გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
ECB-ის კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) გაზარდა, რაც თანხვედრაშია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან.
გადაწყვეტილების შედეგად, რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 4.50%-იან ნიშნულს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზეც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა.
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის თქმით, ქართულ ბანკებში არსებულ საკრედიტო პორტფელზე ევროკავშირში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჯერ სრულად არ ასახულა, მაგრამ მიმდინარე წლის ბოლომდე უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება.
„საპროცენტო განაკვეთები როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში ჯერ კიდევ მზარდია და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ტენდენცია გაგრძელდება. გლობალურად მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა კიდევ გამკაცრდეს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართულ ბაზარსაც გადმოეცემა და სავალუტო სესხები საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ გაძვირდება.
გარკვეულ სტაბილიზაციას და შემცირებას მხოლოდ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის უნდა ველოდეთ, როდესაც Fed-ი და ECB განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ. იქამდე კი საქართველოში უცხოური ვალუტის სესხებზე გაზრდილი განაკვეთები შენარჩუნდება“, – ამბობს ლაშა ქავთარაძე.