ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ავრცელებენ.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, ჩამონგრეული ჭერი სკოლაში დასაქმებულს და ერთ მშობელს დაეცა.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა ჭერი, დაეცა ორ ადამიანს, პოლიციაც არის მოსული ადგილზე, დაეცა დამლაგებელს და ერთ-ერთ მშობელს. ეს სკოლა ძალიან დიდი ხანია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია, აქ დადის ორი საჯარო სკოლის მოსწავლე, მათ შორის ზემო ნატანების საჯარო სკოლიდან დადიან აქ, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელია იქ შეწყვეტილია სწავლის პროცესი. წესით უნდა დაწყებულიყო იქ რემონტი, მაგრამ როგორც ახლა მშობლებს გავესაუბრე არ არის დაწყებული.

მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აქ ორი სმენის ბავშვები დადიან, ახლაც, როდესაც ეს ჭერი ჩამოინგრა, მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რადგან მეორე სმენის ბავშვები, ანუ ზემო ნატანების ბავშვები 19:00 საათამდე არიან ამ სმენაში. კატასტროფული მდგომარეობაა, წყალი არ არის, საპირფარეშოშიც არ მიეწოდება. „ფეჩზე“ თბებიან, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე დგას პირდაპირ აქ. ასევე, „ფეჩის“ ღუმელები ვერაფერს შვება და ზამთარში ქურთუკებით სხედან ბავშვები გაკვეთილზე. დამლაგებელი, რომელსაც დაეცა ეს ჭერი, გადაყვანილია და საკმაოდ მძიმედ არის, ტვინის შერყევა აქვს.

მე რამდენიმე დღის წინ ნატანების საბავშვო ბაღზეც ვწერდი, რომელიც საერთოდ დახურული არის იქიდან გამომდინარე, რომ ჭერი გადახდილი აქვს, წყალი ჩავიდა შენობაში და ვერ ფუნქციონირებს, 90-მდე ბავშვი ვერ დადის. ნატანების სკოლაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე არიან ეს ბავშვები. მაჟორიტარი-დეპუტატი ჰყავს ნატანებს, საკრებულოში წარმომადგენელი, მერამდენეჯერ ვამბობ უკვე – ბატონი თამაზ ტუღუში და ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს მივმართავ, რომ თუ ეს ადამიანები ვერ გიბედავენ თქმას, ბავშვები არიან საფრთხის წინაშე, ორივე – ზემო და ქვემო ნატანების ორივე სოფლის სკოლის ბავშვები დადიან აქ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ. კეთილი ინებეთ და მიაქციეთ ამ ადამიანებს ყურადღება”, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა