განათლების და მეცნიერების მინისტრ, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სასწავლო პროგრამაში, მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილებები იგეგმება. როგორც მინისტრმა განმარტა, მაღალ კლასებში სავარაუდოდ, მოსწავლეებს, მიმართულების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
„უახლოეს მომავალში ძალიან დიდ შინაარსობრივ ცვლილებებს ვგეგმავთ სასწავლო პროგრამაში, რომელიც განსაკუთრებით შეეხება მეცხრე, მეათე, მეთერთმეთე, მეთორმეტე კლასებს, ანუ ზოგადი საფეხურის ნაწილს, სადაც გვინდა არჩევითობა შევთავაზოთ ბავშვებს კონკრეტული ინტერესების მიხედვით. ანუ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ მიმართულება, რომელიც მათ აინტერესებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ საბუნებისმეტყველო მიმართულებას აირჩევთ და ქართულ ენას აღარ ისწავლით.
გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად ჩავთვალოთ ზოგად განათლებაში, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, რომ ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს უკვე ჰქონდეს ერთი კონკრეტული პროფესია. თავისი ანაზღაურებით დასაქმებით და შემდგომ უკვე გადაწყვიტოს და თუ სურვილი აქვს გააგრძელოს სწავლა უმაღლეს განათლებაში, ან დარჩეს პროფესიულ განათლებაში“, – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.