2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით გაიზარდა და 48 მლრდ ლარი შეადგინა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8%-ით მეტია.
ბიზნესის მოცულობის მიხედვით, ამ პერიოდისთვის სექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8% მსხვილ ბიზნესზე, 15.2% – საშუალოზე, ხოლო 21% – მცირე ბიზნესზე მოდის. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 45.2%, საშუალოზე – 23%, ხოლო მცირე ბიზნესზე კი 31.8% მოდის.
2023 წლის II კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების
მთლიანმა ყიდვებმა 26.2 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა –
16.4 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტი) შეადგინა.
რაც შეეხება ბიზნესსექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელს, 2023 წლის II კვარტალში კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 6.1%-ით 737.7 ათას კაცამდე გაიზარდა. აქედან 42.9% ქალია, ხოლო 57.1% – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3% მსხვილ ბიზნესზე, 20.8% – საშუალოზე, ხოლო 35.9% – მცირე ბიზნესზე მოდის. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 700.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე წლიურად 25.6%-ით 4 მილიარდ 104 მილიონ ლარამდე გაიზარდა.