ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ჭობარეთში, ეგრეთწოდებულ ულამაზეს თეთრობში უკვე მოწყობილია დასვენებისა და კემპინგის ახალი ადგილები.
ჯავახეთის ულამაზეს კუთხეში, თეთრობში სამ ადგილას აშენდა სამი ხის სახლი სველი წერტილით და საცხენოსნო აღჭურვილობის შესანახი ადგილით, კოცონის ადგილითა და ფანჩატურით . სახლებში არის ფეჩი, საწოლი, მაგიდა,ხოლო მზის პანელები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით. ამ დასვენებისა და კემპინგის სახლების მშენებლობა წელს დასრულდა, თეთრობში ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად არის ტურისტული გზა, სპეციალურად მონიშნული, რომ ტურისტები არ დაიკარგონ. სახლებით სარგებლობა უფასო არ იქნება. ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ კარაპეტიანის თქმით, ფასი ამ დღეებში განისაზღვრება.
“ეს პრაქტიკულად სასტუმროა და სარგებლობა უფასო ვერ იქნება. წყალი, შუქი არის და რამდენიმე ადგილას წყაროც არსებობს. უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენს გვერდზე იქნება განთავსებული. რაც შეეხება ფასს, კარწახში, მაგალითად, ეს იქნება ერთი, ორი თუ სამი ადამიანი- ფასი 60 ლარია, ხოლო სამ ადამიანზე მეტის შემთხვევაში, თითო ადამიანს 20 ლარი ემატება. თუ კარვებსაც შლიან, ესეც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. იქ არა მხოლოდ ხანძარი შეიძლება გაჩნდეს, არამედ ხალხი უბრალოდ შეიძლება დაიკარგოს. უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანი შევიდა ტყეში და რამდენი გამოვიდა იქიდან. თუ ნიშნებს მიყვები, ტურისტული ბილიკი ჩანს, იქ წითელ და თეთრ ფერებშია ნიშნები. ჩვენთან დაკარგვა შეუძლებელია, რადგან მხოლოდ ერთი ბილიკია”,- ამბობს თამაზ კარაპეტიანი.
ტურისტებს კემპინგის ადგილამდე მისვლისთვის შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ, როგორც ფეხით, ასევე მანქანით ან ცხენებით.
“იქ არის ადგილი, ცხენოსნობის აღჭურვილობის დატოვება შეიძლება, ცხენების დაბმა შეიძლება, არის ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ადგილი. ჩვენ სამებაში გვყავს ცხენები, ჩვენ მათ უნაგირები, სხვა აღჭურვილობები მივეცით, იმ შეთანხმებით, რომ ისინი პარკის ვიზიტორებს მოემსახურებიან, მაგრამ ფასი რამდენი იქნება- ეს უკვე ჩვენ არ გვეხება. ვიზიტორები თვითონ თანხმდებიან ცხენების მფლობელებთან. ჩვენს ვიზიტორების ცენტრს შეუძლია კონტაქტების მიცემა, ან ამ კონტაქტების ნახვა საიტზე შეეძლებათ”.
კემპინგი გრანტის საშუალებით აშენდა, რომელიც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის(KFW) მიერ დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარების მიზნით, 16 000 250 დოლარის ოდენობით იყო გამოყოფილი. გრანტი ექვს წელიწადზეა გათვალისწინებული. გერმანიის მიერ გამოყოფილმა თანხამ ხელი უნდა შეუწყოს ადმინისტრაციული ნაკრძალების მუშაობის გაუმჯობესებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ეკოტურიზმის განვითარებას. გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის სახელწოდებაა “ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში”
ამ პროგრამის ფარგლებში, ჯავახეთის ეროვნელ პარკში, თეთრობის აღკვეთილი შექმნილია ტურისტული ინფრასტრუქტურა. მშნებელობა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა 3 კოტეჯი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ბილიკები მთლიანი სისტემის შექმნის მიზნით სხვა ტურისტულ ბილიკებს უნდა შეუერთდეს.
ეს ადგილი ნაკრძალად ითვლება, რადგან აქ იზრდება იშვიათი, ხავერდოვანი ყვავილი, რომელიც მსოფლიოში ოთხ ადგილას გვხვდება. ყვავილს “ჯავახეთის პამპარულა” ჰქვია, ის თეთრია, ამასთან არის დაკავშირებული ნაკრძალის სახელწოდევა- თეთრობი (თეთრი ადგილი). ნაკრძალის ტერიტორია- 3000 ჰა. მთიან ჯავახეთში ეს ჟანგბადით ყველაზე მდიდარი ადგილია.