თბილისში, 10 ოქტომბერს, „ჯავახეთში კრიტიკული აზროვნების სკოლის“ პირველი ეტაპის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა პროექტის შედეგები შეაჯამეს და სამომავალო აქტივობებზე ისაუბრეს.
“კრიტიკული აზროვნების სკოლა” ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომლის მიზანია კრიტიკული ცოდნის გაზიარება ახალგაზრდა აქტივისტებთან და საზოგადოების ლიდერებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციალური სამართლიანობით, თანასწორობითა და დემოკრატიით, ასევე კოლექტიური განხილვისა და საერთო ქმედებისთვის პლატფორმის შექმნით. სკოლაში სწავლის შესაძლებლობა 20-დან 35 წლამდე უმაღლესი განათლების მქონე ან ბოლო კურსზე მყოფ 25 ახალგაზრდებს ჰქონდათ.
Jnews-თან საუბარში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინტერესიდან გამომდინარე, მომავალში პროგრამის გაგრძელებას გეგმავენ.
„ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც ბევრმა აქტივისტმა დაამყარა კავშირი ერთმანეთთან და ეს ერთიანობა მომავალში ახალი და განსხვავებული იდეების შესაძლებლობას გაზრდის. დღეს ჩვენ გვქონდა მონაწილეებთან დისკუსია და უფრო ნათელი გახდა, რა შედეგები მივიღეთ, რესურსების მობილიზების წყალობით ახალგაზრდები შეძლებენ უფრო მკაფიოდ დააორგანიზონ შემდგომი მუშაობა თავიანთ თემებში“, – თქვა მან.
თამთა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში ამჩნევს აქტიურობას როგორც სოციალურ პლატფორმებზე, ასევე ადგილობრივ მედიასა და სხვა პლატფორმებზე, რომლის მეშვეობითაც სამცხე-ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე იქნება საუბარი და ცენტრში უფრო მოსმენადი ხდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლის, ტიგრან ტარზიანის თქმით, პროგრამა რეგიონისთვის სიახლეს წარმოადგენს.
„პროგრამა განსხვავდებოდა იმით, რომ ეს არ იყო მხოლოდ კურსები ან სემინარები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სხვადასხვა აკადემიკოსებს, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები, გარდა ამისა, გვქონდა კულტურული ვიზიტები თბილისში, სადაც ერთად შევძელით თბილისის მრავალფეროვნების აღმოჩენა და კულტურული ძეგლების დათვალიერება.
მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რეგიონში სხვადასხვა სექტორში. მათ შეძლეს ერთმანეთის უკეთ გაცნობა და მომავალში ამ კავშირების პრობლემების გადასაჭრელად და კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად გამოყენებას შეძლებენ“, – ამბობს ტიგრან ტარზიანი.
შეგახსენებთ, რომ ჯავახეთში „კრიტიკული აზროვნების სკოლის“ ფარგლებში პირველი შეხვედრა 2022 წლის 26 ივლისს გაიმართა.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:
ახალქალაქში კრიტიკული აზროვნების სკოლა ამოქმედდა
ჯავახეთში კრიტიკული აზროვნების სკოლა იმოქმედებს