ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ირაკლი იზორიას განცხადებით, შესაძლოა, ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.
როგორც ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა, იმის გამო, რომ მძღოლს თანხა არ აქვს, მკურნალობის ხარჯები გადაიხადოს, ვიღაც არ უნდა კვდებოდეს.
„გარკვეული პროექტები შეიქმნა, თუმცა შუა გზაზე ჩერდებოდა, საბოლოოდ მიღებული არ იყო. ასოცირების შეთანხმება იმ დირექტივებს ითვალისწინებს, რომელიც აუცილებელია, საქართველოშიც იყოს იმპლიმენტირებული. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არ არსებობს. საქართველო გამონაკლისი იყო. ეს, რა თქმა უნდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან ცუდი იყო. როდესაც საგზაო შემთხვევები ხდება, მონაწილეები ხშირ შემთხვევაში ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები არიან. სადაზღვევო კომპანიების მიერ საგზაო შემთხვევების დროს ანაზღაურება არ ხდებოდა.
ძალიან ბევრი ინციდენტი იყო, ხშირად ბრალეული მხარე ვერ მტკიცდებოდა. ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. იმის გამო, რომ მძღოლს თანხა არ აქვს, მკურნალობის ხარჯები გადაიხადოს, ვიღაც არ უნდა კვდებოდეს და ზიანდებოდეს. ამიტომ, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დააზღვიოს.
დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რომ ამ ადამიანებს ყურადღება ბოლომდე მიაქციონ. ეს ინიციატივა კარგია. კანონპროექტი ჯერ შეტანილი არაა, როცა საქართველოს მთავრობა საშემოდგომო სესიებზე დააყენებს და ოფიციალურად იქნება გაგზავნილი, ამ პროცესს სამოქალაქო ორგანიზაციები დავესწრებით“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ.
გარდა ამისა, აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, შესაძლოა, ზამთარში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იყოს.
„რაც შეეხება კიდევ ერთ კანონს, რომელიც ეხება ზამთრის საბურავებს, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს. იყო შემთხვევები, როდესაც მაღალმთიან რეგიონში ვერ ადიოდნენ ავტომობილები, ამის გამო ჩახერგილი იყო მაღალმთიანი რეგიონები. საპატრულო პოლიციის მიერ ხდებოდა საგზაო მოძრაობის წესების გაკონტროლება. თუ ავტომობილს აქვს ზამთრის საბურავი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, პატრული დაუშვებს კონკრეტულ ტერიტორიაზე. თუ ასე არ იქნება ავტომობილი გამართული, პატრულს კანონმდებლობით ექნება უფლება, რომ ნება არ დართოს ავტომობილს გზა გააგრძელოს“,- აღნიშნა ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.