ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნში ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 708 925 ლარია გამოყოფილი. მშენებლები ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
ხიდის მშენებლობას “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №2” კომპანია ახორციელებს.
მარტუნის მოსახლეობა კმაყოფილია, რომ ამდენი წლის შემდეგ ბოლოს ავარიული ხიდის ნაცვლად ახლად აშენებული ხიდი ექნებათ.
„მათ ბრწყინვალე საქმე გააკეთეს, ჩვენ კმაყოფილი ვართ, ასეთ მოკლე დროში ააგეს ასეთი თანამედროვე ხიდი. ყველაზე მთავარი ისა, რომ ტექნიკური უსაფრთხოება დაცულია. ძველი მთლიანად დაინგრა, ახალი კი ძალიან მყარია, რკინაბეტონის ფუნდამენტით. მე, როგორც სოფლის მკვიდრი, კმაყოფილი ვარ“, – თქვა სოფელ მარტუნის მკვიდრმა ვალოდია ირიციანმა.
„ახლა ყველაფერი კარგადაა, სამუშაოები პროცესშია. ჩვენს სოფელს ძალიან სჭირდებოდა ეს ხიდი, ძველი გაუვალ მდგომარეობაში იყო“, – თქვა ალბერტ ხრიმიანმა.
მშენებლობისას ჯერ ერთი მხრიდან გადაკეტეს მდინარის დინება, ფუნდამენტი ჩაასხეს, დაასრულეს სამუშაოები, შემდეგ კი მეორე მხარე გადაკეტეს.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №2“-ის დირექტორის ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თქმით, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე მოსახლეობა სოფელში მისასვლელად ალტერნატიულ გზას იყენებს.
პროექტის თანახმად, ახალი ხიდი ძველზე ოდნავ მაღალი იქნება, სიგანე იქნება 3 მ 10 სმ, ხოლო სიგრძე 76 მ. მარცხნივ 1 მეტრი სიგანის ბილიკი იქნება. ხიდი ღამითაც იქნება განათებული.
სოფელ მარტუნში ხიდი 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობამ არაერთხელ უჩივლა და სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდის გარემონტება, რადგან ეს სოფლის მოსახლეობის ერთადერთი გზაა. ბოლოს ხიდი 2009 წელს გარემონტდა, თუმცა არა მთლიანად.