11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რეფორმის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), აღნიშნული კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების კიდევ უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.
„სასერტიფიკაციო გამოცდების განხორციელების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. მათ შორის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უზრუნველყოფილი იქნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მსურველებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაებარებინათ გამოცდა. შემუშავდა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები, რომლებიც გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯერ კიდევ 25 მაისიდან იყო საჯარო და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მას როგორც ცესკო-ს, ისე სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე“, – აღნიშნავენ ცესკო-ში.
გამოცდები ორ ეტაპად, სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. შესაბამისად, მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარება სექტემბერში სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან ამავე პერიოდში მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი. ოქტომბერში გასამართ გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა კი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration.cec.gov.ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო. უშუალოდ გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან ხუთი წლის ვადით. გამოცდების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის ვადებში გაივლიან აკრედიტაციას აღნიშნული საქმიანობისთვის. გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე.
„საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გარდა, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ასევე განახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებას“, – აღნიშნავენ ცესკო-ში.