ხელისუფლება მხოლოდ დაეთანხმა უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენაზე რუსეთის გადაწყვეტილებას და გაფორმდა შეთანხმება, საქართველოს მთავრობის სახელით კი არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა.
ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.
„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე, გაგახსენებთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს ერთი. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი, რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის დადასტურება იმის, ფაქტის, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ კარგი ნაბიჯია, რადგან, რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია. ეს ჩუმად, ფარულად არ გაგვიკეთებია. ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და გავაფორმეთ შეთანხმება. ვთქვით, რომ მხოლოდ არანსაქცირებული კომპანიები, არასანქცირებული თვითმფრინავები და კომპანიები იფრენენ. არავითარი მოლაპარაკება. არავითარი მოლაპარაკებები მთავრობის სახელით არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სახელით არავის გაუმართავს ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხებზე.
„ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება, მგონი, აქ კითხვები ამოწურულია. ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ბევრი ქართველია, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და, ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ბიზნესსაქმიანობა აქვთ, პირდაპირი მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი. ჩვენც ვიყავით დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი, იაფი, ეკონომიური იქნება, კარგია. ეს ჩვენ არ დაგვიმალავს. ღიად ვაკეთებთ ყველაფერს, ამაში არის ჩვენი სიძლიერე“, – განაცხადა პრემიერმა.