომხური მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის უპრეცედენტო ზრდას.

სომხეთის მთავრობის უახლესი ოფიციალური მონაცემებით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში რეგისტრირებული და იდენტიფიცირებულია 101 848 იძულებით გადაადგილებული პირი. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სომხურ სკოლებში ჩაირიცხა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული 16 371 ბავშვია. 95 ათასამდე ლტოლვილმა უკვე მიიღო ერთჯერადი ანაზღაურება მთავრობისგან 100 000 დრამის ოდენობით, თუმცა, ვიცე-პრემიერის და მთავრობის „ჰუმანიტარული ცენტრის“ კოორდინატორი ტიგრან ხაჩატრიანის თქმით, წლის ბოლომდე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს კიდევ 50 000 დრამი გადაეცემათ.

„შორიდან რამდენადაც შემიძლია ამაზე მსჯელობა, ეს არის გამჭვირვალე პროცესი, მე მივყვები მთავრობას პროგრამების, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის, განათლების, დასაქმების მხარდაჭერის კუთხით“, – მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიღების პროცესს აკომენტარებს ექსპერტი, რუსეთსა და ევრაზიაში “კარნეგის ფონდის” უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი ანნა ოჰანიანი.

ის აღნიშნავს, რომ ამ საკითხში უფრო საინტერესოა სამოქალაქო მობილიზაციის უპრეცედენტო მატება, რომელიც სომხეთში დევნილთა შემოდინების შედეგად მოხდა.

„ეს არის ტრაგიკული ვითარება, მაგრამ ამავდროულად, ამ კრიზისის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობას და ეს მხოლოდ გააძლიერებს საზოგადოებას, იმის საწინააღმდეგოდ, რაც ბევრმა თქვა, რომ ლტოლვილები პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნიან. ამ უკანასკნელს არ ვეთანხმები“, – ამბობს ოჰანიანი.

სოციალური ქსელები და სხვადასხვა სომხური ჩათები სავსეა შეტყობინებებით, რომ დახმარებას აგროვებენ ან ეძებენ ლტოლვილებს საცხოვრებელს, ქვეყნდება ვაკანსიები ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის და ა.შ. სომხურმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, საკუთარი თავის ორგანიზება მოახერხა და მთელი თავისი რესურსის მობილიზებას ცდილობს, რათა მცირეოდენი მხარდაჭერა მაინც გაუწიოს ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ დარჩენილი.

ჯავახეთის ფესვებით მოსკოვიდან რეპატრიანტი არტური 5 წელია ერევანში ცხოვრობს. ის მეგობრებთან ერთად გორისში წავიდა ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის გადინების პირველსავე დღეს. ის იხსენებს, რომ გაოცებული იყო ახალგაზრდების, მოხალისეების დიდი რაოდენობით, რომელთაგან ბევრი იყო ორგანიზაციებიდან, ხოლო ბევრი საკუთარი ინიციატივით მივიდა, ისევე როგორც არტური.

„წითელ ჯვარს, საავადმყოფოებს, მიმღებ ცენტრებს ვკითხეთ, სჭირდებოდათ თუ არა დახმარება განსახლების, საკვების, მედიკამენტების და ა.შ. თაობაზე, მაშინ გვითხრეს: „არა, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი არის“. საერთო ჯამში, იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო ბევრი ხალხი. მაგრამ რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით, ბავშვებისთვის შოკოლადები ვიყიდეთ და მსგავსი ყველაფერი. მაგრამ რადგან განსაკუთრებული საჭიროება არ იყო, ხალხს არ ვაწუხებდით,ყველაფერი საკმაოდ ორგანიზებული ჩანდა”, – ყვება ის.

ყარაბაღის სომხების გადასახლებიდან რამდენიმე დღეში, ვაიკში მეორე მიმღები ცენტრი გაიხსნა. მაშინ არტური და მისი მეგობრები მათ შეუერთდნენ.

„იქ უკვე უფრო დიდი ნაკადი იყო, იქაც ბევრი ახალგაზრდა იყო, ისინიც ძალიან კარგად ეპყრობოდნენ ყველას, ვეხმარებოდით დარიგებაში, ხალხის კოორდინაციას, სად წასულიყვნენ, სად რა აეღოთ, სად დარეგისტრირდნენ, სიმ-ბარათები… შემდეგ ერთი ოჯახიც წავიყვანე, რვა კაცი ჩავსხედით ხუთადგილიან მანქანაში, ნივთებით და ვაიკიდან აბოვიანში გავემგზავრეთ ღამის პირველ საათზე,» – იხსენებს არტური. ის ყვება, რომ ამ ყველაფრის გაკეთება რთულ პერიოდში თავისი ხალხის დახმარების სურვილმა შთააგონა.

გარდა ამისა, არტურმა და მისმა მეგობრებმა სხვადასხვა ფონდებში თანხა შეწირეს, არტურმა ავეჯი და ტექნიკა გაუზიარა, ხოლო ახლა მუშაობენ ისევ ერთ პროექტზე, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან დევნილ ქალებს დაასაქმებს.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველას დასაქმება, რომ არ ჰქონდეთ მუდმივი დახმარებისა და შეღავათების საჭიროება, საკუთარი თავის უზრუნველყოფა მოახერხონ, კიდევ რამდენიმე მომუშავე მე ავიყვანე სახლში კოსმეტიკური რემონტის გასაკეთებლად, სპეციალურად შევარჩიე, რომ არცახიდან ყოფილიყვნენ,” — ყვება ის.

არტური აღნიშნავს, რომ სომხური საზოგადოების მობილიზება მაშინ მოხდა, როცა სიტუაცია კრიტიკულ წერტილამდე მიაღწია.

„როგორც ყოველთვის, როცა სხვა გზა არ იყო, ყველა გააქტიურდა და დაიწყო დახმარება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რაც ძალიან სასიამოვნოა, ყველა ლტოლვილების მიმღებ პუნქტში ძალიან აქტიურად ეხმარებოდნენ დღედაღამ ძილისა და საკვების გარეშე, აქტიურად შრომობდნენ. ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურები არიან, ეს კარგია“.

მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს სომხეთში პირველად მოხალისეები დახვდნენ. 24 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანი განბლოკა, სომხეთში სულ რაღაც 1 კვირაში 100 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ათასობით მოხალისე დღე და ღამე ეხმარებოდა სომხეთში ჩასულ ადამიანებს საკვების, ტანსაცმლისა და მედიკამენტების მიღებაში. ისინი არეგისტრირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე არკვევდნენ რა სჭირდებოდათ. როგორც კი შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოხალისეების მიღების შესახებ გამოაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე მაშინვე დარეგისტრირდა ათასზე მეტი ადამიანი.

სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა დახმარების პროგრამები ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სახლები და მთელი ქონება. პარალელურად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები აგროვებენ სახსრებს და ჰუმანიტარულ დახმარებას. ერევანში და ყველა რეგიონში შეიქმნა პუნქტები, სადაც აგროვებენ და ანაწილებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს. აქ შესაფერისი ტანსაცმლის, ჭურჭლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის პოვნა შეეძლოთ.