“USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის” ფარგლებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ასევე მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სოფელში Bus Tour-ი გაიმართება. ახალქალაქში ტური 2 და 3 ოქტომბერს სოფელ კარტიკამში, ვაჩიანში, ხულგუმოში გაიმართება.

ტურის განრიგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში:

2 ოქტომბერს 10:30 საათზე შეხვედრა გაიმართება სოფელ კარტიკამში, სოფლის საქორწინო დარბაზში.
2 ოქტომბერს 2:30 საათზე შეხვედრა სოფელ ვაჩიანში, სოფლის სააქტო დარბაზში გაიმართება.
3 ოქტომბერს 10:30 საათზე ტურის მონაწილეები სოფელ ხულგუმოს მცხოვრებლებს სოფლის სარიტუალო სახლში გაეცნობიან.

რას წარმოადგენს Bus Tour-ი?

“USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ყველაზე შორეულ და დაუცველ თემებში საჭიროებების დადგენა და მათზე რეაგირება. სხვა მექანიზმებთან ერთად USAID აწყობს Bus Tour-ს წელიწადში ორჯერ. ანუ აგროვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიჰყავს ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში და ქალაქებში, რათა ურთიერთობა ჰქონდეთ უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან და გაეცნონ მათ პრობლემებს.

Bus Tour-ი ამჯერად ჯავახეთში გაიმართება. რეგიონმა ყურადღება მიიპყრო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სიმდიდრით.

შეხვედრები არაფორმალურ ფორმატში წარიმართება. განხილვის ძირითადი თემებია: განათლება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში სამოქალაქო მონაწილეობა, მოქალაქეობის პრობლემა, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რელიგიის თავისუფლება, რეგიონის ეკონომიკური გამოწვევები, ასევე ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი.